ისტორიაპოლიტიკასაქართველო

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო: რომი და საქართველო – პომპეუსის ლაშქრობა

ძველი წელთაღრიცხვის 65 წელს რომის სახელმწიფომ აზიაში გაბატონებისათვის ომები წამოიწყო. „ეს მხარე (ამიერკავკასია) უეჭველად იქცევდა რომაელთა ყურადღებას შორეულ აღმოსავლეთთან (ჩინეთთან, ინდოეთთან, შუა აზიასთან) სავაჭრო-სატრანზიტო გზად გამოყენების შესაძლებლობის თვალსაზრისითაც“, – ამბობენ ისტორიკოსები. 20 საუკუნეზე მეტია საქართველოს ბედი თუ ბედისწერა უცვლელია – მსოფლიოს გეოსტრატეგიული ინტერესები ისევ საქართველოზე გადის.

ძვ. წ. 66 წელს რომაელმა სარდალმა პომპეუსმა სომხეთის დედაქალაქ არტაშატის აღების შემდეგ მტკვრისკენ წაიწია, აქ დაამარცხა ალბანელები და 65 წლის გაზაფხულზე იბერიაში შეიჭრა. იბერთა ლაშქარი ბრძოლაში დამარცხდა (ბერძენი ისტორიკოსის პლუტარქეს ცნობით, ბრძოლის ველზე დაეცა 9 ათასი ქართველი, ხოლო 10 ათასი ტყვედ ჩავარდა). იბერიის დამორჩილების შემდეგ პომპეუსი გადავიდა კოლხეთში და ჩავიდა ფაზისამდე (ახლა – ფოთი), სადაც მას რომაელთა ფლოტი ელოდებოდა. პომპეუსის ლაშქრობის შედეგად საქართველოში რომაელების გავლენა დამყარდა.

სოციალური ქსელის მომხმარებელი Nino Natroshvili „საქართველოს ისტორიის ნარკვევებიდან“ საინტერესო ფრაგმენტს აზიარებს და გვახსენებს, რომ „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“.

„ძველი წელთაღრიცხვის 64 წელი
…ამის შემდეგ პომპეუსის დღის წესრიგში ალბანეთის, იბერიისა და კოლხეთის დალაშქვრა დადგა. ამას მარტო მითრიდატეს დევნა, მის მოკავშირეთა დასჯა ან რომის სამფლობელოების უბრალო გაფართოება როდი ჰქონდა მიზნად. როგორც ჩანს, ამიერკავკასიის ქვეყნების მიმართ რომაელებს სხვა, უფრო სპეციფიკური ინტერესებიც ამოძრავებდათ. მათთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი ამიერკავკასიის, როგორც სტრატეგიული ბარიერის, მნიშვნელობა ჩრდილოეთის მომთაბარეთათვის კავკასიონის გზების ჩასაკეტად. ამის გარდა, ამიერკავკასია იყო მნიშვნელოვანესი არტერია ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთთან დასაკავშირებლად, რომელიც დიდად იზიდავდა რომაელებს, როგორც მონების მოპოვების ერთ-ერთი წყარო.

ეს მხარე უეჭველად იქცევდა რომაელთა ყურადღებას, აგრეთვე, შორეულ აღმოსავლეთთან (ჩინეთთან, ინდოეთთან, შუა აზიასთან) სავაჭრო-სატრანზიტო გზად გამოყენების შესაძლებლობის თვალსაზრისითაც. პლინიუსმა შემოგვინახა პომპეუისის ლაშქრობის მონაწილის მარკუს ტერენციუს ვარონის ცნობა იმის შესახებ, რომ პომპეუსის ლაშქრობის დროს ინდოეთიდან 7 დღეში შეიძლება ბაქტრიაში მოსვლა, აქედან მდ. ბაქტრით და მდ. ოქსით კასპიის ზღვაში და შემდეგ მდ. მტკვარში შემოსვლა, საიდანაც 5 დღეში ხმელეთით ინდოეთის საქონელი შეიძლება ფაზისში მოეტანათ. სიმპტომატურია, რომ პომპეუსი ამიერკავკასიაში ლაშქრობისას სწორედ ამ სავარაუდებელი სავაჭრო გზის მარშრუტით მოძრაობდა და ეს ალბათ შემთხვევითი არ იყო. მას აღნიშნული გზის შესწავლაც ექნებოდა ერთ-ერთ მიზნად. ასეთი გზის საჭიროება იმ დროს განსაკუთრებით ძლიერ იგრძნობოდა პართიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომლის ტერიტორიაც გადაჭიმული იყო ევფრატიდან ვიდრე ინდოეთის საზღვრებამდე და რომელსაც რომთან გართულების შემთხვევაში შეეძლო ჩაეკეტა ინდოეთიდან და ჩინეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმავალი სამხრეთის გზები.

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი 1, გვერდი 502-503

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close