რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

ადამიანი მაქციები – ფანტასტიკური ფაქტები სვანეთის ისტორიიდან

ვისაც მწერალ გოდერძი ჩოხელის „მგლები“ წაუკითხავს, ვფიქრობთ, ამ სტატიაში მოყვანილ ფაქტებს სხვა თვალით შეხედავს. ალბათ გახსოვთ, ჩოხელის „მგლებში“ როგორ გადმოდგებოდა ხოლმე შუაღამისას სოფელში, სახლის ბანზე ერთი დედაკაცი და როგორ საზარლად გაჰყმუოდა მგლებს, თითქოს რაღაცას ატყობინებსო. იმ ღამეს ან მეორე დღეს მგლები აუცილებლად დაეცემოდნენ ხოლმე ვინმეს საქონელს. ხალხმა იცოდა იმ ქალის ვინაობა, მაგრამ მისი ეშინოდათ. როცა ყმუოდა, მაშინ ვერ იჭერდნენ, დღისით კი ქალი ჩვეულებრივ გამოდიოდა ხოლმე ხალხში, წყლის დასალევად გაჰყავდა საქონელი, მზიან ამინდში კი სხვა დედაკაცებთან ერთად მყუდროში მიმჯდარი წინდებს ქსოვდა. ერთ მწყემსს ისიც კი დაუნახავს, როგორ გამოვიდა სოფლიდან თუნგაკიდებული ქალი, წყაროს გზა გაიარა, ქვემოთ ჩავიდა, თუნგი დადგა, მტვრიან მიწაზე გადაგორდ-გადმოგორდა და მგლად გადაიქცა. შემდეგ როგორ დააფრთხო ცხენი, რომელზეც ბავშვი იჯდა. ცხენი აქაფებულ მდინარეში გადაეშვა, მგელი კი შებრუნდა, აღმართი აიარა, ისევ იმ ადგილას გადაგორდ-გადმოგორდა და ფეხზე ქალად წამოდგა. კვლავ წამოიკიდა თუნგი, წყაროზე ავიდა, წყლით აავსო და სოფლისკენ გაემართა. ცხენზე მჯდარი ბავშვი დაიხრჩო, თუმცა სოფელმა წყალწაღებული ვერ იპოვნა. ეს ბავშვი კი იმ ქალის შვილი იყო, რომელმაც მგელქალაზე თქვა – კუდი აქვსო.

აღნიშნული ფაქტი მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფი ნუ გეგონებათ, რადგან ჩვენს უახლეს ისტორიაშიც უამრავი საინტერესო მაგალითი არსებობს, თუ როგორ გადაიქცევიან ხოლმე ასეთი ადამიანები ცხოველებად, განსაკუთრებით მგლად ან კატად. სვანეთში მათ „ჰურიებად“  და „გვეფებად“ მოიხსენიებენ. საერთოდ კი, ჯადოქრებსა და გრძნეულებს უწოდებენ. ჩვენ სწორედ სვანეთის სინამდვილიდან მოპოვებულ ინფორმაციებს გაგაცნობთ, რითაც ალბათ  კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ზოგჯერ მითური პერსონაჟების გასაოცარ თავგადასავლებს ნამდვილობის პრეტენზია არცთუ უსაფუძვლოდ აქვთ. ცნობილი ფაქტია, რომ ცალკეულ შემთხვევაში, სულს შეუძლია სხვა ცოცხალი არსების ფსიქიკის დაუფლება და მისი მართვა, მაგრამ ჰურიას მეტამორფოზი გაცილებით რთული მოვლენაა.

თვითმხილველების ცნობით, მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში კოდორის ხეობის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებს თანასოფლელები ეჭვის თვალით უყურებდნენ და „კუდიანი“ შეარქვეს, რაც ერთ მშვენიერ დღეს თვალნათლივ დადასტურდა კიდეც: ერთ-ერთ ოჯახში გარკვეული დროის განმავლობაში უცნაური ამბები ხდებოდა – ოჯახის წევრებს ღამე მაჯლაჯუნები აწუხებდათ, ბოსლიდან კი დამფრთხალი საქონლის ბღავილი ისმოდა. მეორე დღეს პირუტყვს კისერი და ჯიქნები სისხლით ჰქონდათ მოთხვრილი. ერთხელ ამ ოჯახში კატა დაიჭირეს და სასტიკად სცემეს. იფიქრეს, მკვდარიაო და გარეთ მოისროლეს. მეორე დღეს სისხლიანმა ნაფეხურებმა ცნობისმოყვარენი ეჭვმიტანილი ქალის სახლის კარამდე მიიყვანა. ქალი ლოგინში იწვა. ვერ ლაპარაკობდა და უხმოდ მიანიშნებდა დაბეგვილ სახსრებზე, ვითომ კიბიდან ჩამოვარდა… რამდენიმე კვირის შემდეგ აღნიშნული ისტორია კვლავ განმეორდა. კატას ამჯერადაც უმოწყალოდ სცემეს და გონწართმეულს თათი წააჭრეს. მეორე დღეს მოხუცი ქალი დასახიჩრებული და თითწაჭრილი საწოლში მწოლიარე ნახეს. იგი მალე გარდაიცვალა. მოწმეები იხსენებდნენ: პირფერული დატირებისას მიცვალებულის ვაჟსაც კი ვერ მოუთმენია და წამოუძახია, რომ დედამისი დატირების ღირსი არ იყო…

ცნობილია კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის დროსაც „ჰურიას“ მეტამორფოზი აშკარად დაფიქსირდა: ახალგაზრდა მამაკაცი დაკარგულ თხებს ეძებდა. მთვარიანი ღამე იყო. უცებ მან მდინარის ნაპირთან ქალი დაინახა, რომელსაც ხელში დოქი ეჭირა. მამაკაცმა ქალში „ჰურიობაში“ ეჭვმიტანილი მეზობელი სოფლის მკვიდრი შეიცნო. ქალმა ქვიშაზე წრე შემოხაზა, დოქი ძირს დადგა, გადაკოტრიალდა და… მგლად გადაიქცა. მეორე დღეს იმ ადგილებში დაგლეჯილი თხები იპოვეს. არანაკლებ საინტერესოა გასული საუკუნის დასაწყისში ბეჩოში მომხდარი ამბავი: ბეჩოს თემის მეპატრონეს ბექურბი დადეშქელიანს გლეხებმა შესჩივლეს, მგლები ფარას გვინადგურებენო.

ბექურბი დადეშქელიანი ახალგაზრდა, ენერგიული კაცი იყო. მას დროც ჰქონდა და მოთმინებაც ეყო, რომ „მგლები“ გამოეჭირა. აი, რა მოხდა: ერთ დღეს მდინარის ნაპირას ორი ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა. ისინი დები იყვნენ – ბეჩოს უკარება ლამაზმანები. ქალებმა ტანსაცმელი გაიძრეს, ქვიშაზე გადაკოტრიალდნენ, მგლებად გადაიქცნენ და ტყიან ფერდობს შეუყვნენ. ბექურბი ყველაფერ ამას საკმაოდ შორიდან უყურებდა, მაგრამ მოახერხა და ხელთ იგდო ქალების ტანსაცმელი, უკან მობრუნებულებს კი რევოლვერით ხელში წაადგა თავს. მათ ჩვეულებრივი „პროცედურა“ ვეღარ გაიარეს, თავი ძალადაკარგულად აღიარეს და ბექურბს პატიება სთხოვეს.

„ჰურიათა“ შესახებ უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ყოველთვის გაურკვეველი რჩება, თუ როგორ ხდება ეს „გარდასახვა“, თუმცა ყურადღებას იპყრობს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ყველა მონათხრობში დომინირებს მდინარე, ქვიშა და მასზე კოტრიალი. თუ ყოველივე ამას იმ ფაქტსაც დავუმატებთ, რომ ერთ-ერთ „ჰურიას“ თავზე მაშინ წაადგნენ, როცა სარდაფიდან ტაფაზე შემწვარი დაკეპილი გველი ამოჰქონდა, მაშინ უსაფუძვლოდ არ მოგვეჩვენება მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჯადოქრობის ინსტიტუტის ისტორიული ძირები შესაძლოა სატანისტური მოძღვრებიდან იღებდეს სათავეს. კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ მიერ დასახელებული „ჯადოქრები“ მათივე „ხელოვნების“ ინტელექტუალურ გააზრებას მოკლებულნი არიან. ისინი ჩვეულებრივი სოფლელი მეურნეები არიან, რომლებისთვისაც ადამიანური ურთიერთობები უცხო არ არის, მაგრამ ადამიანური სისუსტეების კარნახით – შური იქნება ეს, ამბიცია თუ გარკვეული ანტიპათიები – ისეთ მავნებლურ ქმედებებს ჩადიან, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. შურისძიებასა თუ ცდუნებას აყოლილნი, სიამოვნებით იყენებენ ჯადოქრულ უნარს, რომელიც შეიძლება არც კი იცოდნენ, საიდან მოდის.

თუ „ჰურიაში“ ვამპირი იღვიძებს, იგი აქცენტს მგელზე აკეთებს. მეზობელს გადამტერებული „ჰურია“ კი კატად გადაიქცევა ხოლმე, რომელიც ადამიანის საძინებელ ოთახში შედის და ამოჩემებულ პიროვნებას ზოგჯერ ყელშიც კი სწვდება.

მოკლედ, მსგავსი მოვლენები რომ არსებობს, ფაქტია, მაგრამ საკითხავია, როდის მოეძებნება მათ სათანადო ახსნა? ან მოეძებნება კი?!

თამარ ოთიაშვილი     

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close