ისტორიალიტერატურა/წიგნები

იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი „კრისტის“ აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა

„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს გადასცემს საჩუქრად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!“ – აღნიშნულია გრძელიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. 1,000 000 – 1,500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული. ბიძინა ივანიშვილმა მასში მილიონ 250 ათას ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

აუქციონზე გატანილი ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ წიგნი პალიმფსესტია, ანუ თავდაპირველ ტექსტზე მოგვიანებით სხვა ტექსტია დატანილი. ძველი ნაწერი დასავლური არამეული დიალექტია, რომელზეც ქრისტიანები V-XII საუკუნეებში პალესტინასა და ტრანსიორდანიაში ლაპარაკობდნენ. ეს დიალექტი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერში შემორჩა. იოანე-ზოსიმეს აღნიშნული ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.

უკვე X საუკუნეში იმავე ფურცლებზე ქართული ტექსტია გადაწერილი ხუცური ანბანით. წიგნის ფორმატი 200Х150 მილიმეტრია და 70 გვერდს შეიცავს.

პალიმფსესტი გადაწერილია 979 წელს, რაზეც ერთ-ერთ გვერდზე თავად გადამწერი – ცნობილი კალიგრაფი, ავტორი, მთარგმნელი და წიგნის ამკინძველი იოანე-ზოსიმე მიუთითებს.

ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია სინას მთის კოლექციიდან (V-VII სს.) იოანე-ზოსიმეს არამეულ და ქართულ ენებზე შესრულებული ხელნაწერის  საქართველოში დაბრუნებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა არ მომხდარა.

„არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა! საქართველოს განუმეორებელი იოანე ზოსიმე უბრუნდება! დიახ უბრუნდება, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორია ისე წარიმართა, რომ დღემდე ზოსიმეს არცერთი ხელნაწერი არ გაგვაჩნდა, ეს ის იოანე ზოსიმეა რომელმაც „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ დაწერა… „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.“…ვულოცავ სრულიად საქართველოს, ვულოცავ ჩვენს ნეტარ ხსენებულ წინაპრებს, ვულოცავ ჩვენს დიდებულ მომავალ თაობას… აფერუმ იმ ვაჟკაცობას რომლითაც ეს შედევრი მრავალტანჯულ საქართველოს დაუბრუნდა! ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს ყველაზე ბედნიერი იქნებოდა, რადგან სწორედ მან ამოიკითხა ზოსიმეს გენიალურ სიტყვებში ქართველი ერის სულიერი მისია: „და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან“, – წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.

იოანე ზოსიმე მთელი ცხოვრება საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწეობდა, ჯერ პალესტინაში, საბაწმინდას მონასტერში, შემდეგ კი – ეგვიპტეში, სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. სწორედ მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში იყო შემონახული ეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი.

ის წლების განმავლობაში ცნობილი ფრანგი კოლექციონერისა და ბიბლიოფილის, მარტინ შოიენის სახელგანთქმული კოლექციის ნაწილი იყო.

აუქციონზე უნიკალური ხელნაწერი წიგნი მეოთხე ლოტად იყო გამოტანილი და საწყის ფასად 850 000 გირვანქა სტერლინგი დასახელდა. წიგნი აუქციონის დაწყებიდან მალევე გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ იოანე ზოსიმეს ეკუთვნის ძველი ქართული თეოსოფიური მწერლობის ძეგლი „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ამ ტექსტის ოთხი ხელნაწერი არსებობს, თუმცა საქართველოში არცერთი არ არის – სამი მათგანი სინას მთაზე, მეოთხე კი პეტერბურგში, ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close