მსოფლიოსაზოგადოება

რატომ აშენებენ მსოფლიო მილიარდერები ბუნკერებს და რა აუცილებელი ნივთებით უნდა შეავსოთ თქვენი მარაგი კატასტროფისგან გადასარჩენად

„განკითხვის დღისთვის მომზადება“ მდიდარი ადამიანების ერთგვარ ჰობიდ განიხილებოდა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს პარანოიაშიც კი გადაეზარდა, მაგრამ ჩვეულებრივმა ამერიკელებმა 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის აპრილამდე პირველადი მოხმარების და გადასარჩენი ნივთების შესაძენად 11 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ აშშ-ის მოსახლეობის მესამედი გრძნობს საფრთხის მოახლოებას, რომლის მოსამზადებლადაც მათ საკმაოდ ცოტა რესურსი აქვთ. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები კი ასობით მილიონ დოლარს ხარჯავენ მიწისქვეშა ნაგებობების მოწყობასა და კერძო კუნძულების შეძენისთვის.

გასული წლის ბოლოს გაირკვა ისიც, რომ მარკ ცუკერბერგმა 51 მილიონ დოლარად იყიდა 2000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც ბუნკერის მოწყობას გეგმავს.

2022 წელს კი ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე ადგილობრივმა სათემო საბჭომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ერთ-ერთ მილიარდერს, რომელსაც სურდა, რომ ისტორიულად დაცული ტბის, ვანაკას გვერდით საკმაოდ დიდი მოცულობის ბუნკერი გაეჭრა, რადგან ეს არსებითად დააკარგვინებდა ბუნებრივ ლანდშაფტს მის ხელშეუხებელ მომხიბვლელობასა და ბუნებრივობას. ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი ზელანდია დიდი პოპულარობით სარგებლობს მილიარდერთა შორის.

რუსეთ-უკრაინის ომმა სამყაროს დასასრულის ღრმა შიში გააჩინა, ვინაიდან კრემლის ყველა განცხადებაში შეიმჩნევა ფარული მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ეს შეშფოთება კიდევ უფრო გამძაფრდა ისრაელ-პალესტინის ომის დაწყების შემდეგ.

შეშფოთება ყველაზე მეტად Gen-Z-ის თაობაში გამოიხატება. 1997 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანები ყველაზე მეტად ემზადებიან კატასტროფისთვის. Finder-ის კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 40%-მა განაცხადა, რომ მათ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხები დახარჯეს სხვადასხვა გაჯეტის თუ პროდუქტების შეძენისთვის.

PayPal-ის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა რეიდ ჰოფმანმა The NewYorker-ს განუცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ჩუმად ცდილობენ,  ახალ ზელანდიაში რაც შეიძლება მეტი ტერიტორია შეიძინონ. მეტიც, ჰოფმანის თქმით, ახალ ზელანდიაში სახლის ყიდვა ერთგვარი ეტიკეტია, რომელიც თვალის ჩაკვრასა და გაჩუმებას ნიშნავს.

„ამაზონის დამფუძნებელმა“ ჯეფ ბეზოსმა ინდიან კრიკზე არა ერთი, არამედ ორი კერძო საკუთრება სულ რაღაც 150 მილიონ დოლარად შეიძინა.

ახლა კი წარმოგიდგენთ Daily Mail-ის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელიც მოიცავს ისეთი საბუნკერო მარაგის შექმნას, რომლითაც ოთხსულიანი ოჯახი (ორი ზრდასრული და ორი ბავშვი) გადარჩება:

  • წყლის მომარაგება, მინიმუმ 3 ლიტრი თითო ადამიანზე, სულ 300 ლიტრამდე;
  • არაფუჭებადი საკვები, მაგალითად, დაკონსერვებული ბოსტნეული, ხილი, ლობიო, ხორცი, ასევე მშრალი საკვები ბრინჯის, მაკარონისა და მარცვლეულის სახით, დეჰიდრატირებული საკვები და ენერგიის მომცემი საკვები თხილეულის სახით;
  • ბავშვებისთვის აუცილებელი საკვები;
  • პირველადი დახმარების ნაკრები, აუცილებელ მედიკამენტებთან ერთად;
  • ჰიგიენური საშუალებები – კბილის პასტა, ჯაგრისი, საპონი, შამპუნი, ქალის ჰიგიენის საშუალებები და ტუალეტის ქაღალდი;
  • სამზარეულოსთვის განკუთვნილი ჭურჭელი;
  • განათება, ბატარეით მომუშავე ან ხელით მომუშავე ფანრები, დამატებითი ფანრები; მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენები და პორტატიული რადიო ახალი ამბების განახლებისთვის;
  • ტანსაცმელი და თეთრეული, ამინდის შესაბამისი ტანისამოსი, მყარი ფეხსაცმელი, საბნები და საძილე ტომრები;
  • გასართობი და კომფორტისთვის განკუთვნილი ნივთები, წიგნები, თამაშები, ბარათები, რომლებიც სტრესის შემცირებასა და მართვაში დაგეხმარებათ;
  • აუცილებელი ინსტრუმენტები, წებოვანი ლენტი, მაკრატელი, სასტვენი, ცეცხლმაქრი;
  • საკომუნიკაციო მოწყობილობები, ბატარეით მომუშავე ან ხელით მომუშავე რადიო, სატელიტური ტელეფონი;
  • მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სადაზღვეო პოლისები, სამედიცინო ჩანაწერები;
  • სანიტარული მოწყობილობები, იგივე ნაგვის ტომრები, სადეზინფექციო საშუალებები და ზოგ შემთხვევაში, თუ ბუნკერს არ აქვს სანიტარიული საშუალებები, პორტატიული ტუალეტიც.

გახსოვდეთ, რომ თითოეული ოჯახის საჭიროებები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, ამიტომ ეს სია თქვენს კონკრეტულ მოთხოვნებს მოარგეთ.

bpn.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close