გაგიგონიათ ქალაქი ორპირი?
ჟურნალისტი და ფილოლოგი ნანული ცხვედიანი კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს და კიდევ ერთხელ ისტორიაში სამოგზაუროდ გვიწვევს.
„დიახ, არსებობდა ასეთი ძველი სავაჭრო-სანავსადგურო ქალაქი, რომელიც მდინარე რიონის ორივე ნაპირზე, ცხენისწყლის შესართავთან იყო გაშენებული (მარანსა და საჯავახოს შორის).
საინტერესოა, რომ ორპირის მარჯვენა ნაწილი სენაკის მაზრას ეკუთვნოდა, მარცხენა – ქუთაისის მაზრას.
მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ორპირი გადაიქცა სამდინარო და სახმელეთო მიმოსვლის უმნიშვნელოვანეს პუნქტად დასავლეთ საქართველოში. იგი ფოთიდან მდინარე რიონზე გემთმიმოსვლის საბოლოო ნავმისადგომი იყო და უდიდეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა.
1858 – 1872 წლებში აქ ფოთიდან კვირაში ორჯერ ამოდიოდა ორთქლის გემები: „აკერმანი“,„თავადი ბარიატინსკი“, „გოლუბჩიკი“, „ნოვოსელსკი“, „ნადეჟდა“, „სესტრიცა“ და სხვები.
ორპირამდე მოემართებოდა რუსეთის, საზღვარგარეთის ქვეყნების გემები, მასთან – მრავალი ქარავანი. 1859 წელს აქ გაიხსნა „გოსშტრაზერის და კომპ. აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა, რომელიც, ჟურნალ „გუთნისდედას“ შეფასებით (1862,#2), ამიერკავკასიაში სანიმუშო სახელოსნოდ ითვლებოდა, უმეტესად იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს აბრეშუმის პარკს ამუშავებდა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დასავლეთ საქართველოში მეაბრეშუმეობის გავრცელებას.
ორპირი უმთავრესი სავაჭრო ცენტრი იყო იმერეთის, გურიისა და სამეგრელოსათვის. აქ ვაჭრები ყოველი მხრიდან მოდიოდნენ, რასაც „დიდი შარა“(ორპირის შარა) ხელს უწყობდა: კარგი გზის საშუალებით მყიდველთ უფრო უხერხდებოდათ ორპირში წასვლა და ვაჭრობა.
საქართველოში რკინიგზის მშენებლობის დროს ორპირმა დიდი როლი შეასრულა – აქ ხდებოდა სამშენებლო მასალის გადმოტვირთვა, მაგრამ სწორედ რკინიგზამ შეარყია მისი ძლიერებაც და ბოლოს სრულიად დააუძლურა.
მას შემდეგ, რაც 1883 წელს სამტრედია-ბათუმის რკინიგზა გაიყვანეს და უახლოეს მომავალში თავად მიქელაძეების მამულში დაბა სამტრედია აღმოცენდა, ორპირი დაცარიელდა.
ამას ზედ დაერთო ისიც, რომ ადიდებულმა მდინარე რიონმა ორპირელ მოვაჭრეებს ერთიანად წაართვა ადგილი, სადაც საბაზრო ნაგებობები იყო გაშენებული. ორპირელები სამტრედიელ მოვაჭრეებს შეუერთდნენ. ქალაქ ორპირის სახელი კი მალე დავიწყებას მიეცა (ამ თემაზე წლების წინათ მესაუბრა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორი, პროფესორი მიხეილ ნიკოლეიშვილი. უფრო დაწვრილებით წაიკითხავთ მის წიგნში „დასავლეთ საქართველოს ქალაქების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სარკინიგზო მშენებლობის ისტორიისათვის“ (1994წ.).
ნანული ცხვედიანი
კომენტარები