მსოფლიოეკონომიკა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. კერძოდ, ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის, Eurostat-ის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2.6% შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა 2 თვის – მარტის და აპრილის მაჩვენებლებზე. ამასთან, 3,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (6,1%).

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (Core CPI), რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს არ ითვალისწინებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.9%-ს შეადგენს, ნაცვლად წინა თვეში დაფიქსირებული 2.7%-ისა.

ფასების ზრდას ყველაზე მეტად გეოპოლიტიკური დაძაბულობა იწვევს. სულ უფრო რთული ხდება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების პროგნოზირება. სუეცის არხის გავლით მიწოდების შეფერხებამ კი ტრანსპორტირების ხარჯები გაზარდა.

ეს, თავისთავად, გადამწყვეტი ფაქტორი არ არის ფასებისთვის, მაგრამ ინფლაციაზე მაინც იმოქმედებს, თუ ევროპაში საქონლის მიწოდებას დიდი დრო დასჭირდება და ბაზარზე დეფიციტი შეიქმნება.

აღსანიშნავია, რომ ევროზონაში წლიური ინფლაციის ზრდის ფონზე  საბერძნეთში წლიური ინფლაცია საგრძნობლად შემცირდა და მიმდინარე წლის მაისში 2,3% შეადგინა, რაც 0,9%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე (3,2%) და 1,8%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან – მაისთან შედარებით, როდესაც  წლიური ინფლაცია 4,1% იყო.

წლიური ინფლაცია მკვეთრად შემცირდა იტალიაშიც, სადაც სამომხმარებლო ფასების ზრდის მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში 0,8% შეადგინა, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 8,0% იყო.

რაც შეეხება ევროზონის ქვეყნებს, სადაც ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებლებია, სურათი ასე გამოიყურება: ბელგია, ისევე როგორც აპრილში, მაისშიც ევროზონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლით გამოირჩევა, რომელიც მაისშიც 4,9%-ის ნიშნულზე დარჩა; მას მოსდევს ხორვატია 4,3%-ით, შემდეგ პირენეს ნახევარკუნძულის ორი ქვეყანა – პორტუგალია (3,9%) და ესპანეთი (3,8%). ამასთან, სამომხმარებლო ფასები ყველაზე ნაკლებად გაიზარდა ლატვიაში (0,2%), ფინეთსა (0,5%) და ლიტვაში (0,8%), აგრეთვე, როგორც აღვნიშნეთ, იტალიაში (0,8%).

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close