Au Pair-ის პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში ბავშვის მომვლელის ამპლუაში 14 ათასი ახალგაზრდა მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტებში მკაფიოდ არის განსაზღვრული მასპინძელი ოჯახებისა და ძიძების ვალდებულებები და უფლებები, წესები ხშირად ირღვევა. რა უნდა იცოდნენ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
ერთი შეხედვით, ახალგაზრდებისთვის ძალიან მაცდური წინადადებაა, წავიდეს გერმანიაში, ბავშვების მოვლის პარალელურად გერმანული ენის ცოდნა გაიუმჯობესოს, ახალ ქვეყანას, კულტურასა და ხალხს გაეცნოს, ამასთანავე, დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯები გადადგას. ამ ეტაპის გავლის შემდეგ კი შეუძლია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზეც იფიქროს. ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია საერთაშორისო პროგრამა Au Pair-ის წყალობით. აღნიშნული ინიციატივა მრავალი ათეული წელია არსებობს და მასპინძელი ოჯახებისა თუ ძიძების უფლებები და მოვალეობები ხელშეკრულებით მკაფიოდ არის განსაზღვრული.
Au Pair-ის მთავარი ამოცანაა ბავშვზე ზრუნვა: კვება და ჩაცმა, სკოლიდან ან საბავშვო ბაღიდან გამოყვანა, გაკვეთილების მომზადებაში დახმარება, ოთახის დალაგება, თამაში და გასეირნება. თუმცა სულ უფრო ხშირად ხდება, რომ მასპინძელი ოჯახები თავიანთ უფლებამოსილებას აჭარბებენ და ძიძებს აიძულებენ, შეასრულონ ისეთი დამატებითი სამუშაო, რაც ხელშეკრულებით საერთოდ არ არის გათვალისწინებული. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა გოგონა ბრაზილიიდან, რომელიც Au Pair-ის პროგრამით მუშაობდა. მან გადაწყვიტა არ გაჩუმებულიყო და DW-ს განუცხადა, თუ როგორ წარიმართა მისი ყოველდღიური ცხოვრება რამდენიმე გერმანულ ოჯახში. ამავდროულად, მან თავის გამოცდილებას „თანამედროვე მონობა“ უწოდა და ძიძების ექსპლუატაციის ამ პრაქტიკის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
Au Pair-ი თუ „თანამედროვე მონობა“?
ბრაზილიელი ანა და სილვას (მისი სახელი შეცვლილია) საქმე ისე ნამდვილად არ წავიდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. გოგონა გერმანიაში გასული წლის ბოლოს ჩავიდა და ახლა უკვე საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რა არ უნდა მოხდეს, როდესაც პიროვნება Au Pair-ის პროგრამის ფარგლებში ოჯახში მუშაობს. როგორც მან DW-ს განუცხადა, უფრო მეტი დავალების შესრულება და შეთანხმებით გათვალისწინებულ დროზე (კვირაში 30 საათი) მეტი დროით მუშაობა უწევდა. მისი თქმით, ის უფრო დამლაგებლად მუშაობდა, ვიდრე ძიძად. ამავე დროს, მისი საკვები მკაცრად იყო განსაზღვრული და ხშირად მხოლოდ პურის ნაჭერი ერგებოდა. როდესაც ბრაზილიელმა გოგონამ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით დამსაქმებელთან დაიჩივლა, ის სასტიკად დააშინეს და სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ანა და სილვა იმ პირობებს, რომელშიც ის მუშაობდა, „თანამედროვე მონობას“ ადარებს: „მე ხუთ ოჯახში მომიწია ცხოვრება და ყველა ერთმანეთზე უარესი იყო. გერმანიის სახელმწიფოს წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ამ სეგმენტთან მიმართებით. ეს სრული სიგიჟეა!“
სწორედ ამიტომ გოგონამ გადაწყვიტა თავისი ამბავი გაესაჯაროებინა, რათა გაეფრთხილებინა ახალგაზრდები, რომ ექსპლუატაცია არსებობს ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც გერმანიაა. „ეს უნდა შეწყდეს!“ – ამბობს ანა. მან DW-ს შესაბამისი ფოტოები და ტექსტური მასალა გადასცა. სამწუხარო ის არის, რომ ეს არ ყოფილა მასპინძელი ოჯახების მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა – მსგავსი ისტორიები პრესაში ისევ და ისევ ჩნდება.
როგორ რეაგირებენ Au Pair სააგენტოები ძიძების საჩივრებზე?
Au Pair-ის პროგრამის ფარგლებში მომუშავე ერთ-ერთმა ონლაინ სააგენტომ ანას პრეტენზიებზე კომენტარი გააკეთა. „ეს სრულად მიუღებელია და არღვევს პირობებს, რომლებსაც ყველა ოჯახი და Au Pair-ი ეთანხმება პლატფორმაზე რეგისტრაციისას“, – ნათქვამია DW-ს მიერ მოთხოვნილ წერილობით პასუხში. „ეს არის ისტორია, რომელსაც ძიძები ხშირად გვიყვებიან, მაგრამ ის რეალობის მხოლოდ ნაწილს ასახავს. როდესაც ახალგაზრდები საზღვარგარეთ Au Pairs-ის სახით მიდიან, იძენენ ახალ უნარებს, იცნობენ სხვა ქვეყანას“, – წერია განცხადებაში.
ის ფაქტი, რომ ოჯახებსა და Au Pair-ებს შორის დადებული შეთანხმებები ხშირად არ სრულდება, ცნობილია და ძალიან შემაშფოთებელია კორდულა ვალტერ-ბოლჰოფერისთვის. ის არის ასოციაციის თანამშრომელი, რომელიც Au Pair სააგენტოების მუშაობას აკონტროლებს – Die Gütegemeinschaft Au-pair. ეს ორგანიზაცია გერმანიის 100-ზე მეტი Au Pair სააგენტოდან 30-ს მოიცავს. მათ თავად სურთ, რომ მათი საქმიანობა ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს და შესაბამისი ექსპერტების მიერ რეგულარულად მოწმდებოდეს. ვინც დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს, ე.წ. RAL ხარისხის ნიშანი აქვს მინიჭებული. ვალტერ-ბოლჰოფერის თქმით, ასოციაციის წევრი სააგენტოები ყოველთვის მტკიცედ იცავენ წესს, რომლის მიხედვითაც ძიძების სამუშაო საათების ძირითადი აქცენტი ბავშვზე ზრუნვაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „Au Pair-ი არ უნდა გახდეს იაფი მუშახელი ოჯახში“, – აცხადებენ სააგენტოში.
სწორედ ამიტომ, Au Pair სააგენტოს შერჩევისას ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო!
ექსპერტები თვლიან, რომ ბაზარზე არაკეთილსინდისიერი სააგენტოების (რომელთათვისაც მოგება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე Au Pairs-ის კეთილდღეობა მასპინძელ ოჯახში) არსებობა, უმეტესწილად, 20 წლის წინ გერმანიაში მიღებული გადაწყვეტილებით არის განპირობებული. კერძოდ, 2002 წლიდან Au Pair სააგენტოდ მუშაობისთვის საკმარისი გახდა მხოლოდ კერძო მოვაჭრის ლიცენზია, ამ სფეროში მუშაობის სპეციალური ნებართვის მოპოვების აუცილებლობა კი გაუქმდა.
გარდა ამისა, ახალგაზრდების უმეტესობა (უცოდინარობის ან ფინანსური მიზეზების გამო, რადგან Au Pair სააგენტოების მომსახურება ფასიანია), ერთი შეხედვით, უფრო მარტივ გზას ირჩევს: ისინი მასპინძელ ოჯახს დამოუკიდებლად, ინტერნეტის საშუალებით, ეძებენ. სამწუხაროდ, ეს ხშირად პრობლემებით მთავრდება.
„როდესაც სოციალურ ქსელებში ხედავენ მოღიმარი ოჯახების ფოტოებს საყვარელი ბავშვებით, ფიქრობენ, რომ ეს სიმართლეა“, – წუხს ვალტერ-ბოლჰოფერი. შემდეგ კი, როდესაც პრობლემები წარმოიქმნება, აღმოჩნდება, რომ ძიძებს უბრალოდ არავინ ჰყავთ ისეთი, ვისაც დახმარებისთვის მიმართავენ. ეს ეხება როგორც უშუალოდ ინტერნეტით დადებულ კონტრაქტებს,ისე იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერი სააგენტოების მეშვეობით არის გაფორმებული.
რა უნდა იცოდეთ Au Pair პროგრამის შესახებ?
2022 წელს, Au Pair პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში სამუშაო ყველაზე მეტი ვიზა კოლუმბიაში, ინდონეზიასა და ყირგიზეთში გაიცა. ბავშვის მომვლელებად ოჯახებში მუშაობა შეუძლიათ 18-დან 27-წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც გერმანულად A1 დონეზე საუბრობენ. ამ პროგრამაში მონაწილეობის ვადა ექვსი თვიდან ერთ წლამდეა შეზღუდული. ძიძების მოვალეობებში არასრულწლოვანი ბავშვების მოვლაში დახმარება შედის. სამუშაო საათები კი კვირაში 30 საათს მოიცავს. თავისუფალ დროს, სურვილის შემთხვევაში, Au Pair-ს შეუძლია გერმანული ენის კურსებს დაესწროს. მასპინძელი მშობლები ძიძებს საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფენ. ამასთანავე, ისინი იხდიან თვეში დაახლოებით 70 ევროს ენის შემსწავლელი კურსებისთვის, ამას ემატება სწავლების ადგილამდე ტრანსპორტირების ხარჯები. გარდა ამისა, მასპინძელი ოჯახი ვალდებულია, დამხმარეს ყოველთვიურად ჯიბის ფული – 280 ევრო გადაუხადოს და ძიძას დასვენების დღე ყოველკვირეულად გამოუყოს.
ბავშვზე ზრუნვა შეიძლება მოიცავდეს ბავშვების ტანსაცმლის რეცხვასა და დახარისხებას, მისი ოთახის დასუფთავებასა და საწოლის დალაგებას. Au Pairs-ს შეიძლება დამატებით დაევალოს მსუბუქი საშინაო საქმეები: ჭურჭლის რეცხვა ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩატვირთვა, იატაკის მოწმენდა ან მტვერსასრუტით დასუფთავება, ნაგვის გადაყრა, ზოგჯერ შინაური ცხოველების გამოკვებაც. ეს რთული დავალებები ნამდვილად არ არის. შეთანხმების თანახმად, Au Pair-ს არ მოეთხოვება ფანჯრების, ღუმელების, მანქანების, ხალიჩებისა თუ სველი წერტილების გაწმენდა, სახლის საფუძვლიანი დალაგება ან მებაღეობა, ცხოველების მოვლა, ოჯახის ყველა წევრის საწოლების გასწორება და მათი ნივთების დაუთოება.
Au Pair-ის პროგრამაში ჩართული ორივე მხარის უფლება-მოვალეობები მკაფიოდ არის განსაზღვრული და დაფიქსირებული კონტრაქტებში. მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა, მათ ყოველთვის არ იცავენ. ამიტომაც მათ, ვისაც სურს წავიდეს გერმანულ ოჯახში სამუშაოდ Au Pair-ის პროგრამით, სპეციალისტები ურჩევენ, ოჯახის მაძიებელი სააგენტოს შერჩევისას დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ და მიიღონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან – მაგალითად, ისეთი ვებგვერდიდან, როგორიც არის გერმანიის დასაქმების სააგენტო.
imedinews.ge
კომენტარები