ტესტები

ტესტი: შეამოწმეთ თქვენი ერუდიცია

თავიდანვე გეტყვით – კითხვები სხვადასხვა სფეროდანაა და ტესტი ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ საკუთარი ცოდნის შემოწმებასთან ერთად საინტერესო ინფორმაციებსაც გაეცნობით, ასე რომ, დაიწყეთ! ჩაინიშნეთ თქვენი პასუხები და ნახეთ შედეგი.

1. რა ერქვა აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკს თავიდან?

ა. ნიუ-ამსტერდამი

ბ. ნიუ-მადრიდი

გ. ნიუ-კასლი

დ. ნიუ-იორკშირი

 

2. რომელ ქვეყანაში მდებარეობს გერმანელი ფილოსოფოსის – იმანუელ კანტის საფლავი?

ა. დიდ ბრიტანეთში

ბ. ავსტრიაში

გ. რუსეთში

დ. გერმანიაში

 

3. ვინ არის ავტორი ნაწარმოებისა „ცხოვრება იდიოტისა“?

ა. ჰაინრიხ მანი

ბ. ფიოდორ დოსტოევსკი

გ. აკუტაგავა რიუნოსკე

დ. უილიამ ფოლკნერი

 

4. ვის ეკუთვნის სიტყვები: „მადა ჭამაში მოდის“?

ა. ლუარსაბ თათქარიძეს

ბ. ივან კრილოვს

გ. ქართული ანდაზაა

დ. ფრანსუა რაბლეს

 

5. ვინ აღმოაჩინა პენიცილინი?

ა. ალექსანდრ ფლემინგმა

ბ. ლუი პასტერმა

გ. ივან პავლოვმა

დ. ავიცენამ

 

6. რომელია მხუთავი გაზის ქიმიური ფორმულა?

ა. CO

ბ. CO2

გ. COF2

დ. COS

 

7. სად მოხდა „კარტოფილის ამბოხება“?

ა. ჩილეში

ბ. ესპანეთში

გ. საფრანგეთში

დ. რუსეთში

 

8. „ამქვეყნად არსებობს უამრავი რამ, რის გამოც მოვკვდები და არაფერი, რის გამოც მოვკლავ“ – ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?

ა. მაჰათმა განდის

ბ. მარტინ ლუთერ კინგს

გ. ილია ჭავჭავაძეს

დ. დედა ტერეზას

 

9. ვის ეკუთვნის სიტყვები? – „იქ, სადაც წიგნებს წვავენ, ოდესმე ადამიანებსაც დაწვავენ“.

ა. ჯორჯ ბაირონს

ბ. ჰაინრიხ ჰაინეს

გ. რეი ბრედბერის

დ. მიხეილ ჯავახიშვილს

 

10. რომელი ტაძრის კედელზეა შემორჩენილი შოთა რუსთაველის ერთადერთი პორტრეტული გამოსახულება (ფრესკა)?

ა. გელათის ტაძრის სვეტზე

ბ. საფარის მონასტერში

გ. ვარძიის სამონასტრო კომპლექსში

დ. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

ნახეთ სწორი პასუხები:

  1. – ტერიტორიაზე, სადაც დღეს ქალაქი ნიუ-იორკია განფენილი, ევროპელების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე ინდიელთა ტომები (მანაჰატოუ და კანარსი) ცხოვრობდნენ. ევროპული დასახლებები აქ 1624 წელს გაჩნდა, 1625 წელს კი მანჰეტენის სამხრეთ ნაწილის ადგილას დაარსდა ჰოლანდიური დასახლება ნიუ-ამსტერდამი (ნიდერლ. Nieuw Amsterdam). 1664 წელს ქალაქი ინგლისელებმა დაიპყრეს, რომლებსაც გუბერნატორმა სტეივესანტმა წინააღმდეგობა არ გაუწია, რის შემდეგაც მას სახელი გადაარქვეს და უწოდეს ნიუ-იორკი (ინგ. – ახალი იორკი), ქალაქის დაპყრობის ინიციატორის, იორკის ჰერცოგის პატივსაცემად. მეორე ანგლო-ნიდერლანდური ომის (1667 წ.) შედეგად ჰოლანდიელებმა ნიუ-იორკი ოფიციალურად გადასცეს ინგლისელებს სურინამის კოლონიის სანაცვლოდ.
  2. იმანუელ კანტი (გერმ. Immanuel Kant) – გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი, დაიბადა 1724 წლის 22 აპრილს ქალაქ კიონიგსბერგში. იგი თავის მშობლიურ ქალაქშივე გარდაიცვალა 1804 წლის 12 თებერვალს და დაკრძალულია ქალაქ კიონიგსბერგში (დღევანდელი კალინინგრადი). გერმანული ქალაქი კიონიგსბერგი 1255 წელს დაარსდა. 1945 წელს საბჭოთა ჯარმა ქალაქის ოკუპაცია მოახდინა, 1946 წელს მას კალინინგრადი ეწოდა. ამჟამად კალინინგრადი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია. კანტის საფლავი კალინინგრადის საკათედრო ტაძარშია.
  3. – 1927 წლის 24 ივლისს, გამთენიისას იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა აკუტაგავა რიუნოსკემ ვერონალის სასიკვდილო დოზა მიიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი მხოლოდ 35 წლის იყო. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1927 წლის ივნისში მან დაწერა მოთხრობა „ცხოვრება იდიოტისა“, რომელიც მისი შემოქმედების მწვერვალად იქცა. მოთხრობა აკუტაგავამ თავის მეგობარს დაუტოვა და სამუდამოდ დაემშვიდობა შემდეგი წარწერით: „ალბათ არცერთი თვითმკვლელი ბოლომდე დარწმუნებული არ არის მოტივში, რის გამოც თავს იკლავს“. აკუტაგავას ესთეტიზმის მიხედვით, იგი ხელოვნებისა და ცხოვრების დაპირისპირებისას უპირატესობას ყოველთვის ხელოვნებას ანიჭებს („ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს“ – „ცხოვრება იდიოტისა“).
  4.  „მადა ჭამაში მოდის, წყურვილი კი დალევისას ქრება“ (ფრანგ. L’appétit vient en mangeant, le soif s’en va en buvant“ [ლ’აპპეტი ვიეⁿ აⁿ მაⁿჟაⁿ, ლე სუაფ ს’აⁿ ვა აⁿ ბიუვაⁿ] – გამოთქმა რენესანსის ეპოქის ფრანგი ჰუმანისტი მწერლისა და ექიმის, ფრანსუა რაბლეს (1494-1553) რომანიდან „გარგანტუა“ (1534 წ., თავი მე-5, ხაზი 108-ე).
  5. – პირველი ანტიბიოტიკი – პენიცილინი 1928 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრ ფლემინგმა (Alexander Fleming), რომელმაც ის ობის სოკოდან გამოყო; მანვე აღმოაჩინა (1922 წელს) პირველად ლიზოციმი – ანტიბაქტერიული ფერმენტი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს. სუფთა სახით პენიცილინის მიღება ფლემინგს გაუჭირდა, მისი შრომები ჰოვარდ ფლორიმ და ერნსტ ბორის ჩეინმა გააგრძელეს. პენიცილინის მასობრივი წარმოება მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო. ამ აღმოჩენისთვის ფლემინგმა, ფლორიმ და ჩეინმა 1945 წელს ნობელის პრემია მიიღეს მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში. 1999 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ პენიცილინის აღმოჩენისთვის ფლემინგი მე-20 საუკუნის 100 ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს შორის დაასახელა.
  6. – CO – ნახშირჟანგი, მხუთავი გაზი – უსუნო, უფერო განსაკუთრებით ტოქსიკური გაზი, რომელიც ჰაერზე მსუბუქია (ჩვეულებრივ პირობებში). ნახშირჟანგის ტოქსიკური მოქმედება გამოწვეულია კარბოქსიჰემოგლობინის წარმოქმნით, რომელიც ჟანგბადის ტრანსპორტირებისა და უჯრედული სუნთქვის ბლოკირებას ახდენს. ჰაერში მხუთავი გაზის 0,1%-ზე მეტი კონცენტრაცია იწვევს ადამიანის სიკვდილს ერთი საათის განმავლობაში.
  7. – „კარტოფილის ამბოხების (ბუნტი)“ სახელით არის ცნობილი გლეხების მასობრივი გამოსვლები 1834 და 1840-1844 წლებში რუსეთში. მხოლოდ ჩრდილოეთის გუბერნიებში ამბოხების მონაწილეთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებდა. საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია იმან, რომ მინისტრ კისელიოვის ინიციატივით, გლეხებს კარტოფილის მასობრივად დათესვას აიძულებდნენ საკვებად გამოყენებისათვის. საქმე ისაა, რომ კარტოფილის ტუბერები სინათლეზე შენახვის შემთხვევაში მწვანდება, რაც სოლანინის ჭარბ შემცველობაზე მიანიშნებს. სოლანინი ალკალოიდის ერთ-ერთი სახეობაა. ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრისას ამ ნივთიერებას შეუძლია მოწამვლა გამოიწვიოს. გლეხებს კარტოფილის სწორი შენახვის და გამოყენების თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ, ამიტომ ადამიანები იღუპებოდნენ, რამაც საერთო პროტესტი გამოიწვია. ამბოხებები სამთავრობო ჯარების მეშვეობით ჩაახშეს.
  8. მაჰათმა განდის. ინდოელი ადვოკატის, პოლიტიკოსის, სამოქალაქო აქტივისტის და მწერლის, ოჰანდას კარამჩანდ განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არაძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი კი ინდოელმა ხალხმა ერის მამად და „დიად სულად“ (Mahatma) აღიარა. განდიმ 1948 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა, როგორც ერის სულიერმა წინამძღოლმა. მას „მაჰათმა“ ნობელის პრემიის ლაურეატმა (1913 წელს მიენიჭა ლიტერატურის დარგში) რაბინდრანათ თაგორმა უწოდა.
  9. – „იქ, სადაც წიგნებს წვავენ, ოდესმე ადამიანებსაც დაწვავენ“, – წერდა გერმანელი პოეტი ჰაინრიხ ჰაინე ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთი საუკუნით ადრე და თითქოს მომავალს ჭვრეტდაო, სწორედ მისი წიგნები დაწვეს ნაცისტებმა ერთ-ერთ პირველივე ბაკქანალიაზე სხვა „არასუფთა გერმანული სისხლის მქონე“ ან „გერმანიის მოღალატე ავტორების“, მათ შორის, ზიგმუნდ ფროიდის, ჰაინრიხ მანის, ბერტოლდ ბრეხტის, ალბერტ აინშტაინის, ჰერმან ჰესეს და კიდევ მრავალთა წიგნებთან ერთად.
  1. – იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, მთავარ ტაძარში, სვეტზე შემონახულია შოთა რუსთაველის ფრესკული პორტრეტი (XII-XIII საუკუნეების მიჯნა). „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი ქართველი საერო დიდებულის სამოსშია გამოსახული – ყარყუმის ბეწვის საყელოიანი მეწამული მანტია აქვს მოსხმული, თავზე თეთრი ბეწვის, შავით გაწყობილი ქართული ქუდი ახურავს და ხელაპყრობილი დგას მაქსიმე აღმსარებლისა და იოანე დამასკელის წინაშე. წარწერის მიხედვით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს რუსთაველის ავტოპორტრეტია. ფრესკა 2004 წელს უცნობებმა ვანდალურად დააზიანეს, ამჟამად აღდგენილია.

შეაჯამეთ თქვენი სწორი პასუხები და ნახეთ შეფასება:

0-2 სწორი პასუხი:  ფეისბუქის პოსტების თვალიერებას და ტიკ-ტოკის ვიდეოების ყურებას ჯობია მეტი იკითხოთ და გონებაც ავარჯიშოთ.

3-5 სწორი პასუხი: ცუდი შედეგი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ტესტი საკმაოდ რთულია.

6-8 სწორი პასუხი: ყოჩაღ, ეტყობა, კითხვა და თვალსაწიერის გაფართოება გიყვართ და მეხსიერებაც კარგი გაქვთ!

9-10 სწორი პასუხი: ბრწყინვალე შედეგია, როგორც ჩანს, ყოველმხრივ განათლებული ადამიანი ხართ! ალცჰაიმერის დაავადება თქვენ არ გემუქრებათ!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close