სპორტი

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა და ევროტურნირებზე არ ითამაშებს

„ნაპოლიმ“ სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურის ძალზე პრინციპული შეხვედრა შინ, მარადონას სახელობის სტადიონზე გამართა „ლეჩესთან“, შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულა, მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და ევროთასებზე გასვლის შანსი ხელიდან გაუშვა. 

ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა, თუმცა მეორე ტაიმში აქტიურობის მიუხედავად „ლეჩეს“ კარში ბურთი ვერ გაიტანა.

ვიქტორ ოსიმენი კალცონამ თამაშში მეორე ტაიმის 21-ე წუთიდან ჩართო, თუმცა ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვერაფრით გამოიჩინა თავი.

სტუმრების რამდენიმე შეტევაც უგოლოდ დასრულდა და მატჩის საბოლოო ანგარიში 0:0 დაფიქსირდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2023-2024 წლის სეზონში 33 მატჩში ითამაშა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ოსიმენმა სულ 15 გოლი გაიტანა, რაც 11-ით ნაკლებია გასული სეზონის მაჩვენებელზე.

„ნაპოლიმ“ 38 შეხვედრაში 53 ქულა დააგროვა და ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, ნეაპოლელები, ბოლო 10 წელიწადში პირველად, ევროტურნირებზე არ ითამაშებენ.

ჩემპიონი წელს „ინტერი“ გახდა 94 ქულით, მეორე ადგილზეც მილანური კლუბია – „მილანი“ (75 ქულა), მესამე ადგილზე გასული გუნდი კი 2 ივნისს გაირკვევა, როდესაც „ატალანტა“ „ფიორენტინასთან“ გამოტოვებულ 29-ე ტურის მატჩს გამართავს. თუ „ატალანტა“ მოიგებს, 72 ქულას დააგროვებს და ამ დროისთვის მესამე ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ ერთი ქულით გადაუსწრებს, სხვა შემთხვევაში მესამე ადგილზე „იუვენტუსი“ დარჩება 71 ქულით.

გასული სეზონის ჩემპიონის – „ნაპოლის“, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ სახარბიელო შედეგი ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მწვრთნელის ფაქტორი იყო – ლუჩანო სპალეტის წასვლის შემდეგ „ნაპოლიმ“ 3 მწვრთნელი გამოიცვალა: ჯერ იყო ფრანგი სპეციალისტი რუდი გარსია, შემდეგ – იტალიელი ვალტერ მაძარი, რომელმაც გუნდს ვერაფერი მოუტანა და ბოლოს ფრანჩესკო კალცონა, რომელიც პარალელურად სლოვაკეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ნაკრებთან 2025 წლამდე აქვს კონტრაქტი. იგი „ნაპოლის“ ტოვებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ მწვრთნელთან გააფორმებს კონტრაქტს ნეაპოლური კლუბი მომავალი სეზონისთვის და ასევე ისიც, დარჩება თუ არა გუნდში ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2027 წელს იწურება.

ახლა კვარა საქართველოში ჩამოვა და ჩვენს ნაკრებს შეუერთდება ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 14 ივნისს დაიწყება გერმანიაში. საქართველოს ნაკრები F ჯგუფშია და პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთის ნაკრებთან გამართავს. ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩში „ჯვაროსნები“ 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს შეხვდებიან, ბოლოს კი, 26 ივნისს – პორტუგალიას.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close