მოგზაურობამსოფლიოეკონომიკა

11 ივნისიდან შენგენის ზონის ვიზები ძვირდება

შენგენის ზონის ვიზები ძვირდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 22 მაისს გამოქვეყნდა. ევროკომისია სავიზო მოსაკრებლების გაზრდის მიზეზად ინფლაციასა და მომსახურე პერსონალის ანაზღაურების ზრდას ასახელებს.

„ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 12,5%-ით გაზარდოს მოკლევადიანი შენგენის ვიზის (C ტიპის ვიზა) ღირებულება. ახალი ვიზა უფროსებისთვის 90 ევრო ეღირება, ხოლო 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 45 ევრო“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

მოქმედი დოკუმენტის თანახმად, ზრდასრული პირებისთვის ვიზის ღირებულება ამ დროისთვის 80 ევროა, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი – 40 ევრო.

თუ ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტს, რომ მესამე ქვეყანასთან რეადმისიასთან დაკავშირებით თანამშრომლობა არასაკმარისია, მაშინ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის ღირებულება 120/160 ევროდან 135 ევრო/180 ევრომდე გაიზრდება. ეს დებულება არ შეეხება 12 წლამდე მოზარდებს.

ევროკავშირის კომისიას ევალება, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ შეაფასოს, საჭიროა თუ არა სავიზო მოსაკრებლების გადახედვა ისეთი „ობიექტური კრიტერიუმების“ გათვალისწინებით, როგორიცაა ევროკავშირის ინფლაციის მაჩვენებელი და საჯარო მოხელეთა საშუალო ხელფასი.

სავიზო მოსაკრებლების ცვლილების შესახებ რეგულაცია ძალაში შედის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს, შესაბამისად, შენგენის ზონის ვიზები 11 ივნისიდან გაძვირდება.

ამასთან, ევროკომისიის აზრით, გაძვირების მიუხედავად შენგენის ზონაში სავიზო მოსაკრებლები „მაინც შედარებით დაბალია“, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მაგ., აშშ-ის ვიზა 185 ევრო ან 172 ევრო ღირს; დიდი ბრიტანეთის ვიზა – 115 ფუნტი სტერლინგი (134 ევრო); კანადის ვიზა – 100 კანადური დოლარი პლუს 85 კანადური დოლარი ბიომეტრიისთვის (125 ევრო); ავსტრალიის ვიზა – 190 ავსტრალიური დოლარი (117 ევრო).

ევროკომისიის მონაცემებით, გასულ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შენგენის ვიზის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობამ მთლიანობაში 10.3 მლნ  შეადგინა, რაც 37%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. ყველაზე ხშირად შენგენის ვიზას ჩინეთის მოქალაქეები ითხოვდნენ (1.1 მლნ განაცხადი).

შეგახსენებთ, რომ შენგენის ზონაში 29 სახელმწიფო შედის – ბოლოს შენგენის ზონას ბულგარეთი და რუმინეთი მიუერთდნენ 2024 წლის 31 მარტს, თუმცა ნაწილობრივ.

2017 წლის 28 მარტიდან, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, შენგენის ზონაში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის (90 დღე 180-დღიან პერიოდში) ვიზა არ სჭირდებათ – მათ შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ შენგენის ზონის ქვეყნებში, მათ შორის,  ისეთებშიც, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან – ესენია: ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია.

ნანა ძნელაძე

ამავე თემაზე: 13-წლიანი ლოდინის შემდეგ რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ, თუმცა ნაწილობრივ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close