რამ გამოიწვია საბერძნეთში ფასების ზრდა – მიზეზი პრემიერმა მიცოტაკისმა ევროკომისიის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში დაასახელა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ევროკავშირს მოუწოდებს, ფასების შემცირებაზე იმუშაოს, რაც, მისივე თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევაა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ცხოვრების ხარისხის ვარდნა მილიონობით ევროპელს აღაშფოთებს და, როგორც მოსალოდნელია, 6-9 ივნისს დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელშიც 720 კანონმდებელი უნდა აირჩიონ, ძირითადი პარტიების მხარდაჭერას შეამცირებს.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც 18 მაისითაა დათარიღებული, საბერძნეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ ინფლაციამ გამოააშკარავა ბაზრების ფუნქციონირების პრობლემები, რომლებიც ევროკავშირის 27 ქვეყანაში პირველადი საჭიროების პროდუქტის ფასებში განსხვავებებს იწვევს.
როგორც მიცოტაკისი აღნიშნავს, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში, როგორიცაა: ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, დანია და სლოვაკეთი – ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ წარმოებული პირველადი საჭიროების საქონელი „უსაფუძვლოდ მაღალ ფასებში“ იყიდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით. მისი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბაზრებზე პროდუქტების მიწოდების ტერიტორიული შეზღუდვების დაწესებაა იმისათვის, რომ თავიანთი დომინანტური მდგომარეობით ისარგებლონ.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროკავშირმა უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია „სწრაფად, მტკიცედ და ეფექტიანად ჩაერიოს“ მსგავსი პრობლემების აღმოფხვრაში. იგი ევროკავშირის კონკურენციის კანონმდებლობის გამკაცრების მოწოდებით გამოდის.
„ბოლოდროინდელმა ინფლაციურმა კრიზისმა ევროპელი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია და ნათლად გამოაჩინა, ერთი მხრივ, ზოგიერთი დიდი მრავალეროვნული კომპანიის ასიმეტრიული ძალაუფლება, მეორე მხრივ კი, ჩვენი კავშირის გამოუყენებელი კოლექტიური ძალაუფლება“, – აღნიშნა კირიაკოს მიცოტაკისმა.
საცხოვრებელი ხარჯების ზრდის კრიზისი ინფლაციის გლობალური ზრდითაა გამოწვეული, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ენერგორესურსების გაძვირებამ გაამწვავა. ევროსტატის მონაცემებით, 2023 წელს საბერძნეთი ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით მეორე ადგილზე იყო.
მიცოტაკისმა სთავაზობს ევროკომისიას, ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა შეწყვიტონ იდენტური სამომხმარებლო პროდუქციის სხვადასხვა ბრენდის ნიშნით გაყიდვა ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში და გამკაცრდეს ევროკავშირის კანონმდებლობა კონკურენციის შესახებ.
მან ასევე განაცხადა, რომ უნდა აიკრძალოს არასამართლიანი კომერციული პრაქტიკა მიმწოდებლებისა და საცალო მოვაჭრეების ურთიერთობებში და მოიხსნას ენობრივი შეზღუდვები ძირითადი სამომხმარებლო საქონლის ეტიკეტებზე.
ნანა ძნელაძე
კომენტარები