„ჩემი სახლი იტალიაშიც არის“ – როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლი (ვიდეო)
იტალიის საფეხბურთო კლუბმა „ნაპოლიმ“ ინსტაგრამზე ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა.
„ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის. ამ ქალაქში ფეხბურთით ცხოვრობენ. ისინი ბედნიერები არიან, როცა ფეხბურთს უყურებენ. ეს ისეთი განსხვავებული რამაა, რასაც სხვაგან ვერ ნახავ. გულშემატკივრები ძალიან კარგად მექცევიან. მათ ვუყვარვარ, ეს ძალიან სასიამოვნოა, ისეთი მადლობელი ვარ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ვიდეოში.
View this post on Instagram
როგორც გაირკვა, ეს პატარა ფრაგმენტი იმ გადაცემის ანონსი იყო, რომელიც სერია A-ს ოფიციალურმა არხმა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა.
10-წუთიან ფილმში ხვიჩამ მთელი თავისი ცხოვრება ჩაატია – თბილისის ქუჩებიდან ნეაპოლის ქუჩაბანდებამდე. ინტერვიუში იგი თავისი კარიერის დასაწყისს იხსენებს, თავის საფეხბურთო სტილს ხსნის და ამბობს, რომ ნეაპოლში ბედნიერია.
„ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, ეს ჩემი ცხოვრებაა. მეგობრებთან ერთად ყოველთვის ვთამაშობდი ეზოში და ვარჯიშის შემდეგაც. პირველი ნაბიჯები ქუჩის ფეხბურთში გადავდგი და სწორედ იქ გავიზარდე. ვფიქრობ, ამას დღეს ჩემს სათამაშო სტილში ამჩნევთ.
ქუჩაში ბურთს უამრავჯერ ეხები და ამ დროს მისი ტარება ყველას ძალიან მოსწონს. ახლაც, როცა სტანდარტულ მოედნებზე გავდივარ და დიდ სტადიონებზე ვთამაშობ, ვცდილობ, ისე ვითამაშო, როგორც ქუჩაში, რადგან სწორედ იქ გამზარდეს, როგორც ფეხბურთელი.
თამაში რვა წლის ასაკში კარგ აკადემიაში დავიწყე, შემდეგ 11 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ ცნობილ აკადემიაში გადავედი. იქ ხუთი წელი გავატარე. ეს შესანიშნავი აკადემიაა, არიან შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებსაც ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. იქ ვცხოვრობდი და კლუბში ყველა ძალიან მეხმარებოდა.
როცა ბავშვი ვიყავი, სერია A-ს ხშირად ვუყურებდი. ვიცოდი, რომ იტალიელი მცველები მსოფლიოში საუკეთესოები არიან, საქართველოში თუ იტალიურ ფეხბურთზე საუბრობ, მაშინვე დიდი მცველები გახსენდება.
მარადონა? ის იყო ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში. სიგიჟეა, როდესაც მას მადარებენ. ცხადია, ამით კმაყოფილი ვარ. როცა ხარ გუნდში, სადაც მარადონა თამაშობდა, ეს უდიდესი სიამოვნებაა. აქ მოსვლამდე მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარადონა მსოფლიოში საუკეთესო იყო“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
კომენტარები