ხვიჩა კვარაცხელია საგოლე პასით დაბრუნდა – „ნაპოლიმ“ „მონცას“ მოუგო და ევროზონას მიუახლოვდა (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელია მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, „ნაპოლი“ კი სერია A-ში „მონცას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.
იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. ხვიჩამ პირველ ტაიმში სცადა გატანა, მაგრამ მცველები გადაეფარნენ და მისი დარტყმა დაბლოკეს.
„მონცა“ მე-9 წუთზე ბოსნიელი თავდამსხმელის, მილან ჯურიჩის გოლით დაწინაურდა. „ნაპოლის“ მე-40 წუთზე ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცა – ვიქტორ ოსიმენმა მეკარესთან იბრძოლა, ბურთი კვარაცხელიასთან მივიდა, მაგრამ მისი დარტყმა მიკელე დი გრეგორიომ მოიგერია და მასპინძლები გადაარჩინა.
მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ თამაში შემოატრიალა. 55-ე წუთზე ოსიმენი მაღლა ახტა და შესანიშნავი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ორ წუთში მატეო პოლიტანომ ნეაპოლელები დააწინაურა, ხოლო 61-ე წუთზე კვარაცხელიას ასისტით პიოტრ ჟელინსკიმ სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
მართალია, ანდრეა კოლპანიმ (62) სხვაობა შეამცირა, თუმცა ჯაკომო რასპადორიმ (68) „ნაპოლის“ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ნაპოლიმ“ სერია A-ში გამართული 31 ტურის შემდეგ 48 ქულა დააგროვა და ევროზონასთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა, ხოლო ჩემპიონთა ლიგამდე 10 ქულა აშორებს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მერაბ მამულაშვილი
1tv.ge
კომენტარები