მგლების და ძაღლების ჰიბრიდი მთელ ევროპაში ვრცელდება
იმ მომენტიდან, როცა რეინჯერებმა მონიტორებზე ის პირველად დაინახეს, პრობლემა სააშკარაოზე გამოვიდა. მგელი, რომელიც პიემონტში, იტალიური გრან- ბოსკოს პარკის ტყეში კამერებმა დააფიქსირეს, ნაცრისფერი კი არ იყო, როგორც მისი თანმხლები ამხანაგი, არამედ უჩვეულოდ ფერმკრთალად გამოიყურებოდა. შეფერილობა აშკარად მიუთითებდა, რომ ის არა მგელი, არამედ მგელთან ნაჯვარი ძაღლის ნაშიერი იყო. ექსპერტები და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასეთ ჰიბრიდებს შეუძლიათ თავდაპირველი, „ნამდვილი“ ველური მგლები თანდათან ჩაანაცვლონ.
„ჩვენ გვეგონა, რომ ის (ჰიბრიდი) გაქრებოდა. სამწუხაროდ, მან იპოვა მდედრი“, – განუცხადა ჰიბრიდის შესახებ „გარდიანს“ პარკის რეინჯერმა, ელიზა რამასმა. ნაჯვარი ცხოველის აღმოჩენა ხაზს უსვამს შემაშფოთებელ ტენდენციას: მაშინ, როცა მგლების პოპულაციამ ევროპაში, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, გაჯანსაღება დაიწყო, ამასთან ერთად, ჰიბრიდების რაოდენობაც იზრდება. თუ ისინი გავრცელდებიან, „ჩვეულებრივ“ ველურ მგლებს გადაშენება ემუქრებათ.
ჰიბრიდებს უკვე ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შეხვდებით, ზოგიერთ რეგიონში კი მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. მაგალითად, ტოსკანაში ისინი უკვე მგლების პოპულაციის 70 პროცენტზე მეტს შეადგენენ. მათ გავრცელებას ხელს უწყობს მგლების ბუნებრივი ჰაბიტატის განადგურება და ადამიანის საქმიანობა. აქედან გამომდინარე, შინაური და მაწანწალა ძაღლები სულ უფრო ხშირად შედიან კონტაქტში გარეული მგლების ხროვასთან. „ზოგიერთ ადგილას უკვე თითქმის მხოლოდ ჰიბრიდებია, – ამბობს მგლების ექსპერტი, ლუიჯი ბოიტანი, – ასეთ შემთხვევებში, არაფერი ვერაფერს იზამ, ყველას ვერ ამოხოცავ“.
ჰიბრიდული მგლები უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ვიდრე სუფთა ჯიშისანი
შეჯვარება არაპროგნოზირებადია, ამბობენ გარემოს დამცველები. ამან შეიძლება ადამიანებთან უფრო ხშირი კონფლიქტები გამოიწვიოს, სუფთა ჯიშის მგლები თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნოს და მათი შთამომავლობის სიცოცხლისუნარიანობა შეამციროს. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ შეჯვარება ამ ცხოველების გამორჩეული მახასიათებლების საბოლოო გაქრობას გამოიწვევს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ჰიბრიდები „ადამიანის შეცდომაა“. ისინი ხშირად მაწანწალა ძაღლების იმ მარტოხელა მგლებთან შერევის შედეგად ჩნდებიან, რომელთა ხროვა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ბრაკონიერების მიერ განადგურდა. „ჩვენ ვაჩქარებთ პროცესს, რომელიც შეიძლება ბუნებრივადაც მომხდარიყო“, – ამბობს ვალერია სალვატორი, რომელიც ჰიბრიდიზაციის შესახებ პირველ საერთო ევროპულ კვლევას ხელმძღვანელობდა. „ეს გლობალურ დათბობას ჰგავს. ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს ზემოქმედება შევამსუბუქოთ“, – ამბობს ის.
დოკუმენტური ფილმი ადასტურებს, რომ მგლები ადამიანსა და ბუნებას შორის არსებულ მარადიულ კონფლიქტს ამწვავებენ, მაგრამ შესაფერისი გამოსავალი ექსპერტებმა ჯერ ვერ გამონახეს. ზოგი ჰიბრიდების სრულ განადგურებას უჭერს მხარს, ზოგი კი ამ ამ აღრევაში გარკვეულ უპირატესობებსაც კი ეძებს. „დღევანდელ სამყაროში, სადაც ადამიანები დომინირებენ, ძაღლების ზოგიერთი ჩვევა მგლებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს… რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ამ შეჯვარებამ, ჩვენ რეალური წარმოდგენა არ გვაქვს“, – ამბობს სლოვენიელი მკვლევარი, მიხა კროფელი.
ერთ-ერთი ჰიბრიდისთვის კისერზე გაკეთებული საყელურის წყალობით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჰიბრიდების ხროვა „ნამდვილი“ მგლებივით იქცეოდა. „ჩვენ გვეშინოდა, რომ ჰიბრიდი უფრო ძაღლივით მოიქცეოდა და ადამიანებთან და საცხოვრებელთან დაახლოებას შეეცდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა“ – ამბობს ელზა რამასი. ამიტომ, პრობლემის მოსაგვარებლად, მეცნიერებსა და მთლიანად საზოგადოებას შორის გარკვეული კონსენსუსი იქნება საჭირო. „ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ სიმამაცე და გადავწყვიტოთ, რისი შენარჩუნება გვინდა, – მიიჩნევს სალვატორი, – მგლების შენარჩუნება გვსურს? თუ იმ არსებების, რომლებიც გარემოზე ადამიანის ზეწოლის შედეგად მგლებისგან წარმოიშვნენ?”.
კომენტარები