ჯანმრთელობარჩევები

რომელი ოთახის მცენარე ჯობია გქონდეთ სახლში და რატომ

გასული საუკუნის 90-იან წლებში „ნასამ“ და ამერიკელმა ლანდშაფტის სპეციალისტებმა კოსმოსურ ობიექტებზე ჰაერის გასუფთავების გზები შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ოთახის მცენარე შესანიშნავად ფილტრავს ჰაერს, განსაკუთრებით – ოთახში. ამავე დროს, ისინი დადებითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

საინტერესოა, რომელი მცენარეები უნდა გვქონდეს სახლში, რომ თვალსაც უხაროდეს და ჩვენს ჯანმრთელობასაც ვარგოთ?

ალბათ, უპირველეს ყოვლისა, სამზარეულოზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, სადაც  შეგვიძლია ჩრდილამტანი და ნაკლებად ჭირვეული მცენარე – სურო განვათავსოთ. მისი მრავალგვარი დეკორატიული სახეობა არსებობს და ზოგიერთი მათგანი საოცარი სილამაზით გამოირჩევა. მისი განთავსება ფანჯრიდან შორსაც შეიძლება. ხოლო თუ წვრილ თოკებს გაუბამთ, სურო იმ შემთხვევაშიც კი განშტოვდება, თუ ძალიან მცირე ზომის ქოთანშია ჩარგული. ამ მცენარეს არც ხშირი მორწყვა სჭირდება და ტემპერატურის ცვალებადობასაც მშვენივრად უძლებს. სურო 8-10 გრადუსზეც კარგად გრძნობს თავს და, რაც მთავარია, მოზრდილი სურო თქვენს სამზარეულოში გამწოვის ფუნქციასაც შეასრულებს, რადგან მისი ფოთლები ანაორთქლისა და სახეხი თუ სარეცხი ფხვნილების, სხვადასხვა ქიმიური საშუალების სუნებს გაანეიტრალებენ. სურო ჰაერს წმენდს ნიკოტინისგანაც. ყველა ამ სიკეთესთან ერთად ეს მცენარე ხშირად ადამიანს ალერგიულ რეაქციას უხსნის, ასთმიანებს კი სუნთქვას უადვილებს.

არანაკლებ სასარგებლო მცენარეებია ფილადენდრონი და ქლოროფიტუმი. ისინი მართლაც დაამშვენებენ თქვენს სამზარეულოს და ჟანგბადის წყაროს ფუნქციასაც შეასრულებენ.

ზემოხსენებულ მცენარეებს არც როზმარინი ჩამორჩება. სამზარეულოს ფანჯრის რაფა იდეალური ადგილია მის მოსაშენებლად. ოთახში როზმარინის მოშენება შესანიშნავად მოქმედებს ადამიანის სასიცოცხლო ტონუსზე. მის მიერ გამოყოფილი ნივთიერებები აყუჩებს თავის ტკივილს, აცხრობენ ასთმურ შეტევებს. პატარა ბინისთვის ორი-სამი ძირი მცენარე სრულიად საკმარისია.

ბუნების მშვენიერი ქმნილებების შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, როცა მათი განთავსება საძინებელ ოთახში გვსურს. ამ ადგილას მცენარეების მინიმალური რაოდენობაა საჭირო. მათი სურნელი კი მსუბუქი, შეუმჩნეველი უნდა იყოს. მაგალითად, უძველესი წყაროები საწოლი ოთახისთვის ეგრეთ წოდებული ბებიების ყვავილს, პელარგონიას  (გერანთა ოჯახიდან, მას ბალბასაც უწოდებენ) გვთავაზობენ. იგი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ძილს უფრო ღრმასა და მშვიდს ხდის, მის მშვენიერ ფოთლებს კი დამახასიათებელი არომატი აქვს. სხვათა შორის, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძილს ასევე აუმჯობესებენ ქოთნებში გამოზრდილი ხახვისა და ნივრის ნარგავები – დღეს ევროპაში საკმაოდ აქტიურად ახარებენ ამ „პროზაულ“ მცენარეებს საძინებელ ოთახებში. ყველა სიკეთესთან ერთად ისინი ჰაერის დეზინფექციასაც ახდენენ.

ზამთარში, როცა ბინას სხვადასხვა ელექტროსაშუალებით ვათბობთ, ჰაერი ზედმეტად მშრალი ხდება. როგორ გავანეიტრალოთ ეს პრობლემა? იგი ხომ ყელისა და ცხვირის სიმშრალესა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. ადამიანები მის გადასაჭრელად ათასგვარ ხერხს მიმართავენ. არადა, ხშირად გვავიწყდება, რომ ისეთი დეკორატიული მცენარეები, როგორიცაა: ფიკუსი, პალმა, ტეტრასტიგმა – ყველაფერს ჩვენ ნაცვლად გააკეთებენ. ეს მცენარეები სასტუმრო ოთახებისთვისაა განკუთვნილი და იქ განსაკუთრებულ კლიმატს ქმნიან, რადგან მათი დიდი ზომის ფოთლები, რომლებიც რეგულარულად უნდა ვწმინდოთ ხოლმე სველი ტილოთი, სინოტივის დიდ რაოდენობას გამოყოფენ. ოთახში ჰაერი უფრო რბილი ხდება და გამომშრალიც არ არის.

კარგი იქნება, თუ ბინაში რამდენიმე სამკურნალო მცენარესაც ახარებთ. შესანიშნავი მკურნალია ტრადესკანცია (ბაღის ჭორტანა). დამწვარ ან დაჩირქებულ ადგილზე ამ მცენარის ფოთლის დადებაც კი საკმარისია, რადგან საუკეთესო ანტისეპტიკურ თვისებებს ფლობს. დაახლოებით იგივე უნარი აქვს კალანჰოეს, ჰიბისკუსსა და ჩინურ ვარდს. ყველა ამ მცენარის წვენი საუკეთესო საშუალებად ითვლება ქრონიკული ბრონქიტის, ყელის ტკივილისა თუ ღრძილების ანთების დროს.

თამთა გურული

მსგავს თემაზე: იზიდავს წარმატებას და სიმდიდრეს – რომელი მცენარე უნდა ჰქონდეს სახლში თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close