მსოფლიოსაზოგადოება

პლანეტის მოსახლეობის რიცხოვნობა მცირდება

მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს მოსახლეობა ისტორიაში პირველად შემცირდება ბუბონური შავი ჭირის პანდემიის შემდეგ, რომელიც მე-14 საუკუნის შუა ხანებში გავრცელდა, – ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

შობადობის გლობალურმა მაჩვენებლებმა ისტორიულ გარდამტეხ მომენტს მიაღწია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვლავ აღდგეს, – ამბობენ Lancet-ის ექსპერტები. ამის გამო მომდევნო ათწლეულებში მსოფლიოს მოსახლეობის რიცხოვნობა მოიკლებს. ამჟამად ჩვენი პლანეტის მოსახლეობა 8 მილიარდზე ცოტა მეტია.

მოსახლეობის ზრდის შესანარჩუნებლად თითოეულმა დედამიწელმა ქალმა საშუალოდ 2,1 ბავშვი უნდა გააჩინოს. 2021 წელს მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 2,23 იყო, მაგრამ ექსპერტების თქმით, ამ მაჩვენებელს აქვს მდგრადი ტენდენცია კლებისკენ და პროგნოზირებენ, რომ 2050 წლისთვის 1,83-მდე შემცირდება, 2100 წლისთვის – 1,59-მდე.

2100 წელს მოსახლეობის შემცირების პრობლემა შეეხება ქვეყნებს, სადაც დედამიწის მოსახლეობის 97% ცხოვრობს. მხოლოდ 26 ქვეყანაში იქნება შობადობის მაჩვენებელი სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მაღალი.

ამასთან, განვითარებულ ქვეყნებში შობადობის დონე უკვე ახლა არის მოცემულ მაჩვენებელზე (2,21) დაბალი. მაგ., ბრიტანეთში 2021 წელს იყო 1,49. ეს განაპირობა ქალების განათლების და შრომითი მოწყობის ზრდამ, კონტრაცეფციის გამოყენებამ და ურბანიზაციამ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ საზოგადოებისთვის მოსახლეობის რიცხოვნობის კლების შედეგები „უზარმაზარი“ იქნება, რადგანაც მოხუცი ადამიანები უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე ახალგაზრდები და ეს ჯანდაცვის სამსახურებზე და სამუშაო ძალაზე დაწოლას გაზრდის. აგრეთვე, შეიძლება გაიზარდოს იმიგრაცია იმ ქვეყნებიდან, სადაც ჯერაც შეიმჩნევა „ბეიბი ბუმი“ და ეს, ძირითადად, აფრიკის ქვეყნებია.

შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელიც 700 წლის წინათ გავრცელდა, 50 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მაშინდელი კაცობრიობა 400 მილიონიდან 350 მილიონამდე შეამცირა.

აქვე დავძენთ, რომ შობადობის გლობალურ რეიტინგში საქართველო 101-ე ადგილზეა: 2021 წელს შობადობა იყო ერთ ქალზე 2.05 ბავშვი, 2050 წელს ეს მაჩვენებელი 1.80-მდე შემცირდება, 2100 წლისთვის კი – 1,52 იქნება.

ამ რეიტინგში იტალია 182-ეა – 2021 წელს შობადობა იყო 1.81; 2050 წელს  იქნება  1.18; 2100 წელს – 1.09.

საბერძნეთი 146-ე ადგილს იკავებს მაჩვენებლებით: 2021 წელს – 1.40; 2050 წელს – 1.36; 2100 წელს – 1.28.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close