ვიდეოსპორტი

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯი აშორებს (ვიდეო)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრა ლუქსემბურგთან გამართა, 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ერთი ნაბიჯი აშორებს.

ფინალურ შეხვედრაში „პაიჭაძე არენაზე“ 26 მარტს ჩვენი გუნდი საბერძნეთი-ყაზახეთის ნახევარფინალური მატჩის გამარჯვებულს – საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელმაც დიდი ანგარიშით მოიგო – 5:0.

ლუქსემბურგთან შეხვედრის დაწყებამდე UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საჩემპიონო ქამარი წარადგინა (იხ. სტატიის ბოლოს ვიდეოში).

მატჩის პირველი რეალური საგოლე მე-13 წუთზე შეიქმნა გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ – კარში ბუდუ ზივზივაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და ლუქსემბურგის ნაკრები აშკარა გოლს გადაურჩა. 21-ე წუთზე ზივზივაძემ მაინც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

საქართველოს ნაკრები უტევდა, მაგრამ დაცვაში ფრთხილობდა. ანგარიშის გახსნის რეალური შანსი კი მე-40 წუთზე ოთარ კაკაბაძეს ჰქონდა, თუმცა მეკარემ ბურთი აიღო. ერთ წუთში კი, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ კარის წინ დარჩენილმა ბუდუ ზივზივაძემ აუჩქარებელი, ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

ქართველებმა 64-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანეს. შეტევა ჩაკვეტაძემ დაიწყო მარცხენა ფლანგზე, ბურთი  ლევან შენგელიას გადააწოდა, რომლის გადაცემაც კარის წინ გახსნილმა ზივზივაძემ გოლით დააგვირგვინა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მატჩი ისე დასრულდა, რომ მეტი გოლი აღარ გასულა – საქართველოს ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა და ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში ითამაშებს.

„ევრო-2024-მდე ერთი თამაში დარჩა“ – წერს უეფა X პლატფორმაზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან დაკავშირებით.

ნუცა ყაველაშვილი

ილია თოფურიას მიერ მატჩის გახსნა და შეხვედრის საუკეთესო მომენტები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close