ქართველები უცხოეთშიიტალიასაზოგადოება

„მთელი საღამო უფალს მადლობას ვწირავდი ამ სასწაულისთვის…“

ლალი ჯორჯიანას მილანური ამბები

გადაუღებელი წვიმების შემდეგ მილანში ძლივს გამოიდარა. მე და ლინა (84 წლის ქალბატონი) კლინიკაში ვიყავით წასასვლელები, რომ ერთი კვირის წინ გადაღებული რენტგენის პასუხები გამოგვეტანა. სამუშაოზე მისულს იგი ლოგინში დამხვდა, ადგომა არ უნდოდა. ფანჯრებზე დარაბები იყო ჩამოწეული და ოთახს მხოლოდ ჩემს მიერ ოდნავ შეღებული კარიდან შესული სინათლე ანათებდა, საიდანაც ჩანდა საწოლი და თავად ლინას გამოსახულება…

– ლინა, დღეს მზიანი ამინდია, მოდი, ისაუზმე და წავიდეთ კლინიკაში პასუხის გამოსატანად!

– დღეს არა… ლოგინიდან ადგომაც კი არ მინდა… მინდა ვიწვე, – მიპასუხა ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ამასობაში დარაბა ავწიე და მზემ საძინებელი შუქით აავსო.

– ოო, ჩამოწიე! – მუდარით მითხრა ლინამ.

– კარგი, ოდნავ დავუშვებ, ნახევარ საათში შემოვალ და ადექი სასაუზმოდ!

ლინა დამთანხმდა.

მართლაც 30 წუთის შემდეგ შევედი. ლინა ისევ თვალებდახუჭული დამხვდა. მივხვდი, დეპრესიამ შეუტია და ვუთხარი:

– ლინა, ადექი, მორფინი გაქვს დასალევი, იცოდე, ცოტა ხანში დაგეწყება ტკივილები და ძნელი იქნება გაყუჩება.

ძლივს აითრია სხეული, შეწუხებული სახით წავიდა სამზარეულოში, თან „მცივა-მცივას“ იძახდა, სკამზე დაეშვა… როგორც იქნა, ისაუზმა, უპასუხა ტელეფონის რამდენიმე ზარს, მათ შორის, ჯანკარლოსაც, რომელსაც უთხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და  სიმშვიდე უნდა… ისევ წალასლასდა საძინებელ ოთახში, წამოწვა და თვალები დახუჭა.

ვაცადე 10 წუთი, ამასობაში ჭურჭელი დავრეცხე და ლინას „ნავსაყუდელში“ ისევ „შევიჭერი“:

– ლინა, ადექი, უკვე თერთმეტი საათი ხდება, – ისეთი ოფიციალური ტონით ვუთხარი, რომ ლოგინზე წამოჯდა ბუზღუნით… ალბათ გულში „ფაშისტს“ მეძახდა.

– მოდი, ხვალ წავიდეთ, დაღლილი ვარ, ხასიათზე არ ვარ, არც ეს მზე მჭირდება! მინდა ლოგინში ვიწვე და მორჩა!

ვიცოდი, ძალიან ძნელი იყო მისი ლოგინიდან წამოყენება, მით უმეტეს, რომ საკმაოდ ჯიუტი ქალია…

უცებ გონება გამინათდა და ვეუბნები:

– იცი, ჩემს ქვეყანაში ასე ამბობენ, გადადებული საქმე ეშმაკისააო. ანუ შენ რომ დღეს არ გააკეთო ეს საქმე, ხვალაც ვერ გააკეთებ და ვერც შემდეგ დღეებში. თუ დღეს შეგიძლია გააკეთო რამე, უნდა გააკეთო, რადგან არავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოგიტანს. ასე რომ, ადექი და მოემზადე წასასვლელად, უფალი დაგეხმარება, დამიჯერე.

ამის თქმა იყო და ტელეფონის ზარი გაისმა, ჯანკარლო რეკავდა:

– ლინა, სადმე ხომ არ ხარ წასასვლელი? მოვალ და წაგიყვან.

ლინამ გაფართოებული თვალებით უპასუხა:

– კი, ანალიზის პასუხები მაქვს გამოსატანი.

– ნახევარ საათში მანდ ვიქნები და წაგიყვანთ, – დაჰპირდა ჯანკარლო.

ლინამ ტელეფონი გათიშა და ატირდა. მერე მე მაკოცა და ორივე ხელი გულზე დაიწყო, ჭერს მიჩერებული ალბათ მადლობას უხდიდა უფალს სასწაულისთვის. მეც გაოგნებული ვიყავი, რადგან ნამდვილად არ ველოდი ჯანკარლოს ზარს.

– ლინა, ხომ ხედავ, ღმერთი დაგეხმარა, აბა, რას გეუბნებოდი!..

წინადადება დასრულებული არ მქონდა, რომ ლინა წამოფრინდა და გარდერობის კარს მივარდა. ისინჯავდა ტანსაცმელს ნახევრად შიშველ ტანზე და ვერც კი გრძნობდა „სიცივეს“. შემდეგ აბაზანაში „გავარდა“ თავის მოსაწესრიგებლად. თმები დაიყენა, ტანსაცმელი მოირგო, საყურეები და ყელსაბამი გაიკეთა, ქურქიც მოისხა და ჯანკარლოც მოვიდა. დავხედე მობილური ტელეფონის საათს და ზუსტად ნახევარი საათი გასულიყო. სახლის კარს რომ ვკეტავდი, სიცილი ამიტყდა და ბედნიერ ლინას ვეუბნები:

– რას ნიშნავს უფლის წყალობა და მოტივაცია!.. ნახევარ საათში ისე გამოეწყვე, თითქოს დღესასწაულზე მიდიხარ, ან რესტორანში ხარ დაპატიჟებული. სად არის შენი დეპრესია, რა უყავი?

– ლოგინში დავტოვე! – მიპასუხა ლინამ ღიმილით.

ლალი დავითულიანი (ჯორჯიანა)

მილანი, მარტი, 2024 წ.

ავტორის ფოტოები

p. s. სახლში რომ დავბრუნდით, სამზარეულოს ვინ გამაკარა?! ლინამ მუსიკა ჩართო და სადილის მომზადებას შეუდგა, მე უბრალოდ ვეხმარებოდი, ჯანკარლო კი ტელევიზორში სპორტულ გადაცემას უყურებდა.

მთელი საღამო უფალს მადლობას ვწირავდი ამ სასწაულისთვის, რომელიც ლინას დიდხანს ეყოფა დეპრესიასთან გასამკლავებლად.

ამავე თემაზე: ლინას და ჯანკარლოს ვალენტინობა-2024 – ციკლიდან: სიყვარულს ასაკი არ აქვს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close