„ცოდნაა უპირველესი განძი“ – ინტერვიუ 100 წლის აკაკი შანიძესთან
„ასი წლისა მოვიყარე და ახლაც ჩემი ხალხის ენის გარშემო ტრიალებს ყველა ჩემი ფიქრი და საზრუნავი...“
100 წლის აკაკი შანიძესთან ეს ინტერვიუ 1987 წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“ დიდი მეცნიერის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით.
აკაკი შანიძე 1887 წლის 26 თებერვალს დაიბადა და 1987 წლის 29 მარტს გარდაიცვალა, შესაბამისად, ეს მისი ერთ-ერთი ბოლო (თუ ბოლო არა) ინტერვიუა. დღეს აკაკი შანიძის დაბადებიდან 137 წელი შესრულდა. ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება მხცოვანი მეცნიერის საუბარი, რომელმაც შეუფასებელი ღვაწლი დასდო ქართული ენის კვლევას და განვითარებას და არა მარტო…
ბატონო აკაკი, გილოცავთ დაბადების მეასე წლისთავს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, სამშობლოს სამსახურად კვლავინდებურ მზადყოფნას.
გმადლობთ, ჩემო ბატონო, გმადლობთ! არასოდეს მიფიქრია, ამდენ ხანს თუ ვიცოცხლებდი… მშვიდობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას, გამრავლებას ვუსურვებ ჩემს ხალხს, ქართველობას.
100 წელი… ბატონო აკაკი, ბევრი, ძალიან ბევრი რამ გინახავთ ამ ხნის მანძილზე, ბევრს ჩასწვდომიხართ, ბევრში დარწმუნებულხართ უტყუარად…
ასე გახლავთ, ჩემო ბატონო!
…და რა ყოფილა, თქვენი აზრით, ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის? რა განძის ძიებას უნდა ჰკიდებდნენ ხელს ყმაწვილები ამთავითვე?
ცოდნა, დიახ, ცოდნა გახლავთ ერთადერთი უძვირფასესი განძი, იგია უპირველესი საძიებელი… ხომ გახსოვთ დავით გურამიშვილის სიტყვები: „…თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“… ჭეშმარიტად ასეა და ყმაწვილებმა, ახალგაზრდებმა სწორედ ცოდნის შეძენისათვის უნდა იზრუნონ. დიდი გულმოდგინებით, თავდადებითა და მონდომებით დაეუფლეთ ცოდნას.
რუსთაველი გავიხსენოთ: „დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია“… ასეა, ბატონო, ერთნი მიდიან, სხვანი მოდიან და იმისთვის, რომ თქვენ მიმავალთა ღირსეულად შეცვლა შეძლოთ, უნდა იშრომოთ, ისწავლოთ, შრომას, სწავლას, ცოდნას მოაქვს სიხარულიც, ბედნიერებაც, სიბრძნეც… ვერც სამშობლოს გამოადგებით ცოდნის გარეშე.
ადამიანური ღირსებებიდან რომელს მიიჩნევთ უპირველესად?
პატიოსნებას, კეთილსინდისიერებას. ადამიანი ყველაფერში პატიოსანი უნდა იყოს და ყოველნაირად უნდა უწყობდეს ხელს ამ თვისების გამომუშავება-განვითარებას არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ სხვებშიც.
ბატონო აკაკი, მთელი თქვენი სიცოცხლე მშობელი ხალხის სამსახურში გაატარეთ, დაღლა თუ გიგრძნიათ ოდესმე, ან შეღავათი თუ მიგიციათ საკუთარი თავისთვის?
დაღლა? არც კი ვიცი… მუდამ თავდადებით ვშრომობდი, სამეცნიერო მუშაობაში არავითარი შეღავათი არ მიმიცია საკუთარი თავისთვის და, ვფიქრობ, ერთი კაცის კვალობაზე ზოგი რამ კიდევაც გავაკეთე – ქართული ენის მეცნიერული გრამატიკა, ძირითადად, ჩემ მიერ არის შექმნილი, მევე შემოვიტანე ქართულ გრამატიკაში სხვადასხვა კატეგორიები, ხალხმა მიიღო, შეითვისა ისინი და მე კმაყოფილი ვარ ამით… ხოლო „ძველი ქართული ენის გრამატიკა“, ჩემი აზრით, ისეთი შენაძენია, რომ მე თავი მესახელება.
მეამაყება, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული „ვეფხისტყაოსნის“ ცალკეული ადგილების გასწორება-დადგენაში ისე, რომ გული მაინცდამაინც არ მწყდება… არა, გულს ნამდვილად არ მაკლია… მგონი, ჩემს ნამოღვაწარს ცოტა არ ეთქმის…
ცოტაო, თქვენ ბრძანეთ?! შეიძლება ითქვას, დაუჯერებლად ბევრის გაკეთება შეძელით, – თქვენ ხომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი ბრძანდებით და თქვენვე დაიცავით მის კედლებში ქართული მეცნიერებისთვის პირველი სადოქტორო დისერტაცია, ქართულ ენათმცოდნეობასაც ხომ თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი და ქართული ენის სრული მეცნიერული გრამატიკაც თქვენ შექმენით, დიალექტოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, კავკასიოლოგიის, ალბანოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, რუსთველოლოგიის დარგში შექმნილი შვიდასამდე მეცნიერული ნაშრომის ავტორიც ხომ თქვენ ბრძანდებით… გარდა ამისა, მთელი თქვენი სიცოცხლე მასწავლებელიცა ხართ.
დიდი საქმეა მასწავლებლობა! ჭეშმარიტი მასწავლებლის ნიმუშად არა მარტო მასწავლებლის, არამედ მეცნიერის, მოქალაქის, მამულიშვილს ნიმუშად დიდი ივანე ჯავახიშვილი მიმაჩნია, ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა.
თავად მე ბევრი მოწაფე მყავს. დღეს ისინი თავადვე არიან დოქტორები, აკადემიკოსები… ჩემი მოწაფეები საზღვარგარეთაც მოღვაწეობენ და მე მესახელება ეს…
მთელი თქვენი სიცოცხლე ქართული ენის შესწავლას, მოვლა-პატრონობას შეალიეთ, დღესაც ზედ დაჰკანკალებთ, რა უნდა ახსოვდეს ყველა ჩვენს თანამემამულეს, დიდსა და პატარას, მშობლიურ ენასთან დაკავშირებით?
ჩვენი ენა დიდი და არაჩვეულებრივი მოვლენაა და მას უდიდესი გაფრთხილება, მოვლა და ხელის შეწყობა სჭირდება. ქართულმა სალიტერატურო ენამ დიდი ცვლილებები განიცადა, განვითარდა, მაგრამ ძირითადი ნიშნები უცვლელად შემოინახა და ამიტომაც იგივე დარჩა, რაც იყო. თქვენზეა დამოკიდებული მისი შემდგომი შეურყვნელი სიცოცხლე, ნუ დაივიწყებთ ამას!
ასი წლისა მოვიყარე და ახლაც ჩემი ხალხის ენის გარშემო ტრიალებს ყველა ჩემი ფიქრი და საზრუნავი – საბოლოო სახეს ვაძლევ ძველ ქართულ-გერმანულ ლექსიკონს, გადაცემულია გამოსაცემად „ძველი ქართული ენის ქრესტომათია“, ოფსეტური წესით გამოსაცემად მზადდება სულხან-საბას ლექსიკონი, რომელიც 1928 წელს გამოვუშვით მე და იოსებ ყიფშიძემ. გასაკეთებელი სხვაც ბევრია…
საუბარი ჩაიწერა მანანა გელაშვილმა
კომენტარები