იტალიაში 36 წლის ქალი, რომელსაც დაბადებისას გულის მარჯვენა პარკუჭი არ ჰქონდა, ცოტა ხნის წინ ტყუპის დედა გახდა. ეს პირველი შემთხვევაა იტალიაში.
პარკუჭი გულის კუნთის ნაწილია, რომელიც სისხლს ფილტვებს აწოდებს, რათა ფილტვები ჟანგბადით მოამარაგოს. გული პარკუჭის გარეშე – მძიმე პათოლოგიაა, რომელიც რამდენიმე მაკორექტირებელ ჩარევას საჭიროებს სიცოცხლის პირველივე წლებში.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში Bambino Gesú-ს საავადმყოფოს პაციენტს 4 წლის ასაკში ერთი ოპერაცია ჩაუტარდა ალტერნატიული სისხლის მიმოქცევის სისტემის შესაქმნელად, რომელსაც „შადრევანს“ (Fontan) უწოდებენ. ეს სისტემა სისხლს ღრუ ვენიდან პირდაპირ ფილტვებს აწვდის, გულის გვერდის ავლით. ეს მდგომარეობა ორგანიზმის მუდმივად ზედმეტად ტვირთავს: ერთი პარკუჭის მიერ შენარჩუნებული სისხლის მიმოქცევა რეალურად ფრთხილ თერაპიასა და კონტროლს მოითხოვს მთელი ცხოვრების განმავლობაში; ტრანსპლანტაცია ასეთი პაციენტების მხოლოდ 5 პროცენტში მიიღწევა. Bambino Gesú-ს ჰყავს მაღალი დონის სპეციალისტების გუნდი, რომელიც გულის დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობას უზრუნველყოფს სრულწლოვანების მიღწევამდე. პედიატრიული კარდიოქირურგიის მიღწევების წყალობით, ზრდასრულები გულის დეფექტებით აგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა ისინი თავს ბოლომდე განკურნებულად ვერ ჩათვლიან და მუდმივად კონტროლი სჭირდებათ.
ახლა კი განსაკუთრებული მოვლენა მოხდა – რომში ბავშვთა საავადმყოფოს სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის წყალობით, რომლებიც განსაკუთრებულ პაციენტს ბავშვობიდან ეხმარებოდნენ გულის თანდაყოლილი სერიოზული დეფექტის გამო, ქალმა საკეისრო კვეთით იმშობიარა და ტყუპი გააჩინა. მსოფლიოში სულ 4 შემთხვევაა ცნობილი, როდესაც გულის მსგავსი თანდაყოლილი დეფექტის მქონე პაციენტმა ტყუპი გააჩინა. რა თქმა უნდა, ასეთი პაციენტებისთვის ორსულობა დიდ სტრესს და რიკს ქმნის, რადგან იზრდება სისხლის მოცულობა და გულის მუშაობაც; შეიძლება დაზიანდეს ისეთი ორგანოები, როგორიცაა: ღვიძლი, თირკმელები და ნაწლავები. ეს კონკრეტული შემთხვევა ტყუპის დედისთვის, რომელიც მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იყო მთელი ორსულობის პერიოდში, საბედნიეროდ, უპრობლემოდ დასრულდა.
ტყუპი და-ძმა, რომელთა წონა დაბადებისას 1,4 კგ იყო, თავს კარგად გრძნობს. ბავშვები ორსულობის 34-ე კვირაზე გაჩნდნენ საკეისრო კვეთით, დაგეგმილ ვადაზე რამდენიმე დღით ადრე და სულ რაღაც 10 დღის შემდეგ დედა-შვილი სახლში გაწერეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ.
„ვიცოდი, რომ ვრისკავდი ჩემი განსაკუთრებული გულით, ნახევარი გულით, მაგრამ ძალიან შეუპოვარი ვარ და ძალიან მინდოდა დედა გავმხდარიყავი“, – ამბობს ქალი და მადლობას უხდის „ბამბინო ჯეზუს“ და „ჯემელის“ ექიმებს, რომლებმაც დედად გახდომაში დაეხმარნენ. იგი მოუწოდებს ქალებს, რომლებსაც მასავით ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, თუ შვილის ყოლა უნდათ, არ შეშინდნენ და სპეციალიზებულ ცენტრებს მიმართონ, რათა მათაც განიცადონ დედად გახდომის ენით აუწერელი ბედნიერება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები