მსოფლიოეკონომიკა

გერმანიამ იაპონიას გაუსწრო და მსოფლიოში მე-3 ეკონომიკა გახდა

გერმანიამ ეკონომიკის მოცულობით იაპონიას გაუსწრო, რომელიც მანამდე მშპ-ით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებდა. ამის შესახებ ხუთშაბათს, 15 თებერვალს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია იაპონიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით. აქვე დავძენთ, რომ პირველ ადგილს აშშ იკავებს, მეორეზე კი – ჩინეთია. 

ამ სტატისტიკის თანახმად, იაპონიის მშპ-მ 2023 წელს 4,2 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 1,9%-იანი წლიურ ზრდას ნიშნავს. იმავდროულად, გერმანიის ეკონომიკის მოცულობა (მშპ) 2023 წელს 4,5 ტრილიონ აშშ დოლარს უდრიდა.

გასული წლის მეოთხე კვარტალში იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი 0,1%-ით შემცირდა. აზიის ამ ქვეყნის ეკონომიკა განსაკუთრებით ძლიერად დაზარალდა ნაციონალური ვალუტის – იენის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო.

„როიტერსი“ ციტირებს ქვეყნის მთავარი საბანკო ჯგუფის – Credit Agricole-ის მთავარი ეკონომისტის ტაკუძი აიდას გაფრთხილებას, რომ არსებობს რისკი, ქვეყნის ეკონომიკა 2024 წლის პირველ კვარტალშიც შემცირდეს გლობალური ზრდის შენელების, სუსტი შიდა მოთხოვნის და წლის დასაწყისში ქვეყნის დასავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების გამო.

ამასობაში გერმანიაც ებრძვის არსებულ პრობლემებს. 2023 წელს მისი ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა. წელს ექსპერტები ზომიერ ზრდას პროგნოზირებენ ერთ პროცენტზე დაბალ დონეზე.

გერმანიაზე, როგორც ექსპორტიორ ქვეყანაზე, უარყოფითად მოქმედებს გეოპოლიტიკური კრიზისები – ომი უკრაინაში და კონფლიქტის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში. გარდა ამისა, გერმანიის ეკონომიკა ზარალდება ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო.

გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის – IFO-ს ექსპერტების მიერ იანვრის ბოლოს წარმოდგენილი პროგნოზის თანახმად, გერმანიის მშპ მიმდინარე წლის ბოლოს 0,7%-ით გაიზრდება. შედარებისთვის: 2023 წლის დეკემბრის ბოლოს ისინი გერმანიის ეკონომიკის 0,9%-ით ზრდას ელოდნენ. როგორც ეკონომიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტიმო ვოლმერსჰოიზერმა თქვა, პროგნოზის გაუარესების მიზეზი გერმანიის მთავრობის მიერ შემუშავებული მკაცრი ზომებია ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2023 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გერმანიის მთავრობას არ ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა 60 მილიარდი ევროს ოდენობის მოუკითხავი კრედიტები სპეციალური დამატებითი ფონდიდან, რომელიც ხელისუფლებამ 2021 წელს შექმნა COVID-19-ის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

ვოლმერსჰოიზერმა აღნიშნა ისიც, რომ გერმანიის მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა მწვანე შუქი მისცა, გაწერილია დამატებითი ეკონომიის ზომები თითქმის 19 მილიარდი ევროს მოცულობით. ეს დამატებით დატვირთვას შეუქმნის კომპანიებსა და ოჯახებს და შეამცირებს სახელმწიფო ხარჯებს, რაც უარყოფითად აისახება არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

რაც შეეხება საქართველოს, შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მშპ-ის ზრდამ 7% შეადგინა. დეკემბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2024 წლის ბიუჯეტი, რომლის თანახმადაც 2024 წელს ზრდა იქნება 5,2%, დეფიციტი – 2,5%, ინფლაცია დაგეგმილია 2,8%-მდე. ნომინალური მშპ 2024 წელს მოსალოდნელია 85.4 მლრდ ლარი (32 მლნ დოლარი), რაც ერთ სულ მოსახლეზე 22 ათას ლარს ანუ 8.5 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close