ლუვრში „მონა ლიზას“ წვნიანი შეასხეს (ვიდეო)

პარიზში, ლუვრის მუზეუმში ორმა ეკოაქტივისტებმა ქალმა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ გოგრის წვნიანი შეასხა და ჯანსაღ საკვებზე უფლება მოითხოვა. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ლეონარდოს შედევრს წვნიანს ორი ქალი ასხამს, რომლებსაც აცვიათ მაისურები წარწერით Riposte Alimentaire, რაც მოძრაობის სახელია და „საკვებზე რეაქციას“ ნიშნავს. წვნიანის შესხმის შემდეგ ისინი ტილოს წინ დადგნენ და თქვეს: „რა არის უფრო მნიშვნელოვანი? ხელოვნება თუ ჯანსაღი და მდგრადი საკვების უფლება? თქვენი სოფლის მეურნეობის სისტემა ავადაა. ჩვენი ფერმერები მუშაობისას იხოცებიან“.
ცნობისთვის, პარალელურად, ბოლო დღეებში პარიზში ფერმერთა აქციები მიმდინარეობს. ისინი საწვავის მზარდ ფასებს აპროტესტებენ და რეგულაციების გამარტივებას მოითხოვენ.
ლუვრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მოძრაობა Riposte Alimentaire-ის წევრებმა ნახატს გოგრის წვნიანი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე შეასხეს. დარბაზიდან ხალხის გაყვანისა და დასუფთავების სამუშაოების შემდეგ, 11:30 საათიდან მუზეუმის სტუმრებს კვლავ მიეცათ საშუალება ეხილათ „მონა ლიზა”, რომელიც მინის დამცავი ბარიერის წყალობით არ დაზიანებულა.
ლუვრის დირექციის განცხადებით, მუზეუმი საჩივარს შეიტანს მომხდართან დაკავშირებით.
„მონა ლიზა”, ისევე როგორც ჩვენი მემკვიდრეობა, მომავალ თაობებს ეკუთვნის. ვერანაირი მიზეზით ვერ გამართლდება, რომ ის თავდასხმის სამიზნე გახდა“, – დაწერა სოციალურ ქსელში საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ.
La Joconde, comme notre patrimoine, appartient aux générations futures.
Aucune cause ne peut justifier qu’il soit pris pour cible !
J’adresse tout mon soutien aux personnels du @museeLouvre.
— Rachida Dati ن (@datirachida) January 28, 2024
ლეონარდო და ვინჩის მე-16 საუკუნის შედევრი „მონა ლიზა” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია და პარიზის ლუვრის მუზეუმში ინახება.
კომენტარები