საბერძნეთში დააკავეს 7 ქართველი, რომელთაც ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინის გაქურდვაში ედებათ ბრალი
ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში დააკავეს საქართველოს 7 მოქალაქე, რომელთა შორის ერთ-ერთი – ინტერპოლის მიერ 7 წლის განმავლობაში ძებნილი ე.წ. კანონიერი ქურდია. მედიის ცნობითვე, დაჯგუფებამ საქმიანობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინის ქურდობისთვის დააკავეს.
დანაშაულში ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ ქურდობა, გატაცება, გამოძალვა, რეკეტი, ფულის გათეთრება, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, შემაკავებელი ზომების დარღვევა და იარაღების, ნარკოტიკებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ კანონების დარღვევა. პოლიციამ ჯამში 35 სახლისა და საწყობის ძარცვის, ერთი გატაცებისა და გამოძალვის ორი შემთხვევა დააფიქსირა. მედიის ცნობით, ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით 200 000 ევროზე მეტი მოიპოვეს.
ეჭვმიტანილთა სახლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად პოლიციამ აღმოაჩინა 2 451 ევრო ნაღდი ფული, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკები, სხვადასხვა ქვეყნების ბანკნოტები, 4 ავტომანქანა, მობილური ტელეფონები, სიმ ბარათები, ლეპტოპები და სხვა საგნები.
დაკავებულები პროკურატურაში შაბათს, 13 იანვარს, დილით მიიყვანეს, გრძელდება გამოძიება მათი დანაშაულებრივი ქმედების სრული მასშტაბის დასადგენად.
ოპერაციის ფარგლებში სხვა 13 პირიც დააკავეს, რომელთაგან 7 ქვეყნიდან გააძევეს.
ნანა ძნელაძე
კომენტარები