მსოფლიო მასშტაბით Covid-19-ისა და სხვა რესპირატორული დაავადებების შემთხვევების გახშირების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი პირბადეების ტარების რეკომენდაციას გასცემს.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მრავალ ქვეყანაში გაზრდილია სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევები, რომლებიც Covid-19-ით, გრიპით და სხვა პათოგენებითაა გამოწვეული. მოსალოდნელია, რომ დღესასწაულების ფონზე ზრდის ტენდენცია იქნება.
ინდივიდუალურად საჭიროა პირბადეების აქტიურად გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებები და გარდაცვალება.
მთავრობებმა ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ტესტირება და რესპირატორული დაავადებების მკურნალობა“, – წერს WHO-ს გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში.
Respiratory illnesses from #COVID19, flu and other pathogens have been on the increase in many countries for weeks and this is expected to continue following the recent holidays.
As individuals: make sure to test and seek care when needed because COVID-19 treatments can prevent…
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) January 5, 2024
JN.1 – SARS-CoV-2-ის ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც COVID-19-ს იწვევს; COVID-19 კი, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, გართულებულ შემთხვევებში ისევ ხდება ადამიანების სიკვდილის მიზეზი
JN.1 ერთ-ერთია მუტაციის შედეგად წარმოშობილ მრავალ ვარიანტთაგან, თუმცა დეკემბრიდან მოყოლებული უკვე აშფოთებს ჯანდაცვის სპეციალისტებს მთელ მსოფლიოში გავრცელების სისწრაფით და არცთუ სახარბიელო პროგნოზები კეთდება.
დეკემბრის შუა რიცხვებში JN.1 უკვე აღირიცხებოდა ინდოეთში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. ქვეყნების ჩამონათვალი თანდათან სულ უფრო და უფრო იზრდება.
ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ მთელ რიგ კლინიკებში სავალდებულო წესით დააბრუნეს პირბადის ტარება და ეს წესი სრულად მოიცავს, მაგალითად, ლოს-ანჯელესის კლინიკებს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვებსაიტზე მითითებულია, რომ სასუნთქი გზების ინფექციებით, მათ შორის, COVID-19-ით, მომავალ თვეებში მილიონობით ადამიანი დაავადდება.
5 იანვარს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოვიდის ახალმა ვარიანტმა უკვე „იფეთქა“. მისი თქმით, JN.1, ძირითადად, ბავშვებსა და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემუქრება და მისგან თავდაცვის ერთადერთ საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს.
„ძალიან მძიმე სიტუაციაა… საქართველოში ამ სიმწარეს იგრძნობენ იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში“, – პროგნოზირებს ფხაკაძე.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები