მოუსმინეთ ვალსს, რომელიც UNESCO-მ მე-20 საუკუნის შედევრად აღიარა (ვიდეო)
მოლდოველი კომპოზიტორის ევგენი დოგას მიერ შექმნილი ვალსი კინოდრამისთვის „ჩემი მოსიყვარულე და ნაზი მხეცი“ იუნესკოს ექსპერტებმა გასული საუკუნის ინსტრუმენტული მუსიკის ოთხ შედევრს შორის დაასახელეს.
თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ევგენი დოგამ მრავალი შესანიშნავი კომპოზიცია შექმნა. იგი სხვადასხვა სტილისა და ჟანრის მუსიკას წერდა, მათ შორის, კლასიკურსაც. კომპოზიტორის ორი სიმღერა 200 საუკეთესო კლასიკური ნაწარმოების სიაში მოხვდა. საერთო ჯამში მან სამასზე მეტი სიმღერა შექმნა და 75 ვალსი დაწერა. გარდა ამისა, ევგენი დოგა არის ბალეტის, ოპერის, კანტატების, სიუიტების და რეკვიემების ავტორი.
მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია ვალსი ფილმისთვის „ჩემი მოსიყვარულე და ნაზი მხეცი“ („Мой ласковый и нежный зверь“ – შექმნილია ანტონ ჩეხოვის ვრცელი მოთხრობის „დრამა ნადირობის დროს“/ „Драма на охоте“ მოტივებზე; რეჟისორი – ემილ ლოტიანუ). 1978 წელს კინოსტუდია „მოსფილმში“ გადაღებული ფილმი ცოტას თუ ახსოვს, ვალსი კი „დამოუკიდებელ ცხოვრებას“ განაგრძობს.
ამ მშვენიერ მელოდიაზე ასობით ვიდეო შეიქმნა, რომლებსაც ინტერნეტში ნახავთ – მათ შორის მართლაც შესანიშნავი, მაღალი დონის ნამუშევრებიც არის, მაგრამ ფილმის კადრების თანხლებით ის მაინც იდეალურად ჟღერს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები