ჩვენი ფავორიტიარტისტისაქართველო

„ახალი წელი სალოცავივით არის, შეხვალ და ილოცებ, ლოცვით ხვდები ახალ წელს…“ – ზურაბ ქაფიანიძე

მსახიობ ზურაბ ქაფიანიძესთან, როგორც რესპონდენტთან, შეხვედრის საშუალება რამდენჯერმე მქონდა. ერთხელ საახალწლოდ შევხვდით და ცხადია, ვკითხე, საახალწლო სამზადისში თუ მონაწილეობთ-მეთქი… და არ არსებობს, საახალწლო დღეებში მისი მონათხრობი არ გამახსენდეს. აი, რა მიპასუხა მაშინ ზურაბ  ქაფიანიძემ:

„ერთადერთი – ღვინოზე თუ ვიფიქრებ, დანარჩენს ყველაფერს მეუღლე ამზადებს, თუმცა უნდა გითხრა, რომ საჭმლის გაკეთება ვიცი – ძალიან კარგ „ოსტრს“ ვაკეთებ… აუუუ, მის ჭამას არაფერი სჯობს, და თუ გავაკეთე, მეტს მართლაც არავინ აღარაფერს ჭამს ხოლმე… სხვათა შორის, ახალ წლებზე, როცა ახალგაზრდები ვიყავით და ძმაკაცებს ეგრეთ წოდებული „ჩამოვლები“ გვქონდა ხოლმე, მეუღლეს დიდ ქვაბში მაკარონს ვახარშვინებდი (ცხადია, იცინის  – თ. ო.)… მერე, რამდენი მაკარონიც იყო, იმდენ ხახვში მოვშუშავდი და, სუფრაზე რომ მივიტანდი, მაკარონის მეტს არავინ არაფერს ჭამდა: ხელუხლებელი რჩებოდა საცივი, გოჭი, წიწილა… საცივი და გოჭი ყველა სუფრაზე იყო, მაკარონი კი – არსად და…“

ამ თემაზე საუბრის საშუალება მომეცა და, ცხადია, დიდებულ მსახიობს რეჟისორ რეზო ესაძის ფილმი „ნეილონის ნაძვის ხე“ შევახსენე. ამ ფილმის ერთ-ერთი გმირი კი ზურაბ ქაფიანიძეც არის და კინოსურათის სიუჟეტიდან გამომდინარე (მკითხველს ალბათ ახსოვს ფილმის სიუჟეტი), ვკითხე, ბატონო ზურაბ, თქვენ თვითონ თუ შეხვედრიხართ ახალ წელს ქუჩაში ან სხვა ქვეყანაში-მეთქი?

„არა, სხვა ქვეყანაში ახალ წელს არასოდეს შევხვედრივარ, სხვა ქვეყნებში ზაფხულობით დავდიოდით – გადაღებებს მაშინ გეგმავდნენ… მაგრამ  რაჭაში გვქონდა ძალიან ლამაზი ახალი წელი. რაჭა ჯერ ისეა ლამაზი, ყველა დრო ლამაზია რაჭაში. ზამთარი ხომ საერთოდ ზღაპარია, როცა თოვს, ირგვლივ საოცარი სიჩუმეა, მხოლოდ რიონი ბუხუნებს, სადღაც კი არა, იქვე, ას მეტრშია ჩემგან – სამ კილომეტრზე ისმის მისი ხმაური… სუფთა, ხალასია ირგვლივ ყველაფერი… მერე ნაძვის ხე – რაჭაში ტყუილ ნაძვის ხეს რა უნდა?! მოიტანდა ხოლმე მამა ტყიდან ნაძვის ხეს და მივესეოდით ბავშვები. დედა სამნაირ ჩურჩხელას აკეთებდა – ნიგვზის, თხილის და კვახის თესლის… მერე ბიკიკეები. ბიკიკეები რას ჰქვია, იცით? პურის დღესასწაულია, წარმართული დღეობა, პურისგან აკეთებენ სხვადასხვა ფიგურას: თხას, დათვს, მელიას, კაცს, ხეს, მთას…ზედ ბეჭედს დაადებდნენ ქართული ასომთავრულის ასო-ნიშნებით და ასე დაჭრელებულს გამოაცხობდნენ. ყველა ოჯახს თავისი ბეჭედი ჰქონდა… ამ ყველაფერს ნაძვის ხეზე ვკიდებდით, თავზე ჯვარს ვუკეთებდით, ასევე პურისგან გამოცხობილს და ასე ვხვდებოდით ახალ წელს…

ნაძვის ხეზე ყველაფერს ნატურალურს ვკიდებდით – შესაჭმელს… საოცრად გემრიელი იყო ეს გამომცხვარი პურები, მერე ფელამუშში ამოვლებული ვაშლი, მსხალი… გავიდოდა ახალი წელი და ბავშვები თანდათან ნაძვის ხისკენ ვინაცვლებდით – ვჭამდით ამ უგემრიელეს საჭმელებს… სოფელს ამორჩეული ჰყავდა ერთი კაცი მეკვლედ, რომელსაც კარგი ფეხი ჰქონდა. ეს კაცი ჩამოივლიდა ხოლმე ახალ წელს და ყველა ოჯახში შედიოდა, ჩვენც დიდი ამბით ველოდებოდით.

მეკვლეს მოჰქონდა  ჩურჩხელები, ხილი, კანფეტები… „ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა!“ – ამ სიტყვებით შემოდიოდა ოჯახში, დაილოცებოდა, მასაც დალოცავდნენ და შემდეგ თავის გზას გააგრძელებდა. სანამ მეკვლე ოჯახში არ მივიდოდა, მანამ ერიდებოდნენ ადამიანები ერთმანეთთან მისვლას, რადგან რამე ცუდი რომ მომხდარიყო, მათ „ფეხს“ დაჰბრალდებოდა…

სამწუხაროდ, ვკარგავთ ამ ლამაზ ტრადიციებს, ტელევიზორმა გააფუჭა ყველაფერი. ის უფრო ნატურალური გართობა იყო, ძალიან ადამიანური, თბილი, სუფთა… დღეს ჩვეულებრივ ვხვდებით ახალ წელს, ვაწყობთ საახალწლო სუფრას და ღამის თორმეტ საათზე კარგი ღვინით ვილოცებით…. ახალი წელი სალოცავივით არის, შეხვალ და ილოცებ, ლოცვით ხვდები ახალ წელს…

მე ასეთი რაღაც მაქვს ნათქვამი: გვგონებოდეს და გვქონებოდეს კარგი ახალი წელი-მეთქი!… ხალხი ოცნებობს ამ დროს, ოცნებას კი, აბა, ვის დაუშლი?! ღმერთო, მიეცი ჩემს ხალხს ეს საოცნებო ახალი წელი, ისეთი ახალი წელი, როგორსაც ნატრობს, რის ღირსიც არის – რანაირი სიხარულის ღირსიც არის, რანაირი სიყვარულის ღირსიც არის და, რანაირი მომავლის ღირსიც არის!… მინდა, ჩემი სამშობლო, ჩემი ერი ბედნიერი იყოს, ჩემს ხალხს ისეთი ახალი წელი ჰქონდეს, როგორიც თავად უნდა!“

თამარ ოთიაშვილი

P. S. ალბათ ასე ილოცება „იქიდანაც“ დიდი მსახიობი, რომელმაც ორიგინალური, თავისთავადი კვალი დატოვა ქართულ კინოში და, საერთოდ, საქართველოს ისტორიაში.

კადრი ფილმიდან „ივანე კოტორაშვილის ამბავი“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close