ქართველები უცხოეთში

„მანანას გარეშე ვერც წარმომიდგენია ეს ამხელა სამყარო!..“ – გარდაიცვალა მანანა ჯინჭარაძე, იტალიის ქართული დიასპორის გამორჩეული წევრი

სამწუხარო ამბავი მეხივით გავარდა იტალიის ქართველ ემიგრანტებში – გარდაიცვალა ემიგრაციის გამორჩეული წევრი მანანა ჯინჭარაძე. გარდაცვალების მიზეზი ოპერაციის შემდგომი გართულება – თრომბი გახდა.

გონიერი, გაწონასწორებული, კეთილშობილი, მოყვასის გვერდში მდგომი, ოჯახისა და მეგობრებისთვის თავდადებული 57 წლის ქალის უდროო და მოულოდნელმა სიკვდილმა უამრავი ადამიანი გულწრფელად დაამწუხრა.

მანანა ჯინჭარაძე პროფესიით თეატრმცოდნე იყო, უაღრესად განათლებული, ენერგიული, მებრძოლი, თავის სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული, მისი ყოველი ქმედება ამ სიყვარულით იყო დამუხტული და ნასაზრდოები.

იგი 17 წლის წინათ ლონდონში ვაჟიშვილის – ვანიკო გორგიძის გარდაცვალებამაც კი ვერ გატეხა და გააბოროტა, პირიქით… იმიტომ იყო მანანა ჯინჭარაძის მოულოდნელი გარდაცვალება მეხის დაცემასავით მრავალრიცხოვანი სამეგობროსა თუ უბრალო ნაცნობებისთვის, რომლებმაც იცოდნენ მისი ფასი.

„მანანას გარეშე ვერც წარმომიდგენია ეს ამხელა სამყარო!..“

„აღარ მყავს…

დავმუნჯდი…

არადა ის რამდენს დაწერდა ჩემზე…

ჩემი ბაჯო!“

„ყოველი დღე შენი მოგონების იქნება, მაგრამ ბარბარობა განსაკუთრებით!

ეს დღე იქნება შენი ხსოვნის დღე,

ამ დღეს შევიკრიბებით და ვილაპარაკებთ მხოლოდ შენზე, ჩვენო უკარგესო მეგობარო!

მსუბუქი იყოს შენთვის ქართული მიწა, ასე ძლიერ რომ გიყვარდა!

შენ ყველას გაგვიადვილე სიკვდილი!“  – ასე ემშვიდობებიან მეგობრები სოციალურ ქსელში.

 

მანანა ჯინჭარაძეს ხვალ, 21 დეკემბერს დაკრძალავენ  ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.

გამოსვენება გაიმართება 2 საათზე იონე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძრიდან (ბალახვანის ხიდთან).

nostal.ge-ს გუნდი სამძიმარს უცხადებს მანანა ჯინჭარაძის მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს. მსუბუქი იყოს მისთვის საყვარელი სამშობლოს მიწა!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close