ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაშით „ნაპოლიმ“ „კალიარი“ 2:1 დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
„სტადიო დიეგო მარადონაზე“ გამართული სერია A-ს მე-16 ტურის შეხვედრა; უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 30 წუთით გვიან დაიწყო. ძლიერი ქარის გამო სტადიონის შესასვლელების გახსნა დაგვიანდა და გულშემატკივარი ტრიბუნაზე დროულად ვერ შევიდა.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და „კალიარის“ კართან პირველი სახიფათო მომენტი ორიგინალურად გათამაშებული საჯარიმოთი სცადა. შემდეგ შეტევა გაამწვავა, მაგრამ ოსიმენს კარის წინ ზუსტად ვერ მიაწოდა ბურთი. ტაიმის ბოლოს ედოარდო გოლდანიგამ მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, საბედნიეროდ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ხვიჩამ თამაშის გაგრძელება შეძლო.
69-ე წუთზე, კვარამ მარცხენა ფლანგზე ბურთი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ მარიო რუის გააყოლა, რომლის გადაცემითაც აფრიკის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლი“ დააწინაურა. მაგრამ სულ რაღაც სამ წუთში „კალიარიმ“ ლეონარდო პავოლეტის გოლით წონასწორობა აღადგინა 1:1.
75-ე წუთზე კი თავი თავად ხვიჩამ გამოიჩინა – მთავარი როლი ისევ ვიქტორ ოსიმენმა ითამაშა, ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და საჯარიმოში ხვიჩა მოძებნა, რომლის ზუსტმა და ძლიერმა დარტყმამ ნეაპოლელები ისევ დააწინაურა – 2:1. ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში უკვე ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
წყარო: 1tv.ge
„ნაპოლის“ ამ დროისთვის 16 თამაშიდან 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.
სერია A-ს მომდევნო, მე-17 ტურის მატჩს კვარაცხელიას გუნდი შაბათს, 23 დეკემბერს „რომასთან“ გამართავს რომში. მატჩი თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება.
ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები:
კომენტარები