ვიდეოსაზოგადოებაჩვენი ფავორიტისაქართველო

წმინდა ბარბარეს ეკლესია უძველეს მესხურ სოფელ ხეოთში (ფოტო, ვიდეო)

17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს – წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს. წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

საქართველოში წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიები ყველგანაა. ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესიაზე გვინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება.

უძველესი მესხური სოფელი ხეოთი ერუშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზეა გაშენებული, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. ულამაზესი სოფლის შემოგარენი მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რომელთაგან გამორჩეულია სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით მდებარე XV-XVI საუკუნეების ხუროთმოძღვრული ანსამბლი – სამრეკლო და ეკლესია, რომელიც წმინდა ბარბარეს სახელობისაა. ეკლესია დარბაზულია, ამჟამად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ სამრეკლო, რომელიც XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. ქართული ხუროთმოძღვრებისათვის ერთდროულად აგებული ეკლესიისა და სამრეკლოს კომპოზიციური ერთიანობა ჩვეული მოვლენაა, მაგრამ ასე უშუალოდ დარბაზულ ეკლესიაში სამხრეთით ჩაშენებული სამრეკლო უჩვეულოა.

ამჟამად ეკლესიის ადგილას ნანგრევებია: მთავარი ნაწილი სულ ჩანგრეულია, დარბაზული ეკლესიის გაწმენდისა და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ (ხელმძღვანელი: არქიტექტორ-რესტავრატორი თ. ნემსაძე) კედლების სიმაღლემ 2,4-2,8 მეტრს მიაღწია, ზოგან კი 3 მეტრსაც კი გადააჭარბა. ამ ადგილას პირვანდელი ეკლესია VIII საუკუნეში აუგიათ. ორიარუსიანი სამრეკლო კი, რომლის პირველი სართული საკურთხევლიდან მცირე სამლოცველოს წარმოადგენს, XV საუკუნეშია აგებული.

გადმოცემის თანახმად, სამი ძმა – ვახტანგი, საბა და ტატე (ესტატე) არტაანის ოლქის სოფელ დიდველიდან თურქების შემოსევის გამო წამოსულან და სოფელ ხეოთში დასახლებულან. უსაფრთხოების მიზნით მათ თავიანთი გვარი დამალეს, საბადან დაიწყო საბაძეების გვარი, ვახტანგი და ტატე კი ვახტანგიშვილები გახდნენ (ადრე ისინი მანველიძეები ყოფილან). ტატესთვის, რომელსაც შვილი არ ჰყავდა, ურჩევიათ, რომ სოფელ ხეოთში, VIII საუკუნის ეკლესიასთან სამრეკლო აეშენებინა და ღმერთი შვილს მისცემდა. ტატეს სამრეკლო აუგია და მართლაც შესძენია ვაჟი, რომელსაც თევდორე დაარქვა, რაც ღვთისგან ბოძებულს, ნაჩუქარს ნიშნავს.

ვახტანგიშვილების შთამომავალმა ვანო ვახტანგიშვილმა წინაპრების პატივსაცემად 1996 წელს დიდი ეროვნული საქმე ითავა და სოფლის სამრეკლოს რესტავრაცია ჩაუტარა. ტაძრის სამხრეთის კედელთან ორი ქვა დევს, რომლებზეც  ამოტვიფრულია რესტავრაციის მოთავეთა ვინაობა და სამუშაოს შემსრულებელთა გვარები.

ფოტო: nostal.ge/ნინო ლურსმანაშვილი
ხეოთის სამრეკლო. ფოტო: ნათია ზედგინიძე

მადლიერების ნიშნად ვანო ვახტანგიშვილს ადგილობრივმა მოლექსემ მოსე ბექაურმა ლექსი მიუძღვნა:

ჩემო ხეოთო

მოგესალმები, ხეოთო,

ჩემი ცხოვრების ნაწილო,

დღეს მოგიშუშეს ჭრილობა,

ვაჟას დაჭრილო არწივო!

გაგილამაზეს ცხოვრება,

დღეს აქ რაც ხდება, რაც არი,

ძველს ნანგრევებზე დაგიდგეს

დიდი დიდების ტაძარი.

საფლავში შეიძრებოდნენ

ჩვენს წინაპართა ძვალები,

მადლიან ხელმა შეგაბა

ურღვევი რკინის კარები.

დიდმა ტაძარმა შეგიშროს

ცრემლები გადანამული,

დაიცვას სარწმუნოება,

შენი ენა და მამული,

დოვლათით გაივსებიან

ბაღ-ვენახები, მიწები,

გვირგვინს დაიდგმენ ქორწილში

აქ შენი გოგო-ბიჭები.

ვინც აგვიშენა ტაძარი,

ნანატრი დიდი ხნისაო,

მადლობა ვუთხრათ ერისკაცს,

ამ ჩვენს ვახტანგიშვილსაო!

ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესიის ნანგრევები და სამრეკლო; 2023 წლის 11 ივნისი. ფოტო: nostal.ge/ნინო ლურსმანაშვილი
ხეოთის სამრეკლოს ფრაგმენტი. ფოტო: nostal.ge/ნინო ლურსმანაშვილი

სოფლის ტაძარი, როგორც აღვნიშნეთ, წმინდა ბარბარეს სახელობისაა. აქ ტარდება წირვა-ლოცვა და სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაული აღინიშნება.

17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს ხეოთის ტაძარში წირვას ახალციხელი მამა გიორგი ცინცაძე ჩაატარებს.

ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია თოვლში
ხეოთი, წმინდა ბარბარეს ეკლესია შორი ხედით
შემოდგომა ხეოთში

ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეოები მოგვაწოდა ხეოთის მკვიდრმა ნათია ზედგინიძემ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.

ნათია ზედგინიძე წმ. ბარბარეს ეკლესიასთან, სოფ. ხეოთში

ცნობისათვის: წმინდა ბარბარე მესამე საუკუნეში ცხოვრობდა ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში. მამამისი  – დიოსკური (დიოსკორი) მცირე აზიის არისტოკრატიის წარმომადგენელი იყო იმპერატორ მაქსიმიანეს დროს. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. იგი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა და მამამისმა კოშკში ჩაკეტა, რათა უცხო თვალისთვის მოერიდებინა. ამ ჩაკეტვის პერიოდში წმინდა ბარბარე, რომელიც თავისი ფანჯრიდან გარემომცველ სამყაროს აკვირდებოდა, ერთიანი შემოქმედის იდეამდე მივიდა. მამამ იგი კოშკიდან გამოუშვა, როცა გათხოვების დრო მოუვიდა. ერთხელაც, როცა დიოსკური საქმის გამო შორეულ მოგზაურობაში იყო წასული, ბარბარემ ილიოპოლელი ქრისტიანები გაიცნო, ეზიარა ქრისტეს მოძღვრებას და ქრისტიანულად მოინათლა.

როდესაც ამის შესახებ კერპთაყვანისმცემელმა მამამისმა შეიტყო, გაბრაზდა და საკუთარი ქალიშვილი ქალაქის მმართველ მარკიანესთან წაიყვანა. ბარბარეს აიძულებდნენ, უარი ეთქვა ქრისტიანულ რწმენაზე, მაგრამ იგი უარზე იდგა. მას სასტიკი წამება დაუწყეს: ხარის გამხმარი ძარღვებით სცემდნენ, ჭრილობებზე თხის ბეწვის უხეშ ქსოვილს უსვამდნენ, ცეცხლით სწვავდნენ… ბოლოს, როცა არაფერმა გაჭრა, ქალაქის თავმა მარკიანემ მამას დაავალა, საკუთარი ქალიშვილისთვის განაჩენი გამოეტანა. კერპთაყვანისმცემელი დიოსკური დათანხმდა, თავისი შვილის ჯალათი გამხდარიყო – მან საკუთარ ქალიშვილს თავი მოჰკვეთა. დიოსკურმა და მარკიანემ მალევე მიიღეს ზეცისგან საზღაური – ერთი მათგანი ციურმა ცეცხლმა დაწვა, მეორე კი მეხმა განგმირა.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე 306 წელს გარდაიცვალა. წმინდა ბარბარე ილიოპოლელს, როგორც წმინდანს, თაყვანს სცემენ მართლმადიდებელი, კათოლიკური, კოპტური, სომხური და ანგლიკანური ეკლესიები. მისი ხსენების დღეს მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს აღნიშნავს, კათოლიკური – 4 დეკემბერს.

ამჟამად ბარბარეს წმინდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება. კიევში ის კონსტანტინოპოლიდან მოხვდა, სადაც დიდმოწამის წმინდა ნაწილები მე-6 საუკუნეში ჩაიტანეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close