მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთმა მოქალაქეთა ნაწილს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა

რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ, შეტყობინების მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში პასპორტები ხელისუფლებას უნდა გადასცენ. ამ პროცედურის შესახებ მთავრობის დადგენილება ძალაში 11 დეკემბერს შევიდა.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, ხელისუფლებას შეუძლია საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალოს წვევამდელებს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, მსჯავრდადებულებს, სახელმწიფო საიდუმლოების ან „განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფორმაციის“ მფლობელ პირებს.

ხელისუფლებას პასპორტები მოქალაქეებმა მათ გამცემ ორგანოებში, ზოგიერთ შემთხვევაში კი შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა ჩააბარონ.

მთავრობის დადგენილების თანახმად, სამოგზაურო აკრძალვის დასრულების შემდეგ პასპორტი მფლობელს განაცხადის შევსებისთანავე შეიძლება დაუბრუნდეს.

მათ, ვისაც დროებით შეეზღუდა მოგზაურობის უფლება სამხედრო ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში გაწვევის საფუძველზე, დამატებით უნდა წარადგინონ დამადასტურებელი საბუთი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, ნათქვამია დადგენილებაში.

მარტში გამოცემა „ფაინანშალ ტაიმსმა“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურმა მაღალჩინოსნებსა და სახელმწიფო კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავის ასაცილებლად პასპორტები ჩამოართვა.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close