დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო (ფოტოები)
რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო – წლევანდელი სლოგანია „თბილისი – ევროპული ქალაქია“.
ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა, რომელიც მაყურებელს შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას უამბობდა.
ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია იტალიელი მუსიკოსის, სტეფანო სინიორონის (Stefano Signoroni) და მისი ბენდის კონცერტით გაგრძელდა.
16 დეკემბრიდან ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.
„16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს „საახალწლო სოფელი“. სოფელი განთავსდება ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, დედაენის ბაღში, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები. ამავე პერიოდში „საახალწლო სოფელში“ მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ.
„საახალწლო სოფელში“ დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდისა და შემსრულებლის მუსიკალურ საღამოებს. მთლიანობაში 23 ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება. გიწვევთ ოჯახებით, მეგობრებით, სტუმრებით 15 და 16 დეკემბერს როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე „საახალწლო სოფლის“ გახსნაზე. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იქნება ძალიან ლამაზი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები