მსოფლიოიტალიაპოლიტიკა

ჯორჯა მელონი FORBES-ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალთა 2023 წლის რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს – ვინ არის პირველი

ამერიკულმა Forbes-მა, ტრადიციულად, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ასეულის სია გამოაქვეყნა. გამოცემის რეიტინგში ზედიზედ მეორე წელია, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერობს, რომელსაც 2023 წლის სიაში ასევე პოლიტიკური სფეროს წარმომადგენლები მოჰყვებიან.

შედეგად, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების მიმდინარე წლის ხუთეულში ოთხი პოლიტიკოსია: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი.

მეხუთე პოზიციაზე კი შოუბიზნესის წარმომადგენელი, მომღერალი ტეილორ სვიფტია, რომელიც გასული წლის რეიტინგში მხოლოდ 79-ე ადგილს დასჯერდა. სვიფტის აღმასვლა უმეტესწილად მისი ეკონომიკური გავლენის დამსახურებაა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, რეკორდული, $850-მილიონიანი შემოსავლის მქონე Eras-ს ტური აშშ-ის ეკონომიკას $5 მილიარდზე მეტს მოუტანს. სვიფტის გარდა წარმატებული აღმოჩნდა კიდევ ერთი პოპვარსკვლავის, ბიონსეს (N36) ტურნეც, თავად მომღერალი კი რეიტინგში 44 პოზიციით დაწინაურდა.

როგორც ყოველთვის, 2023 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგიც ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით განისაზღვრა, ესენია: ფული, მედია, გავლენა და გავლენის სფეროები. პოლიტიკური ლიდერების შემთხვევაში ყურადღება, ძირითადად, მოსახლეობის დამოკიდებულებასა და მშპ-ზე გამახვილდა, კორპორაციული ხელმძღვანელების შეფასებისას გადამწყვეტი კომპანიების შემოსავლების, ღირებულებისა და თანამშრომლების რაოდენობის მაჩვენებლები აღმოჩნდა.

შედეგად, გამოცემამ გამოავლინა 100 ქალი, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ძირითადი საქმიანობის გარდა კი გადამწყვეტი იყო მათი აქტივობა პოლიტიკურ და სოციალურ, მათ შორის, ამერიკაში ქალების რეპროდუქციული ავტონომიისთვის, ავღანეთსა და ირანში განათლებისა და პირადი უფლებებისთვის, ასევე, უკრაინასა და ღაზის ტერიტორიაზე გენდერული ძალადობისგან დაცვაში მონაწილეობა.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ათეული:

  1. ურსულა ფონ დერ ლაიენი – პოლიტიკა, ევროკომისიის პრეზიდენტი.
  2. კრისტინ ლაგარდი – პოლიტიკა, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი.
  3. კამალა ჰარისი – პოლიტიკა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
  4. ჯორჯა მელონი – პოლიტიკა, იტალიის პრემიერ-მინისტრი.
  5. ტეილორ სვიფტი – შოუბიზნესი, მომღერალი.
  6. კარენ ლინჩი – ბიზნესი, CVS Health-ის აღმასრულებელი დირექტორი.
  7. ჯეინ ფრეიზერი – ფინანსები, Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორი.
  8. აბიგაილ ჯონსონი – ფინანსები, Fidelity Investments-ის აღმასრულებელი დირექტორი.
  9. მერი ბარა – ბიზნესი, General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი.
  10. მელინდა ფრენჩ გეიტსი – ქველმოქმედება, Bill & Melinda Gates Foundation-ის თანათავმჯდომარე.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close