ერდოღანმა და მიცოტაკისმა ათენში მეგობრობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი – საბერძნეთისა და თურქეთის ურთიერთობაში ახალი ერა იწყება?
საბერძნეთი და თურქეთი, 6-წლიანი „პოლიტიკური გამყინვარების“ შემდეგ, აპირებენ ორმხრივი დაძაბული ურთიერთობები გააუმჯობესონ სხვადასხვა ზომით, რომლებიც ურთიერთნდობის განმტკიცებისკენ არის მიმართული და ორი ქვეყნის ურთიერთობაში „ახალი ერა“ დაიწყონ. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ათენში 7 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
მიცოტაკისის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებმა შესაბამის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
ერდოღანმაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო და მიცოტაკისი თურქეთში მიიწვია.
საბერძნეთი და თურქეთი, რომელთა სახელითაც მოლაპარაკებებში რამდენიმე მინისტრი მონაწილეობდა, შეთანხმდნენ, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას ტურიზმის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, აგრეთვე, ტექნოლოგიების, განათლების სფეროებში და მიგრაციის საკითხებში. ამას გარდა, მხარეებმა მიზნად დაისახეს, მომდევნო 5 წლის განმავლობაში გააორმაგონ სავაჭრო ბრუნვა 10 მლრდ დოლარამდე (9,3 მლრდ ევრო).
ტურიზმის სფეროს რაც შეეხება, თურქეთის მოქალაქეები გამარტივებული პროცედურებით შეძლებენ ვიზების მიღებას თურქეთის სიახლოვეს მდებარე ათეულობით ბერძნულ კუნძულზე დასასვენებლად. ამის ნებართვა საბერძნეთმა ევროკომისიისგან მიიღო.
ორ ქვეყანას შორის სერიოზული უთანხმოება რჩება ეგეოსის ზღვაში ტერიტორიული სუვერენიტეტის და მისი ფსკერიდან რესურსების მოპოვების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მიცოტაკისმა გამოთქვა იმედი, რომ ორივე მხარე მოახერხებს ამ უთანხმოების დაძლევას. „არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც ვერ შევძლებდით“, – განაცხადა, თავის მხრივ, ერდოღანმა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამგვარ შეხვედრებს ყოველწლიურად ჩაატარებენ. წინა მსგავსი შეხვედრა 2016 წელს გაიმართა და ამის შემდეგ საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა.
შეგახსენებთ, რომ ორივე ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) წევრია; ამასთან, თურქეთმა ევროკავშირის წევრობის თაობაზე განაცხადი 1987 წელს გააკეთა და კანდიდატის სტატუსი1999 წლიდან აქვს.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები