ვადაგასული მედიკამენტები: მათ მიღებას მაინც აგრძელებთ?
გაციებასთან დაკავშირებული ავადმყოფობები სწორედ მაშინ გვემართება, როცა ყველაზე ნაკლებად გვინდა. თანაც ეს, როგორც წესი, შაბათ-კვირას ემთხვევა ხოლმე. როცა პირველი დახმარების საოჯახო აფთიაქს ათვალიერებ, უცებ აღმოაჩენ: ხველის სიროფს ვადა რამდენიმე თვის წინათ გასვლია. ასევე ირკვევა, რომ ამავე მიზეზით ვერც თავის ტკივილის გამაყუჩებელ აბებს გამოიყენებ. გამოდის, რომ ერთადერთი გამოსავალი აფთიაქში წასვლაა? თუ მედიკამენტებზეც იგივე ხდება, რაც ზოგიერთი საკვები პროდუქტის შემთხვევაში, რომლებსაც შენახვის უფრო გრძელი ვადა აქვთ, ვიდრე მწარმოებლის მიერ არის მითითებული?
კვლევა: ზოგიერთი პრეპარატი 20 წლის შემდეგაც კი ვარგისია
ვიურცბურგის უნივერსიტეტის ფარმაციისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის ინსტიტუტის უფროსმა პროფესორმა, ულრიკე ჰოლცგრაბემ ეს საკითხი ლაბორატორიაში შეისწავლა. მან გამოიკვლია წამლები და ამპულები, რომლებიც, სულ მცირე, 20 წლის, ზოგიერთი მათგანი კი 40 წელზე მეტი ხნისაც კი იყო. შედეგი გასაოცარია: ფარმაკოპეული ხარისხი ბევრმა მათგანმა ამდენი წლის შემდეგაც შეინარჩუნა. ეს ნიშნავს, რომ მათში არ იყო მავნე მინარევები, აქტიურ ინგრედიენტებს კი დაშლის დრო ჯერ არ ჰქონდათ გასული. „საოცრად სტაბილურია“, – დაასკვნეს ჰოლცგრაბემ და მისმა თანაავტორებმა „გერმანიის სააფთიაქო გაზეთში“ (Deutsche Apothekerzeitung) გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
„კვლევის შედეგებიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ბევრი მედიკამენტი გაცილებით დიდხანს ინახება, მაგრამ ეს სტაბილობის სისტემატური კვლევებით უნდა დადასტურდეს, – განმარტა ჰოლცგრაბემ „ბაიერიშერ რუნდფუნკისთვის“ (BR24) მიცემულ ინტერვიუში, – რიგითმა მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაიცვას ვარგისიანობის ვადა, რადგან ადამიანების უმრავლესობა ამ საკითხში ვერ ერკვევა და ვერ აფასებს, ჯერ კიდევ ვარგისია თუ არა მედიკამენტი. პირადად მე, 15 წლის წინ გამოშვებულ ციპრობაის (Ciprobay) ვიღებ, რადგან ვიცი, რომ ამ პერიოდში მისი დაშლა ვერანაირად ვერ მოხდებოდა“. „გამოუვალ შემთხვევებში, ე.ი მაშინ, თუ მიწოდების პროცესში შეფერხებებია და წამალი დეფიციტურია, შეგიძლიათ რჩევისთვის აფთიაქს დაუკავშირდეთ, – ამბობს ჰოლცგრაბე, – მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა მოხდეს“.
ფარმაცევტი: ფრთხილად იყავით წყლის შემცველ მედიკამენტებთან
ალტოტინგელმა ფარმაცევტმა BR24-ს განუცხადა, რომ კლიენტები ხშირად ეკითხებიან, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. იგი გვირჩევს, ასეთ შემთხვევებში სიფრთხილე გამოვიჩინოთ: „უმეტეს შემთხვევაში ინგრედიენტი იშლება, რამაც შეიძლება მისი შემცველობის შეცვლა გამოიწვიოს, მაგალითად, ასპირინში. ეს წარმოქმნის ძმარმჟავას, რომლის შეგრძნება დასუნვითაც შეიძლება“.
თვალის წვეთების ან ჭრილობების მოვლის საშუალებების გამოყენებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, პირველი გახსნის შემდეგ რამდენ ხანს შეიძლება მისი გამოყენება. „კონსერვაციის შემთხვევაში ყოველთვის შეიქმნება პრობლემები, თუ მასში წყალიც არის გამოყენებული“. გარდა ამისა, ასეთი პრეპარატი უნდა იყოს სრულიად სტერილური, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ბავშვები ან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები მოიხმარენ.
ვადაგასული ანტიბიოტიკები: რეზისტენტობა, როგორც „ყველაზე უარესი“ შედეგი
ფარმაციის პროფესორი ჰოლცგრაბე ასევე აღნიშნავს: „ვარგისიანობის კუთხით, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებები ტაბლეტებს შორის, რომლებიც, ჩვეულებრივ, ძალიან სტაბილურია, კრემებსა და მალამოებს შორის, რომლებიც წყალს შეიცავს და, აქედან გამომდინარე, სამკურნალო ნივთიერების ჰიდროლიზება შეუძლიათ და საინიექციო ხსნარებს შორის, რომლებშიც დეგრადაციის რეაქციები უფრო ადვილად ხდება, რადგან ისინი წყალხსნარში მიმდინარეობს“. თუმცა, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა წამლების სტაბილურობა განსხვავებულია და აქ არ შეიძლება საერთო, ზოგადი წესები არსებობდეს.
BR24-თან ინტერვიუში ჰოლცგრაბე ვადაგასული მედიკამენტებისგან მომდინარე სხვა საფრთხეზეც საუბრობს: „თუ პენიცილინსა და სხვა ანტიბიოტიკებს ავიღებთ, ისინი შეიძლება ჰიდროლიზდეს და შემდეგ გახდეს არაეფექტური. ეს ნიშნავს: გარდა იმისა, რომ მას ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლა აღარ შეუძლია, ამავე დროს, ის რეზისტენტულიც ხდება. ეს ყველაზე უარესი სცენარია და ყველაფრის ფასად, თავიდან უნდა ავიცილოთ“. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ანტიბიოტიკის დაუყოვნებლივ შეცნობა შეუძლებელია – განსხვავებით, მაგალითად, ტკივილგამაყუჩებლისგან, რომლის ნაკლებეფექტურობა სწრაფად შეიმჩნევა.
რატომ არის შენახვის ვადა ასე მოკლე?
საჭიროა მეცნიერული კვლევა იმის გასარკვევად, თუ რამდენ ხანს შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ჰოლცგრაბე, უკვე დიდი ხანია, ამის გაკეთებას ითხოვს: „დამტკიცების, ანუ კლინიკური კვლევების შემდეგ, სარეზერვო ნიმუშების ანალიზი, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება და მაშინ ვარგისიანობის ვადის თანდათან გადაწევაც გახდება შესაძლებელი“.
ცოტა ხნის წინ მსგავს შემთხვევას წავაწყდით პრეპარატ პაკლოვიდთან დაკავშირებით. „ვინაიდან ეს პრეპარატი სასწრაფოდ იყო საჭირო კორონავირუსის სამკურნალოდ, ის სწრაფად დამტკიცდა, წამლის სტაბილურობის შესასწავლად დადგენილი ხუთწლიანი ვადის გარეშე. ასე რომ, პრეპარატის მოწონების შემდეგ უნდა გავაგრძელოთ მისი სტაბილურობის მონიტორინგი“, – განმარტავს ჰოლცგრაბე.
მისივე თქმით: „მწარმოებლებს არ სურთ, რომ შენახვის ვადამ ხუთ წელს გადააჭარბოს, რადგან ამ შემთხვევაში პაციენტები ახალ პრეპარატებს მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ შეიძენენ. გარდა ამისა, ასეთ კვლევებს, რა თქმა უნდა, ფულიც სჭირდება. ამასთან, უცნობია, როგორ ინახება მედიკამენტები სახლის პირობებში, ხოლო სტაბილურობის კვლევები შენახვის მკაცრ პროტოკოლებს ექვემდებარება.
ვადაგასული მედიკამენტები – უნდა გადააგდოთ?
თუ პირველადი დახმარების საოჯახო აფთიაქის მოწესრიგება გსურთ, მაშინ ჯერ ნარჩენები უნდა დაახარისხოთ: მუყაოს შეფუთვა – მაკულატურაში გაამწესოთ, ცარიელი ბლისტერები ან მალამოს ქილები – ყვითელ ჭურჭელში. ფერის მიხედვით დახარისხებული ცარიელი შუშის კონტეინერების გადაყრა მინის ნარჩენებთან ერთად არის შესაძლებელი. ხანდახან მედიკამენტებს, რომელთა მოხმარების ვადა მალე იწურება, აფთიაქები იბარებენ, რომლებიც მას მოგვიანებით ანადგურებენ. თუმცა ეს აფთიაქების ვალდებულება არ არის – ეს უფრო მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურებაა.
გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს გაფრთხილების თანახმად, არასოდეს დაასხათ მედიკამენტები ტუალეტში ან ნიჟარაში, რადგან კანალიზაციის ქსელი არ არის მზად ჩამდინარე წყლის საშუალებით აქტიური ნივთიერებების გასანეიტრალებლად. დაბალი კონცენტრაციის მქონე ნივთიერებებმაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს წყლის ორგანიზმებზე ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში შეაღწიოს.
კომენტარები