ბედისწერა ლია ელიავას ცხოვრებაში და დოკუმენტური დეტექტივი კნუტ ჰამსუნსა და თბილისში მოკლულ დაგნი იუელზე, რომელიც რეჟისორმა ვერ გადაიღო
კინორეჟისორ ლიანა ელიავას, რომელსაც მაყურებელი იცნობს ფილმებით: „ბზიანეთი“, „ეპისკოპოსი ნადირობაზე“, „გზის დასაწყისი“, „ფერმა მთაში“, „სინემა“ და ა. შ. – ბედისწერის ძალიან სჯეროდა და მიაჩნდა, რომ მისი ცხოვრება, პირადიც და შემოქმედებითიც, მთლიანად ამ ძალას ემორჩილებოდა. როგორც თავად ამბობდა, ბედისწერამ საკუთარი ფეხით მიიყვანა იგი მომავალ მეუღლესთან – ცნობილ პოეტ რობერტ ვინონენთან, რომელთან ერთადაც ფინეთში, ქალაქ ჰელსინკიში ცხოვრობდა „სულში ჩაბრუნებული მზერით, სადაც მხოლოდ საქართველოა“. მეუღლის მსგავსად ლექსებს თვითონაც წერდა (გამოცემული აქვს პოეტური კრებული „საუკუნის სამანი“ და კინომოთხრობები) და საქართველოს მონატრებას პოეზიით იქარვებდა, ნოსტალგიის ძლიერი შემოტევის დროს კი მშობლიურ ქალაქს სტუმრობდა.
ბედისწერა იყო ალბათ ისიც, რომ ლიანა ელიავამ ეს ნოსტალგია თან არ წაიყოლა და სამუდამო განსასვენებელი საქართველოში, საყვარელ ქალაქში პოვა – იგი ჰელსინკიდან ჩამოასვენეს და 25 ოქტომბერს (2023 წ.) დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე.
სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, ლია ელიავას რამდენიმე კინოსცენარი განუხორციელებელი დარჩა, მათ შორის იგი საყვარელი მწერლის – კნუტ ჰამსუნისა და ნორვეგიელი ლამაზმანის, თვალსაჩინო ევროპელ ხელოვანთა (ედუარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერგის, სტანისლავ პშიბიშევსკისა და, როგორც ირკვევა, თავად კნუტ ჰამსუნისაც) მუზის – დაგნი იუელის საქართველოში მოგზაურობის შესახებ დოკუმენტური დეტექტივის გადაღებას აპირებდა. ცნობილი ფაქტია, რომ ნორვეგიელი მწერალი ქალი და პიანისტი, სილამაზითა და ბოჰემური ცხოვრებით ცნობილი დაგნი იუელი საქართველოში სტუმრობისას მოკლეს 33 წლის ასაკში. თბილისში ყოფნის დროს, ერთ-ერთი შეხვედრისას, ქალბატონმა ლიანამ ამ ამბავთან დაკავშირებული საკმაოდ საინტერესო ვერსია მიამბო.
ინტერვიუს „არქივიდან“, სადაც, პირველ რიგში, იმის შესახებ ვსაუბრობთ, თუ როგორ შეუყვარდა ერთი ნახვით მომავალი მეუღლე და როგორ აღმოჩნდა ფინეთში, მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.
***
ლიანა ელიავა: ფინეთში შემთხვევით აღმოვჩნდი… საერთოდ, მთელი ჩემი ცხოვრება, პირადიც და შემოქმედებითიც, შემთხვევითობას უკავშირდება, შემთხვევა კი ჩემთვის ბედისწერის ტოლფასია – მე მჯერა ბედისწერისა. „კაცი ვერსაით წაუვა თავის ბედსა და წერასაო“, – ქართული ხალხური ნათქვამია. მეც ვერსაით წავუვედი – ჩემი ფეხით მივედი მომავალ მეუღლესთან (პოეტი და მთარგმნელი რობერტ ვინონენი, რომელიც 1997 წელს გადავიდა ფინეთში საცხოვრებლად 58 წლის ასაკში, ამჟამადაც იქ ცხოვრობს და მოღვაწეობს – რედ.).
…ფილმისთვის „გზის დასაწყისი“ ლექსების თარგმანი დამჭირდა. იმ დროს, როგორც წესი, ქართულ ფილმებს რუსულად თარგმნიდნენ და მოსკოვში მიჰქონდათ გასახმოვანებლად. ბატონი თამაზ ჭილაძის რჩევით, ყოფილი საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირში საქართველოს წარმომადგენელს დავუკავშირდი, რომელმაც მითხრა: „რას ჩააცივდებით ხოლმე ევტუშენკოებს და ვოზნესენსკებს, ერთ საინტერესო პოეტთან დაგაკავშირებთ, მთარგმნელიც არის, მოსინჯეთ, იქნებ მოგეწონოთ“, და ჩემთვის უცნობი პოეტის – რობერტ ვინონენის კოორდინატები მომცა. იგი მოსკოვში გამომცემლობა „საბჭოთა მწერლობაში“ მუშაობდა. დავურეკე. მეორე დღეს რედაქციაში დამიბარა. მივედი. განსაკუთრებული პატივით შემხვდნენ, როგორც ქართველს: მაგიდაზე უკვე ელაგა ხილი, ყავა და ნამცხვარი… ვისაუბრეთ. რობერტმა თავისი ლექსების წიგნი მაჩუქა. ეს წიგნი სხვისთვის საჩუქრად ჰქონდა გამზადებული. წარწერა ამოჭრა, რადგან სხვა ეგზემპლარი არ აღმოაჩნდა, ქაღალდი ჩააწება და ზედ ექსპრომტად ლექსიც წამიწერა. წამოვიღე ეს ლექსები სახლში და სულ რაღაც ორ საათში თავიდან ბოლომდე ჩავიკითხე. ძალიან მომეწონა. ახლა სულ ვეხუმრები ხოლმე, ჯერ შენი ლექსები შემიყვარდა, მერე შენ-მეთქი… იცით, მთელი ცხოვრება ერთი ნახვით შეყვარებაზე ვოცნებობდი და ბედმა მართლაც გამიღიმა – რობერტი ერთი ნახვით შემიყვარდა. როგორც ჩანს, ისიც პირველი ნახვისთანავე განეწყო ჩემდამი სიმპათიით, ლექსების თარგმანიც გამიკეთა და სულ რამდენიმე დღეში ხელიც მთხოვა. მეც მაშინვე დავთანხმდი… ძალიან ვაფასებ, როცა ცხენივით დიდხანს არ გისინჯავენ კბილს და ძირისძირობამდე არ იკვლევენ შენს ბიოგრაფიას, შესაძლებლობებს და სიმდიდრეს…
სიყვარული – მაინც რა გრძნობაა, თქვენი აზრით, ისეთი, რომლის გამოც ფინეთში ხართ „გადაკარგული“, თუ შეიძლება ასე ითქვას?
რომ არა დიდი სიყვარული, ფინეთში რა გამაჩერებდა?! როგორ გითხრათ?“ – ალბათ ერთად ყოფნის აუცილებლობა რაღაც აუხსნელი ფლუიდებია, რომელიც შენდაუნებურად გიპყრობს და გიმონებს.
ფინეთში რას საქმიანობთ, ქალბატონო ლიანა?
უნივერსიტეტსა და სხვადასხვა ინსტიტუტთან ვთანამშრომლობ. გარდა ამისა, ვწერ ლექსებს და ჩემი განუხორციელებელი კინოსცენარებიც კინომოთხრობებად ავკინძე. სიტყვაც ისევე მიყვარს, როგორც კადრი. არავინ, არაფერი მზღუდავს, არავინ მაკონტროლებს, რაც დიდი ბედნიერებაა… ვზივარ ჩემთვის სახლში და ვწერ, თუმცა კინო ძალიან მაკლია…
როგორი ხალხია ფინელები?
ძალიან სამართლიანი და ღირსეული. მძიმე ცხოვრება გამოიარეს – სამი სისხლისმღვრელი ომი რუსეთთან მეოცე საუკუნეში, ქვეყნის ტერიტორიის მეექვსედი დაკარგეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკუთარი შრომით ისე დადგნენ ფეხზე, რომ ფინეთი დღეს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ეკონომიკურად იმდენად ძლიერია, რომ რუსეთის მოქალაქეები თავშესაფრის თხოვნით ხშირად მიმართავენ, ფიქციურ ქორწინებასაც კი აფორმებენ, რომ როგორმე ფინეთში მოხვდნენ.
საუბარში მითხარით, კინო ძალიან მაკლიაო… ფინეთში არ გიცდიათ თქვენი რეჟისორული ნიჭისთვის ასპარეზი მიგეცათ?
თემატიკა, რომელსაც საქართველოსთან კავშირი არ ექნება, არ მაინტერესებს. ფინურ კინოში რა უნდა გავაკეთო? მარტო იმისთვის, რომ რაღაც გადავიღო, ამ საქმიანობას ხელს არ მოვკიდებ, ფინეთი კი რატომ მომცემს ფულს ქართულ თემატიკაზე ფილმის გადასაღებად?! თუმცა, მართალი გითხრათ, არც არავისთვის მიმიმართავს მსგავსი თხოვნით, თორემ იქნებ მოეცათ კიდეც…
ბევრი კინოსცენარი გაქვთ განუხორციელებელი?
რამდენიმე… მათ შორის, ძალიან მინდა გადავიღო დოკუმენტური დეტექტივი მწერალ კნუტ ჰამსუნსა და საქართველოში დაღუპულ ნორვეგიელ ქალბატონზე – დაგნი იუელიზე, რომელიც ცნობილი მწერლებისა და მხატვრების მუზა იყო. კნუტ ჰამსუნმა ( ავტორი რომანებისა: „შიმშილი“, „მისტერიები“, „პანი“, „ვიქტორია“) საქართველოში მოგზაურობის შემდეგ სიყვარულით სავსე სიტყვები უძღვნა ჩვენს ქვეყანას, ამით ამ ვალსაც შეძლებისდაგვარად გადავუხდიდი ჩემს საყვარელ მწერალს.
როგორც ვიცი, იმ დროისთვის უკვე ცნობილმა მწერალმა, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატმა კნუტ ჰამსუნმა საქართველოში ინკოგნიტოდ იმოგზაურა…
დიახ, ეს იყო მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, კერძოდ, 1899 წლის ზაფხულში. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ იმ დროისთვის უკვე საქვეყნოდ აღიარებული მწერალი ახალშერთულ მეუღლესთან ერთად საქართველოში სხვისი გვარ-სახელებითა და საბუთებით ჩამოვიდა. ცხოვრობდნენ სასტუმრო „ლონდონში“ (ამჟამად ათონელის ქ. 31). შენობას ამ ფაქტის აღსანიშნავად დღეს მემორიალური დაფა ამშვენებს. 1903 წელს ჰამსუნმა გამოაქვეყნა ესე, სათაურით „ზღაპრულ ქვეყანაში“, რომელიც მისი ცხოვრების სწორედ ამ ეპიზოდს, ანუ რუსეთის გავლით კავკასიაში მოგზაურობას ეხება.
იქნებ უფრო კონკრეტულად მოგვითხროთ, ვინ იყო დაგნი იუელი. ვინ და რატომ მოკლა იგი საქართველოში და რა აკავშირებდათ კნუტ ჰამსუნსა და ნორვეგიელ ლამაზმანს?
პირველ რიგში, გეტყვით, რომ კნუტ ჰამსუნის „მისტერიების“ გმირ დაგნისა და რეალურ დაგნის შორის ბევრი მსგავსებაა. დაგნი იუელი ნორვეგიელი პიანისტი, მხატვარი და პოეტი იყო. ულამაზესი ქალი, მეუღლე პოპულარული პოლონელი მწერლის სტანისლავ პშიბიშევსკისა და მუზა დიდ ხელოვანთა – მისი თანამემამულის, მხატვარ ეუარდ მუნკისა და შვედი მწერლის – ავგუსტ სტრინდბერგის.
დაგნი საქართველოში ექვსი წლის ვაჟიშვილთან – ზენონთან ერთად მოგზაურობდა (1901 წ. გაზაფხული). ამ დროს იგი 33 წლის იყო. მოგზაურობისას თან ახლდა ოჯახის მეგობარი, ჭიათურის მარგანეცის საბადოების მფლობელის შვილი, 25 წლის ვლადისლავ ემერიკი, რომელმაც სტანისლავ პშიბიშევსკის ოჯახი საქართველოში მოიწვია. თვით სტანისლავი, სამსახურის საქმეების გამო, მათთან ერთად ვერ წამოვიდა – იგი საქართველოში ერთი კვირის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო. დაგნი შვილთან ერთად სასტუმრო „გრანდ ოტელში“ დაბინავდა. მოგვიანებით მემორიალური დაფა ამ შენობაზეც გაჩნდა. ემერიკს კი მისი მეგობარი, საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი – მელჩავსკი მასპინძლობდა.
გავიდა დათქმული კვირა, ათი დღე… პშიბიშევსკი არ ჩანდა… ახალგაზრდა, სიმპათიურმა ემერიკმა ზღვარგადასული ყურადღება გამოიჩინა სიყვარულს მონატრებული ქალისადმი. საბედისწერო მეთერთმეტე დღეს ემერიკმა რევოლვერით მოკლა დაგნი, რის შემდეგაც თვითონაც თავი მოიკლა. სიკვდილის წინ მან სამი წერილი დატოვა: ერთს დაგნის მეუღლეს -პშიბიშევსკის წერს, მეორეს – დაგნის შვილს, რომელიც მაშინ უნდა წაეკითხა, როდესაც 24 წლის გახდებოდა. მესამეს – ქართველ მასპინძელს, თუ როგორ უნდა დაესაფლავებინათ ცხედრები. სხვათა შორის, ემერიკი წერილში დაგნის მეუღლეს სწერს, მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინაო.
პშიბიშევსკიმ მეუღლის სიკვდილის შემდეგ არაჩვეულებრივი წერილი („როცა მზე ჩადის“) დაწერა, სადაც აღნიშნავს, დაგნი გულწრფელობამ, სიამაყემ და სილამაზემ დაღუპაო: „მისი ტრაგედია სილამაზე, სიამაყე და გულწრფელობა აღმოჩნდა. ის იყო ულამაზესი ყვავილი, რომელიც იშვიათად იფურჩქნება, მაგრამ განწირულია გასათელად“. განსაკუთრებით თვალშისაცემია სიტყვა „გულწრფელობა“. როგორც ჩანს, დაგნიმ ემერიკს ისეთი საიდუმლო გაუმხილა, რაც პშიბიშევსკიმაც იცოდა. ჩემი აზრით, ეს საიდუმლო დაგნის შვილს შეეხება (დაგნის ორი შვილი ჰყავდა).
დაგნი იუელი მხატვარ ედუარდ მუნკის მოდელი და მისი დიდი სიყვარული იყო. მუნკის ცნობილ სურათზე „მადონა“ სწორედ შიშველი დაგნია დახატული. ამ სურათზე ჩემი ყურადღება წითელ ჩარჩოში ჩახატულმა მოულოდნელმა დეტალებმა მიიქცია: ზემოთ – სპერმის სამკაულებმა, ქვევით – ბავშვის ჩანასახმა.
შემდეგ ვარიანტში მუნკმა ჩანასახი მოხსნა, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ეს შემთხვევითი, უმნიშვნელო დეტალები იყოს? თანაც დრო, როცა იგი დაგნის ხატავდა, მისი შვილის ასაკს ემთხვევა. შესაძლოა, ქალმა ემერიკს სწორედ ის უთხრა, რომ შვილი მუნკისგან ჰყავდა, მან კი გადაწყვიტა, რომ იგი დაესაჯა.
როგორც ჩანს, დაგნის ჭეშმარიტი სიყვარული მუნკი იყო. მხატვარსაც უყვარდა იგი, მაგრამ ცოლად არ შეირთო. მუნკი ბოლომდე უცოლო დარჩა. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა: არამყარი ეკონომიკური მდგომარეობა, განუკურნებელი სენი – ტუბერკულოზი, რომელმაც მისი ნათესავების უმრავლესობა შეიწირა; შიში, რომ ოჯახი ჩაკლავდა მის ნიჭს და ბოლოს, იქნებ ყველაზე მთავარი – ერთგულება ერთადერთი სიყვარულისადმი. ამას მან თითის ფალანგიც კი შესწირა, როცა 1902 წელს თავის საყვარელ ტულა ლარსენს უარი განუცხადა დაქორწინებაზე. ქალი, თვითმკვლელობის მიზნით, რევოლვერს დასწვდა, მუნკიმ სცადა იარაღი ხელიდან გამოეგლიჯა და ამ დროს შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ მხატვარს თითის ფალანგი მოსაჭრელი გაუხადა. ამ ფაქტმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი მათ ურთიერთობას. ტუბერკულოზით დაავადებულ მუნკს ფსიქიკური აშლილობაც დაერთო და თვეობით მკურნალობდა ევროპის სანატორიუმებში.
რაც შეეხება კნუტ ჰამსუნს, რაიმე ცნობა იმის შესახებ, რომ იგი დაგნის პირადად იცნობდა, არ მოგვეპოვება, თუმცა მან გაიცნო დაგნის სახელთან დაკავშირებული მამაკაცები: სტრინდბერგი – 1894 წელს, მუნკი კი – 1896 წელს. ჰამსუნი, როგორც სიყვარულის მწერალი, ალბათ თავისი სულის სალაროში აგროვებდა არა მარტო საკუთარ გამოცდილებას, არამედ სხვათა ყურმოკრულ თავგადასავლებსაც, მათ შორის, მუნკისა და დაგნის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებაც სმენოდა ალბათ რაღაც დაფარული. დაგნი იუელი თავდაპირველად თბილისში, კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს. საუკუნის თავზე ქართველი მკვლევრის, ანდრე კარბელაშვილისა და კუკიის სასაფლაოს დირექტორის, არკადი ჭოველიძის თაოსნობით მისი ცხედარი იქვე, წმინდა ნინოს ეკლესიის ეზოში მდებარე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს, რომელიც არკადი ჭოველიძემ დააარსა 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული თავისი ქალიშვილის – თამრიკო ჭოველიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად.
თამარ ოთიაშვილი
p. s. რამდენიმე წლის წინათ კინორეჟისორმა ლიანა ელიავამ თავისი მხატვრული და დოკუმენტური ფილმები სრულად გადასცა კინოსტუდია „ქართულ ფილმს“.
ლიანა ელიავას კინონამუშევრები ამჟამად დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ საცავშია დაცული.
კომენტარები