მედიცინა

მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც ფიზიკური ვარჯიშის მსგავსად მოქმედებს

ამერიკელმა მეცნიერებმა  შექმნეს პრეპარატი, რომელიც ვარჯიშის მსგავსად მოქმედებს. თაგვებში ცდისას აღმოჩნდა, რომ ახალი პრეპარატი კუნთებს ისე ასტიმულირებს, რომ ენერგიის დახარჯვას აიძულებს და ამავე დროს, ცხიმის მასას ამცირებს.

ამერიკელ მკვლევართა მიერ შექმნილი ნაერთი მიეკუთვნება პრეპარატთა შეთავაზებულ კლასს, რომელსაც ვარჯიშის მიმბაძველებს უწოდებენ, ჯერ ძირითადად ცხოველებში ტესტავენ და მოხმარებისთვის დამტკიცებული არ არის.

როგორც სახელიც მიუთითებს, სატესტო ნივთიერება განკუთვნილია ვარჯიშის ეფექტის მისაღწევად ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე; ის ააქტიურებს იმ ბიოლოგიურ გზებს, რომლებიც, როგორც წესი, ფიზიკური აქტივობისას აქტიურდება. ნამდვილად კარგად ჟღერს, ვერაფერს იტყვი.

რაც არ უნდა იმედისმომცემად ჩანდეს, ჯერ კიდევ ბევრი ტესტირებაა საჭირო, რათა სრულად გამოიკვეთოს მისი ყველა რისკი და სარგებელი. ვარჯიშისადმი ადამიანის სხეულის რეაგირება ხომ წარმოუდგენლად კომპლექსურია, თუმცა ეს ახალი კანდიდატი პრეპარატი ააქტიურებს მაღალი ენერგიის მოთხოვნის მქონე ქსოვილებში არსებულ რეცეპტორებს, მაგალითად, კუნთებს და თაგვებში აერობიკის ვარჯიშის მსგავს ეფექტებს წარმოქმნის.

ამიტომ, ამ პრეპარატის მიღების შემდეგ მოსვენებაში მყოფი ცხოველები უფრო მეტ ენერგიას წვავენ, მოძრაობისას კი უფრო დიდხანს შეუძლიათ ფიზიკური აქტივობა.

„ეს ნაერთი ჩონჩხის კუნთებს იმავე ცვლილებების განხორციელებას აიძულებს, რასაც მძიმე ვარჯიში“, – ამბობს კვლევის ავტორი, ფლორიდის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის მკვლევარი თომას ბურისი.

მცირე ვარჯიშებისა და წონაში კლების ვარჯიშის დროს ჩვენი კუნთები, ძირითადად, გლუკოზას წვავს, უფრო ხანგრძლივი ვარჯიშისას, მაგალითად, სირბილისას კი ცხიმოვანი მჟავების წვაზე გადადის.

„ამ პრეპარატით თაგვების მკურნალობისას ვხედავთ, რომ მთელი ორგანიზმის მეტაბოლიზმი ცხიმოვანი მჟავების გამოყენებაზე გადადის, რაც ძალიან ჰგავს პროცესებს, რომლებიც შიმშილის ან ვარჯიშისას მიმდინარეობს“, – განმარტავს ბურისი.

წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ წინა კვლევაში ბურისმა და მისმა ჯგუფმა აჩვენეს, რომ მათმა ნაერთმა, სახელად SLU-PP-332, თაგვებში კუნთის ბოჭკოს სპეციფიკური ტიპი გაზარდა და ვარჯიშის მიმართ გამძლეობა გააძლიერა. ნორმალური წონის თაგვები უფრო შორს და დიდხანს გარბოდნენ, ვიდრე ისინი, რომლებსაც ეს ნაერთი არ ჰქონდათ მიღებული. ისე ჩანდა, თითქოს პრეპარატმა ენერგიის ახალ საცავს ახადა თავი.

ახალ კვლევაში ჯგუფს სურდა უფრო მეტი გაეგო კუნთების მეტაბოლიზმზე ამ ნაერთის გავლენაზე, მათ შორის, ცხოველის კუნთების მიერ გამოყენებულ საწვავზე, წონის ცვლილებაზე, გლუკოზისადმი შემწყნარებლობასა და ცხიმების მარაგზე.

მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ნაერთის მიღებიდან ორ საათში, მან თაგვების კუნთები უფრო მეტი ცხიმის დაწვაზე გადართო, ისე, როგორც ეს ხანგრძლივი ვარჯიშისას იქნებოდა.

ერთი თვის შემდეგ ასეთი გადართვის შედეგები უკვე აშკარა გახდა. ჩვეულებრივი თაგვი, რომელსაც პრეპარატს ერთი თვის განმავლობაში აძლევდნენ, იმდენივეს იწონიდა, რამდენსაც მკურნალობის დაწყებამდე. ცხოველები ერთნაირი ოდენობის საკვებს ჭამდნენ და ჩვეულებრივზე აქტიურები არ იყვნენ. მიუხედავად ამისა, SLU-PP-332-ით მკურნალობისას მათი ცხიმის მასა შემცირდა.

შემდეგ ექსპერიმენტებში, რომლებიც ჭარბწონიან თაგვებზე ჩაატარეს, 28-დღიანი მკურნალობის შემდეგ მათი ცხიმის მასაც შემცირდა და წონაშიც საშუალოდ 12 პროცენტით დაიკლეს. მოსვენების დროს ისინი, უბრალოდ, მეტ ენერგიას ხარჯავდნენ.

„ჩვენი მონაცემები მკაფიოდ მიუთითებს, რომ ასეთი ნაერთით შესაძლებელი უნდა იყოს ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიც არის მე-2 ტიპის დიაბეტი და სიმსუქნე, რომელთა დროს ვარჯიში აუცილებელია“, — წერენ მკვლევრები.

თუმცა ოდნავ სხვადასხვაგვარი იყო შედეგები გლუკოზისადმი შემწყნარებლობისა და ინსულინისადმი მგრძნობელობის თვალსაზრისით; ეს ის ორი საზომია, რომლებიც დაკავშირებულია დიაბეტის მსგავს მეტაბოლურ დაავადებებთან. ამიტომ, მეტი კვლევაა საჭირო უფრო აშკარა სურათის მისაღებად.

ასევე დიდად არ შეცვლილა ცხოველების მჭლე კუნთოვანი მასა, მაგრამ მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მათი კანდიდატი პრეპარატი ხელს შეუწყობს ხანდაზმულ ასაკში კუნთების დეგრადირების თავიდან აცილებას.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ფიზიკურ აქტივობას მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე ნებისმიერი სახის პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს – აუმჯობესებს განწყობას, აძლიერებს  ძვლებს, არეგულირებს ძილს და სტრესს ამცირებს.

კვლევა Journal of Pharmacology and Experimental Therapeutics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close