დაკარგული 18 წლის ესპანელი ფეხბურთელის ცხედარი ვაგონებს შორის იპოვეს – იდუმალი სიკვდილი სევილიის სადგურზე
ალვარო პრიეტოს გარდაცვალების მიზეზი ავტოფსიით დადგინდა
გამოცემა AS-ის ცნობით, 16 ოქტომბერს სევილიის სადგურზე, მატარებლის ორ ვაგონს შორის საფეხბურთო კლუბ „კორდოვის“ ფეხბურთელის, 18 წლის ალვარო პრიეტოს ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სპორტსმენის უსულო სხეული დაზიანებული მატარებლის ორ ვაგონს შორის იყო მოთავსებული, რომელიც ხიდის ქვეშ უძრავად იდგა სევილიის სანტა ხუსტას სადგურზე 24 აგვისტოს შემდეგ. ფეხბურთელი რეპორტიორმა ალბერტო კატალანმა აღმოაჩინა დილის ახალი ამბების ჩაწერისას, რომელმაც ვაგონებს შორის ღია ფერის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი შენიშნა.
„„კორდოვაში“ ვწუხვართ, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელი ალვარო პრიეტო გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის სურვილის შესაბამისად, კლუბი მხოლოდ ოფიციალური განცხადებით შემოიფარგლება. კლუბის სახელით მადლობას ვუხდით ყველას გაგებისთვის ამ მძიმე დროს და პატივისცემის გამოხატვისთვის. მშვიდად განისვენე, ალვარო“, – ნათქვამია „კორდოვის“ პრესსამსახურის განცხადებაში.
ფეხბურთელი ბოლოს 12 ოქტომბერს ნახეს სევილიის ვაგზალზე, საიდანაც კორდოვაში უნდა დაბრუნებულიყო, შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა, ალვარო სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ბოლოს ცოცხალი რკინიგზის სადგურის თანამშრომლებმა ნახეს, რომლებმაც ბიჭს სთხოვეს, სადგურის ტერიტორია დაეტოვებინა, როდესაც იგი ცდილობდა, რელსებზე გასულიყო რამდენიმე მიწისქვეშა გვირაბის გავლით.
„კორდოვის“ ფეხბურთელის იდუმალი სიკვდილის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.
17 ოქტომბერს, საღამოს EFE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტოფსიამ აჩვენა, რომ ალვარო პრიეტოს გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა გახდა. ამავე წყაროს ცნობით, სადგურთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, როგორ აძვრა ფეხბურთელი მატარებლის სახურავზე, რის შემდეგაც, სადენებზე შეხებისას, დენმა დაარტყა და ბიჭი, სავარაუდოდ, ვაგონებს შორის ჩავარდა.
ალვარო პრიეტოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით კორდოვის საქალაქო საბჭომ 17 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ნინო ხოშტარია
შენიშვნა: სტატია განახლებულია 18 ოქტომბერს, 14 სთ-ზე, დამატებული აქვს ქვესათაური და ბოლო 2 აბზაცი
კომენტარები