მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელელმა ანალიტიკოსებმა დაასახელეს 4 მიზეზი, რომელთა გამო ჰამასის თავდასხმა თავიდან ვერ აიცილეს – The New York Times

The New York Times-ის ინფორმაციით, ისრაელელმა ანალიტიკოსებმა დაასახელეს 4 მიზეზი, რამაც არმიასა და უსაფრთხოების სამსახურებს ჰამასის მხრიდან ისრაელზე იერიშების მიტანის თავიდან არიდებაში ხელი შეუშალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ისრაელის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელზე დაყრდნობით ანონიმურობის პირობით ავრცელებს.

NYT-ი ხაზს უსვამს, რომ ეს შეფასებები წინასწარი ხასიათისაა და არ წარმოადგენს საბოლოო დასკვნებს.

გამოცემა წერს, რომ ისრაელის მოუმზადებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა ვერ შეძლეს ჰამასის საკომუნიკაციო ხაზების მონიტორინგი. სტატიაში ნათქვამია, რომ ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოები თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ცდილობდნენ არმიის გაფრთხილებას ჰამასის საკომუნიკაციო ხაზებზე უჩვეულო აქტივობის შესახებ, თუმცა, ეს გაფრთხილება სათანადოდ გათვალისწინებული არ იქნა.

მეორე მიზეზი, რაზეც The New York Times-ი საუბრობს, არის ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარების მონიტორინგისთვის ელექტრონიკაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. ბოლო წლებში ღაზის საზღვრის გასწვრივ განთავსებული სამხედროების რაოდენობა შემცირდა. ამის ნაცვლად, საზღვართან ისრაელმა დაამონტაჟა დიდი რაოდენობით სათვალთვალო კამერები, სენსორები და დისტანციური მართვის იარაღები. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, თავდასხმამდე ჰამასელებმა მობილური ტელეფონების ანძების გასანადგურებლად დრონები გამოიყენეს, რამაც ისრაელის არმიისთვის საზღვართან განთავსებულ აღჭურვილობაზე წვდომა შეაფერხა. შედეგად, კი, როგორც NYT-ი წერს, ჰამასმა საზღვრის ოცდაათ ადგილას გადაკვეთა შეუმჩნევლად მოახერხა.

მესამე მიზეზი, რომელზეც გამოცემის სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული, არის სამხედრო სარდლობის ოპერატიული შეცდომა – კერძოდ, სარდლობამ ერთ ბაზაზე განათავსა სასაზღვრო დივიზიის ხელმძღვანელობა, ჰამასმა კი იგი შეტევისთანავე შეიპყრო.

მეოთხე მიზეზი, რაზეც The New York Times-ი საუბრობს არის ის, რომ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა, შესაძლოა, დაიჯერეს ჰამასის ლიდერების საუბარი, რომ თითქოს თავდასხმას არ აპირებდნენ. ჰამასის წევრებმა კი დიდი ალბათობით იცოდნენ, რომ ისრაელი მათ საუბრებს უყურადებდა და ამიტომ, შეცდომაში შეიყვანეს ისრაელის სპეცსამსახურები.

როგორც გამოცემა წერს, ოპერატიული სახის წარუმატებლობები და სისუსტეები ისრაელის უშიშროების სამსახურების ლოჯისტიკურ და სადაზვერვო შეცდომებთან ერთად აღმოჩნდა მიზეზი, რის გამოც ღაზის სექტორიდან სამხრეთ ისრაელში შეჭრა შესაძლებელი გახდა.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close