მიგრაციასაზოგადოებასაქართველო

ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა 43 ათასმა ადამიანმა დაკარგა

ბოლო 10 წლის განმავლობაში 43 488 ადამიანს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქის სტატუსი – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ პარლამენტის წევრ ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

მინისტრის წერილიდან ირკვევა, რომ 43 ათასიდან ნახევარზე მეტს (25 ათასი ადამიანი) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გახდა.

იუსტიციის სამინისტროს ანგარიშის თანამად, ყველაზე მეტ, 19 ათას ადამიანს მოქალაქეობა შეუწყდა 2013 წელს, ხოლო ყველაზე ცოტა, 680  ადამიანს – 2020 წელს.

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სტატისტიკა წლების მიხედვით, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამო:

  • 2013 წელს –  შეუწყდა 19,339 მოქალაქეს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 11,758 ადამიანს;
  • 2014 წელს –  შეუწყდა 4816 მოქალაქეს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 2874 ადამიანს;
  • 2015 წელს –  შეუწყდა 4571 მოქალაქეს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 2523 ადამიანს;
  • 2016 წელს –  შეუწყდა 2138 მოქალაქეს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 1071 ადამიანს;
  • 2017 წელს –  შეუწყდა 2575 მოქალაქეს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 1206 ადამიანს;
  • 2018 წელს –  შეუწყდა 1739 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 877 ადამიანს;
  • 2019 წელს –  შეუწყდა 1353 მოქალაქეს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 692 ადამიანს;
  • 2020 წელს –  შეუწყდა 680 მოქალაქეს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 252 ადამიანს;
  • 2021 წელს –  შეუწყდა 1194 მოქალაქეს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 354 ადამიანს;
  • 2022 წელს –  შეუწყდა 2077 მოქალაქეს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 1358 ადამიანს;
  • 2023 წელს –  შეუწყდა 3006 მოქალაქეს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 2189 ადამიანს.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად:

მუხლი 21. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;

ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს;

გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 21​1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა  საგამონაკლისო წესით მიენიჭა.

4. საქართველოს მოქალაქემ შეიძლება არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ეს საფუძველი მის გამოვლენამდე აღმოიფხვრა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 21​1. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

1. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

2. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

3. არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.

4. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close