ისრაელში მოკლულთა შორის სოხუმელი ებრაელი გოგოა – „მუდამ მოღიმარი და ქარიზმატული იყო…“
ებრაულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცით, „ჰამასის“ თავდასხმას 25 წლის ქართველი ებრაელი რახელ დოვი შეეწირა. იგი იმ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელიც ღაზის სექტორის საზღვართან ახლოს მიმდინარეობდა და რომელიც ტერორისტების მთავარი სამიზნე გახდა.
რახელი დედისერთა იყო. მამამისს, იოსეფ (სოსო) დოვის, 10 წლის წინათ შემთხვევით გასროლილი ტყვია მოხვდა და გარდაიცვალა.
ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაისტი, როშტილდების ფონდის მკვლევარი ლაშა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰამასმა სოხუმელი ქართველი ებრაელი გოგონა მოკლა.
„დღეს, 11 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ისრაელში დაკრძალავენ 25 წლის რახელს, სოხუმელ ქართველ ებრაელ გოგონას, რომელიც ტერორისტებმა მხეცურად მოკლეს და მისი ფოტო ფეისბუქზე ატვირთეს…“ – წერს ლაშა.
შეგახსენებთ, რომ, ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელში, „ნოვას“ მუსიკალური ფესტივალის ადგილზე 260-ზე მეტი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ტერორისტებმა ფესტივალის მონაწილეთა ნაწილი მძევლად აიყვანეს და მათი შემდგომი ბედი უცნობია.
ცნობილი გახდა, რომ 30 წლის გერმანელი ტურისტი ახალგაზრდა ქალი, შანი ლუკი, რომელიც უგონო მდგომარეობაში გაიტაცეს ჰამასის ბოევიკებმა, ცოცხალია და კრიტიკულ მდგომარეობაში ღაზის სექტორის მხარეს საავადმყოფოში იმყოფება.
კომენტარები