ქართველები უცხოეთშისაზოგადოებასაქართველო

8 ოქტომბრის შემდეგ ისრაელიდან საქართველოში 3000-ზე მეტი ადამიანი ჩამოფრინდა… რეისები შედგება, სანამ მოთხოვნა იქნება – ლაშა ჟვანია

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია ამბობს, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ ისრაელიდან საქართველოში 3000-ზე მეტი ადამიანი ჩამოფრინდა. როგორც ელჩმა „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „საქართველოს ავიახაზებთან“ დამატებითი რეისების დანიშვნის შესახებ, რადგან მოთხოვნა ჯერ კიდევ არის.

„8 რიცხვიდან დღევანდელ დღემდე 3000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა ისრაელიდან საქართველოში თელ-ავივი – ბათუმი, თელ-ავივი – თბილისი, თელ-ავივი – ქუთაისის მიმართულებით. ასევე, ტრანზიტული რეისებით, ავიაკომპანია „პეგასუსის“ საშუალებით, თურქეთის გავლით. ამ 3000 მოქალაქეში არიან როგორც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ისე ორმაგი მოქალაქეები და ნაწილი არის ისრაელის მოქალაქეები, რომელთაც ოჯახის წევრები ჰყავთ საქართველოში, ან უბრალოდ, გამოემგზავრნენ საქართველოში.

რეისების რაოდენობა საკმარისი არ იყო და ამიტომ დაემატა დღევანდელ და ხვალინდელ დღეზე „ჯორჯიან ეარვეისის“ დამატებითი რეისები. ამ რეისებზეც ბილეთები გაიყიდა დაუყოვნებლივ, მაშინვე, 20 წუთის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ დაემატოს კიდევ რეისები მომდევნო დღეებში, შეიძლება 13-14-15 ოქტომბერს. ასეთი რეისები შედგება, სანამ მოთხოვნა იქნება ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველთათვის. ბუნებრივია, აქცენტი კეთდება ჩვენს მოქალაქეებზე“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

დღეს დილით კი ელჩმა გადაცემა „მოამბის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ისრაელიდან ფრენა ხორციელდება მინიმუმ დღეში 4-ჯერ. ბოლო მონაცემებით, 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის დილამდე საქართველოში ისრაელიდან 3300 ადამიანი ჩამოფრინდა.

ამასთან, ელჩის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და, შესაბამისად, არც საელჩოში შესულა. საელჩოში მოქმედებს 4 ცხელი ხაზი და დიპლომატიური მისია მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებთან.

ცხელი ხაზის ნომრებია:

+972 526 919092;
+972 528 888513;
+972 547 386813;
+972 526 494293.
საქართველოს საგარეო უწყებამ 7 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილასაა და არაფერი დაშავებიათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close