ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო, ხოლო ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ხელისუფლების თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეუძლიათ „საომარ მოქმედებებზე გადასვლა“, რადგან ისრაელის კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამის ქმედებებზე გადასვლა ქვეყანას არ შეუძლია მანამ, სანამ ხელისუფლება არ მიიღებს გადაწყვეტილებსა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა უახლოეს დღეებში დახურული იქნება. შეზღუდვები 10 ოქტომბრის (სამშაბათი)18:00 საათამდე იმოქმედებს, თუმცა, სავარაუდოდ, გახანგრძლივდება.
ასევე, გარკვეული შეზღუდვებია მიღებული საჯარო სივრცეში შეკრებასთან დაკავშირებით – კერძოდ, ღია სივრცეში დაშვებულია მხოლოდ 10 ადამიანამდე შეკრება, ხოლო შენობაში – 50-მდე.
ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 300-ს აღემატება.
7 ოქტომბერს, გამთენიისას ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა ჰამასმა აიღო.
ისრაელის არმიამ საპასუხო ოპერაცია „რკინის მახვილები“ დაიწყო. ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორზე ავიაიერიშები უკვე განახორციელა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპერაციის პირველი ფაზა დასრულებულია და ჰამასის ძალების დიდი ნაწილი განადგურებულია.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა და 2300 დაიჭრა.
ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ „ისრაელი მძიმე და ხანგრძლივ ომში შედის“, თუმცა ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილი ბოევიკების დიდი ნაწილი ისრაელის არმიამ გაანადგურა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის ძალებმა უკვე დაიწყეს მზადება საპასუხო იერიშისთვის, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ მიზნებს არ მიაღწევენ. პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა მიზნებზეა საუბარი.
ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის არმია „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
ვიდეოში ჩანს პალესტინელებისა და ისრაელის სპეცრაზმის შეტაკება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
ნანა ძნელაძე
p. s. ჰამასის ბოევიკებმა გაიტაცეს გერმანიის მოქალაქე ტურისტი გოგონა, რომელიც ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ფესტივალ Nature Party-ზე იყო ჩასული. გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს უგონოდ მყოფი გერმანელი ტურისტი ჰამასის ბოევიკების გარემოცვაში. ვარაუდობენ, რომ შანი ნიკოლ ლუკი მოკლულია. დედამისმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ყველას სთხოვს, აცნობონ, თუ რამე იციან მისი შვილის შესახებ.
კომენტარები