დღის თემაპოლიტიკასაქართველო

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე

სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა – 30 წლის წინათ სწორედ ამ დღეს დაეცა სოხუმი.

სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ომი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის სამხედრო ძალები ჩაერთო.

სოხუმის დაცემამდე  2 თვით ადრე, 1993 წლის 27 ივლისს შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“. შეთანხმების თანახმად, ქართულ და აფხაზურ მხარეებს კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაეყვანათ, უნდა გასულიყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ძალებიც. ექსპერტთა შეფასებით, ეს შეთანხმება არსებულ სიტუაციაში, ფაქტობრივად, ქართული მხარის კაპიტულაციას ნიშნავდა.

ქართულმა მხარემ პირობა პირნათლად შეასრულა, სოხუმიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანა. აფხაზურ მხარეს კი ტექნიკა ტყეში ჰყავდა დამალული და სოხუმზე შეტევისთვის ემზადებოდა.

16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და იერიშზე გადავიდნენ. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. აფხაზებს რუსული ავიაცია უმაგრებდა ზურგს.

რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის ქართველი მერი გურამ გაბისკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს.

სხვადასხვა შეფასებით, აფხაზეთის ომის დროს 10 000-იდან 30 000-მდე ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ეთნიკური წმენდის შედეგად 250 000-ზე მეტი მკვიდრი ქართველი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

2008 წელს რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ: წერილი „მკერდმოჭრილ ამორძალს“

 წერილი „მკერდმოჭრილ ამორძალს“

29 წლის წინათ აფხაზეთში ნამღერი „მრავალჟამიერი“ – 29 წლის წინათ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close