სექტემბრის სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვისგან „სეპტემ“, რაც ქართულად შვიდს ნიშნავს. ეს თვე ძველ რომაულ კალენდარში რიგით მეშვიდე იყო, სანამ იულიუს კეისრის რეფორმა გატარდებოდა.
საქართველოში ახალი წელიწადი ამ თვით იწყებოდა, ამიტომ ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელია ახალწლისა, ხოლო ხალხური სახელწოდებით მას ენკენისთვეს უწოდებენ.
ენკენობა ქართული საერო დღესასწაული იყო და გასულ საუკუნეებში 26 სექტემბერს აღინიშნებოდა. ენკენობას იგივე ენკენიას ძველი დასტურები ახლებს გადააბარებდნენ თავიანთ მოვალეობას, ლეჩხუმში კი ენკენობა მთელ თვეს გრძელდებოდა.
„გვიან შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ლეჩხუმში, მურში (ლეჩხუმის ადმინისტრაციული ცენტრი) იმართებოდა ბაზრობა „ენკენობა“, მეზობელი კუთხეების მცხოვრებთა: სვანების, რაჭველების, იმერლების მონაწილეობით. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან ლეჩხუმურ ბაზრობას უფრო ოფიციალური და ფართო ხასიათი მიეცა სამეგრელოს მთავრის – დავით დადიანის ინიციატივით.
დავით დადიანს პირველად ბაზრობა სოფელ ოყურეშში გაუმართავს. მომდევნო წლებში „ენკენობა“ უკვე „იარმუკობის“ სახელწოდებით ცაგერში გადმოუტანიათ და ყოველთვის იქ იმართებოდა. იგი ერთ კვირას, ზოგჯერ ორ კვირას გრძელდებოდა. ბაზრობაზე მოდიოდნენ ლეჩხუმის ყველა სოფლიდან, მეზობელი კუთხეებიდან, ქვეყნის გარედანაც – ალანები და ყარაჩელებიც კი გადმოდიოდნენ ჩრდილო კავკასიიდან. გასაყიდად და გასაცვლელად მოჰქონდათ, რაც მათ ნამეტანი გააჩნდათ. „იარმუკობას“ მარტო საქონლის ყიდვა-გაყიდვის და გაცვლა გამოცვლის ფუნქცია როდი ჰქონდა. ეს იყო ზეიმი – პაექრობა, სხვადასხვა კუთხის ხალხების გაცნობის, დაახლოების და დამოყვრების ღონისძიება. ბაზრობაზე სტუმრებს და მასპინძლებს გასაცვლელ პროდუქტებთან და საქონელთან ერთად მიჰყავდათ დასაკლავები, ლეჩხუმელები ახვედრებდნენ ღვინოს, პურს და კეთილ გულს. იმართებოდა ნადიმი, იყო ცეკვა-თამაში და სიმღერები, სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობაში, მარულაში. ღონისძიების ორგანიზებას ყოველთვის სათავეში ედგა სხვადასხვა დროს – ლეჩხუმის თავი, სარდალ-მოურავი, მაზრის უფროსი. ლეჩხუმის „იარმუკობას“ დიდ ყურადღებას უთმობდნენ და მასში მონაწილეობდნენ სამეგრელოს მთავრები – დადიანები. ბაზრობა ტრადიციულად აქციეს და დიდი პატივი დადეს სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა და მისმა შვილმა, თავადმა ნიკო დადიანმა.
ლეჩხუმური „იარმუკობა“ არ გამორჩენია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ პრესას, განსაკუთრებით – „ივერიას“ და „დროებას“. „დროების“ ერთ-ერთ ნომერში ვკითხულობთ: „…ეს იარმუკა პირველად უკანასკნელს სამეგრელოს მთავარს სოფ. ოყურეშში დაუწესებია, მაგრამ ადგილის სივიწროვის გამო ცაგერში გადმოუტანია. იარმუკაზე სამეგრელოდან, ოსეთიდან და ბევრი იმერეთიდან იკრიბებიან. ოსეთიდან მოჰყავთ საქონელი: თხა, ცხვარი, აგრეთვე ცხენები, მოაქვთ ჩოხა და ნაბადი. ლეჩხუმიდან და ოდიშიდან: ხარი, ძროხა, ცხვარი, ქალამანი და სხვა წვრილმანობა. ლეჩხუმელი და სვანი ქალები კაცებზე მომეტებული არიან, მაგრამ ყველანი კი სავაჭროდ არ მოდიან, ზოგიერთი დროის გასატარებლად და საქეიფოდაც მოდიან, აქ ნახავთ ცხენოსნობას, ჯირითს და სხვა თამაშობას. წელს აქ იყო სამეგრელოს თავადი, მთავრის შვილი (ნიკო დადიანი), რომელმაც ძალიან ცხენოსნობა და მხიარულება გამოიჩინა“.
სწორედ ამ დღეობიდან მიიღო სახელწოდება შემოდგომის პირველმა თვემ და ხალხი მას ენკენისთვედ მოიხსენიებდა, ბევრისთვის უცნობი სახელწოდება ახალწლისა კი რატომღაც დავიწყებას მიეცა.
kartuli.kvira.ge
p. s. nostal.ge-სგან: ტერმინი „ენკენია“ მოდის ბერძნული სიტყვიდან «εγκαίνια», რაც განახლების, გახსნის, კურთხევის დღესასწაულს ნიშნავს. პირველად გამოიყენეს იერუსალიმში, გოლგოთის მთაზე ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევის 8-დღიანი დღესასწაულის აღნიშვნისას – ტაძარი ააგო კონსტანტინე დიდმა (I) და 335 წლის 13 სექტემბერს აკურთხეს. რადგანაც ეს მოვლენა სექტემბერში ხდებოდა, ქართულად სექტემბერს ენკენისთვე ეწოდა.
კომენტარები