სპორტი

„კოცნის სკანდალი“ ესპანეთში – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 3 თვით დაასანქცირეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გამართული დაჯილდოების ცერემონიის დროს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს ჯენიფერ (ჯენი) ერმოსოს ტუჩებში აკოცა. მსოფლიო მედიაში ამ „კოცნის სკანდალმა“ ის ფაქტიც კი გადაფარა, რომ ქალთა შორის ესპანელი ფეხბურთელები პირველად გახდნენ მსოფლიო  ჩემპიონები.

BBC წერს, რომ FIFA-ს დისციპლინურმა კომიტეტმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საფეხბურთო საქმიანობას 90 დღით ჩამოაშორა. ფიფას სანქცია ეხება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საფეხბურთო აქტივობებს. რუბიალესის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიის დროს ლუის რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს ჯენი ერმოსოს ტუჩებში აკოცა. იმის მიუხედავად, რომ რუბიალესი ამ საქციელის გამო მკაცრად გააკრიტიკეს, მან გადადგომაზე უარი განაცხადა.

რუბიალესმა თავდაპირველად ბოდიში მოიხადა, მაგრამ ახლა ამტკიცებს, რომ კოცნა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა და იგი „ცრუ ფემინისტების“ მიერ მოწყობილი კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლია.

FIFA-ს გადაწყვეტილებამდე ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) რუბიალესის მხარდამჭერი ტექსტი გაავრცელა, სადაც ერმოსო და მისი სახელით მოლაპარაკე ხალხი სიცრუეში დაადანაშაულა.

დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარის, ხორხე ივან პალასიოს გადაწყვეტილებით, რუბიალესის დასანქცირების განკარგულება დაუყოვნებლივ, 26 აგვისტოდან შევიდა ძალაში.

ქალ ფეხბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 20 აგვისტოს დასრულდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც სიდნეიში, სტადიონ „ავსტრალიაზე“ გაიმართა, ესპანელები ინგლისელებს დაუპირისპირდნენ, ანგარიშით 1:0 სძლიეს და ისტორიაში პირველად დაეუფლნენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close