მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

სიცოცხლისთვის საშიში ყველაზე შხამიანი ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად 800 000 ადამიანი სტუმრობს (ვიდეო)

შოტლანდიის სამხრეთ საზღვრებთან, ნორთამბერლენდის საგრაფოში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე საშიში ალნვიკის შხამიანი ბაღი (Alnwick Poison Garden).

დიდი ბრიტანეთის სიდიდით მეორე ციხის, ალნვიკის მახლობლად შხამიანი და ნარკოტიკული მცენარეების ბოტანიკური ბაღი 2005 წლიდან გაშენდა, თუმცა სამ ასეულ წელიწადს ითვლის მისი „წინაპარი“ ტრადიციული ინგლისური ბაღი, რომელიც ჰერცოგ ნორთამბერლენდის სასახლეს გარს აკრავს.

სხვათა შორის, სწორედ ეს სასახლე იყო „ჰოგვორტსის სკოლა“ „ჰარი პოტერის“ ფილმების პირველ ორ სერიაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სასახლე და მის ირგვლივ არსებული ბაღი განადგურების პირას მივიდა და მხოლოდ 1995 წელს გამოუჩნდა მას პატრონი, მისი ამჟამინდელი მემკვიდრე, 58 წლის ჯეინ პერსი (Jane Percy) – ჰერცოგინია ნორთამბერლენდი.

ჰერცოგინიას შესანიშნავი კომერციული ალღო აღმოაჩნდა და ჩვეულებრივი ბაღის მაგივრად „შხამიანი ბაღი“ გააშენა.

საშიში და უნიკალური – ეს ორი ცნება ჰერცოგინიამ მარკეტინგულ ხრიკად გამოიყენა, რომ ტურისტების ნაკადი მკვეთრად გაეზარდა და გამოუვიდა კიდევაც – ბაღს ყოველწლიურად 800 000 ადამიანი სტუმრობს.

მისი შთაგონების წყარო მე-16 საუკუნის იტალიური ქალაქი პადუა გახდა, სადაც ფლორენციის მმართველ გვარს, მედიჩებს „შხამიანი ბაღი“ ჰქონდათ გაშენებული და აშენებდნენ მცენარეებს, რომელთა საშუალებითაც უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად იშორებდნენ თავიდან მეტოქეებს…

21-ე საუკუნის „შხამიან ბაღში“ ტურები ტარდება – გიდები ვიზიტორებს უყვებიან თითოეული მცენარის ისტორიას და ლეგენდებს, უხსნიან, თუ რით არის საშიში ესა თუ ის მცენარე და რა ზიანის მოტანა შეუძლიათ ნარკოტიკებს.

ბაღი 24 საათი გაძლიერებული დაცვის ქვეშაა და იქ შესვლა მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით, გიდის თანხლებით შეიძლება.  ყოველ ფეხის ნაბიჯზე წარწერებია – „არ მიუახლოვდეთ“, „არ დაყნოსოთ“, „არ შეეხოთ“ და ყველა ეს წარწერა  მთავრდება სიტყვებით: „შხამიანია!“, „სიცოცხლისთვის საშიშია!“, „კლავს!“.

თუმცა აქაური მებაღეები ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა რომელიმე ურჩ ტურისტს მცენარე დაუყნოსავს და იქვე ბილიკზე დავარდნილა გულწასული, ან უფრო მძიმე მოწამვლა მიუღიათ, როცა „დაგემოვნება“ უცდიათ და ძლივს გადაურჩენიათ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close