საზოგადოებასაქართველო

„პირველი ხილული სასწაული ცეცხლის გარდამოსვლა იყო, რაც ჩვენ ვნახეთ აქ, საქართველოში!“- სასწაულმოქმედი ხატის მცველების აქამდე უცნობი ისტორიები

„პაციენტს, რომელიც კომაში იმყოფებოდა, ნათლიამ ხატის ასლი მიუტანა და თავთან დაუდო. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი იყო. უცებ ხედავენ, რომ თავის ფეხით გამოვიდა ოთახიდან – ბავშვს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო…“ – ხატის „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“ აქამდე უცნობი სასწაულები.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“,  რომელსაც ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს – რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა, აბსოლუტური ანალოგია ათონის მთაზე ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელსაც „პორტაიტისა“ (კარიბჭისა) ეწოდება.

ხატის მცველები „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ათონის მთაზე და იერუსალიმში თავიანთი მოგზაურობის შესახებ საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან და აცხადებენ, რომ „სიხარულის მომნიჭებელი” ხატს პატრიარქმა უწოდა:

მე და გიორგის ცოცხალი კონტაქტი გვაქვს ღვთისმშობელთან. ალბათ, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს ქრისტიანი – როცა ვინმე დახმარებას გვთხოვს, უკვე ვიცით, როგორ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავეხმაროთ.

არის შემთხვევები, როცა ადამიანს მივუთითებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ სულ სხვა რამეს აკეთებს და ეს ისტორია, სამწუხაროდ, ცუდად მთავრდება.

თითქმის ათი წელია, რაც ხატს – „დედოფალი“ დავაბრძანებთ, ადრეც მოგვმართავდნენ ხატის გამობრძანების თხოვნით.

ერთადერთი გამონაკლისი, კოვიდის პერიოდი იყო, როცა თავშეყრა იკრძალებოდა. პირველად, პატრიარქის კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში გამოვაბრძანეთ და მისივე კურთხევით, პერიოდულად, ხატს სამებაში ვაბრძანებდით.

პირველივე გამობრძანებიდან „დედოფლის” უდიდესი მადლი და სასწაულებრივი ძალა უამრავ მრევლს იკრებდა, უამრავი მომლოცველი მოდიოდა და იდგა თვალუწვდენელი რიგები.

უცხოელი მომლოცველებით სავსე სამი თვითმფრინავი ჩამოფრინდა წმ. კვირიკეს და ივლიტას ტაძარში ხატის მოსალოცად, მაგრამ არასდროს დაგვჭირვებია არავის დახმარება –  სტიქაროსნების ყოველგვარი ჯაჭვის და კორდონების გარეშე ვახერხებდით მორწმუნეთა მიღებას. ზოგადად, იმ პერიოდში სპეციალურად ჩამოდიოდნენ უცხო ქვეყნებიდან მომლოცველთა ჯგუფები ხატის მოსალოცად, მათ შორის, სასულიერო პირებიც

საკმაოდ რთული პროცესია ამდენი ხალხის მიღება, თუმცა არც ათი წელია ცოტა დრო და ჩვენც მივეჩვიეთ, არასოდეს ყოფილა ისე, რომ ცოტა ხალხი მოსულიყოს, როგორც კი  ხატის გამობრძანების შესახებ ინფორმაცია ჩნდება, რეგიონებიდანაც კი ჩამოდის ხალხი.

ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთვის, მიუხედავად დაღლისა და სირთულეებისა, მუდამ დღესასწაულის განცდა გაქვს მაინც, ზეიმის, რადგან იცი, რომ უამრავი მომლოცველისთვის ეს დღე ბედნიერების მომტანად იქცევა.

როცა ხატს მოილოცავენ, სრულიად სხვა სახეებს ვხედავ, ზოგი წამიერად ახერხებს მისვლას, მაგრამ ზუსტად გრძნობენ იმ მადლს, რაც ხატიდან უნდა მიიღონ, ბევრი ადამიანისთვის კი ეს სრულიად შოკია. „დედოფალთან” შეხვედრისას მომლოცველები ხვდებიან, რომ იქ ხდება რაღაც ისეთი, რაც ბევრს აქამდე არც გამოუცდია, ისინი ფიზიკურად გრძნობენ მადლს.

ვეხმარებით ყველას, ვინც გვთხოვს, მთავარია, მიმღები იყოს!

წლების მანძილზე დიდი გამოცდილების და სასწაულის მომსწრე გახდით….

ეს რთული გზა იყო, განსაკუთრებით თავიდან. რთული იმ თვალსაზრისითაც, რომ ვაწყდებოდით ისეთ დიდ სასწაულებს და მოვლენებს, რომლებიც ქრისტიანობის ისტორიის მანძილზე ალბათ იშვიათად მომხდარა.

ხედავ ისეთ საკვირველებებს, ბიბლიაში რომ ამოგიკითხავს და ცხადია, დასაწყისში ეს ემოციურად რთული იყო, დაუჯერებელი რამ, თუმცა, ამავდროულად, შენში იმოდენა რწმენაა, რომ ეს სასწაულიც, ცხადია, მისაღებია, რადგან უფალი ყოვლის შემძლეა.

ათი წელი ცოტა არ არის, მეტადრე მოვლენებით დახუნძლული წლები და შენც რაღაცნაირად მეტი მიმღებლობა გაქვს, სადღაც ეჩვევი კიდეც და როდესაც გეუბნებიან, რომ პრაქტიკულად მკვდარი ადამიანი რამდენიმე საათში ფეხზე დგება, შენთვის უკვე ეს მორიგი სიხარულია, რადგან ზოგჯერ დღეში შეიძლება ასეთი რამდენიმე შემთხვევა გაიგო.

ურიგოდ არ ვიცი ქრისტიანობის ისტორია და ამიტომ უფრო ცხადია ჩვენთვის, რომ ხატი „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” განსაკუთრებულად დიდი სიწმინდეა, რომელშიც უდიდესი ცხოველმყოფელობაა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა.

ამ უდიდესი ხატის ცხოვრებაში არის ისტორიები, რომელთა მსგავსიც არასოდეს ამომიკითხავს სადმე, ეს დიდი წყალობაა ჩვენი ხალხისთვის და, ზოგადად, ქრისტიანებისთვის.

დედის როლი თქვენს ცხოვრებაში?

როგორც ყველაფრის საფუძველი ნიადაგია, ასევეა ადამიანისთვის დედა. ჩემს აღზრდაში დედას დიდი წვლილი მიუძღვის. როცა დედა გახდა, გააცნობიერა, რომ თანამედროვე დროში უნდა აღეზარდა შვილები, ამიტომ სამსახურს თავი დაანება და მთელი დრო შვილებს დაგვითმო.

ყველაფერს აკეთებდა, რომ სწორი განათლება მოეცა ჩვენთვის. რომ ჩვენ ვყოფილიყავით კულტურის მატარებლები, რომ მის შვილებს ძალიან დიდი დიაპაზონი ჰქონოდათ აზროვნებისა და მას სრულიად გაცნობიერებული ჰქონდა ის, რომ  ზრდიდა ქვეყნის მომავალს.

ახლა ასეთი დედების პრობლემაც შეიქმნა, სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ შვილის აღზრდა გამოკვება, ჩაცმა და გაჯეტებია…

ბევრი მშობელი მხოლოდ დადებით ემოციებზე ზრდის შვილს...

ბავშვმა, რაღაც დოზით, ყველაფერი უნდა გამოცადოს, არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ბავშვი მხოლოდ დადებით ემოციებზე უნდა გაიზარდოს. ბევრი მშობელი ახალი მეთოდით ზრდის შვილს, რომელიც ჯერ არ იცის, რამდენად გაამართლებს.

უამრავი ადამიანისგან მესმის, რომ ბავშვი დაჰყავს ფსიქოლოგთან და თან ეს ისეთი ფორმით ხდება, რომ მე მგონი, უფრო „არობოტებენ“ ბავშვებს.

რა არის ბავშვობა? ესაა სილაღე, წუწაობა ზაფხულში, ხეზე ძრომიალი, რა ვიცი, რამდენი რამაა, რომელიც ბავშვს ავითარებს.

კაცობრიობას აღზრდის ისეთი მეთოდი ჰქონდა, რომელმაც გაზარდა: შექსპირი, სოკრატე, ბეთჰოვენი და უამრავი გენიოსი. ახალმა მეთოდებმა ვინ გაზარდა, ჯერ არ ვიცით. დიდი დრო უნდა გავიდეს, ამიტომ დედის როლი ბავშვის აღზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველა ქვეყანას საკუთარი კულტურა აქვს, შესაბამისად, როცა ადამიანი თავისი კუთხის და ქვეყნის კულტურას ჩამოსცილდება, გადასხვაფერებას იწყებს, თითქოს უკეთესს, მაგრამ გაურკვეველ მეთოდებს ნერგავს, არადა ამავე კულტურაშია ის აღზრდის მეთოდები, რომლებიც იმ სოციუმისთვის საუკეთესო შედეგის მომცემია.

შენ უნდა იყო განათლებული, კულტურის მატარებელი, რომ კარგი ცუდისგან განასხვაო. იცოდე, რომ უნდა განვითარდე, ბევრი რამ შეიძინო, უნდა გქონდეს უნარი თუნდაც იმისი აღქმისა, რომ სამყარო ძალიან საინტერესოა და ყველაზე დიდი მონაპოვარი მისი შეცნობაა.

ადამიანი მოსწყდა ბუნებას, ძაღლი ქუჩაში გავაგდეთ. ტრადიციები დავივიწყეთ, დაინგრა ის ჰარმონია, რომელიც იდეალურად იყო მოფიქრებული.

უამრავი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ მიწა-წყალს, რაც ძალიან მიხარია…

ერთ-ერთი პირველი, ჩვენ წავედით 2014 წელს. ეს ის წელი იყო, როდესაც ხატი „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” გამოჩნდა.

თქვენ რატომ გადაწყვიტეთ წასვლა?

ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ, ძირითადად, ადამიანად დარჩენა გვინდოდა. ადამიანი ხარ მაშინ, როდესაც შენ ღმერთის და, ზოგადად, სამყაროს იმ პირველ ჩანაფიქრს არ სცილდები. ყველას შეუძლია, ადამიანი იყოს იმ გარემოში, რასაც ბუნება და ჯანსაღი გარემო ჰქვია.

მალევე გამოჩნდა ხატი „დედოფალი“ და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი გავხდით, ბევრი გვეკითხებოდა რჩევებს და ბევრი ფიქრობდა უკვე ქალაქიდან სოფლად გადასვლას, რაც, როგორც თქვენ, მეც ძალიან მიხარია.

ქართველებს ბევრი კომპლექსი გვაქვს. როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ახალგაზრდა, თანამედროვე, პროგრესული კაცი, რომელსაც თან არ ესირცხვილება „ძროხის დანახვა“, წავედით აგარაკზე, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა მიტოვებული, ბევრი მიმდევარი გამოგვიჩნდა.

უამრავი რეპორტაჟი გაკეთებულა ამ წლების მანძილზე ჩვენი მამულიდან და ეს სხვებისთვისაც ძალიან დიდი სტიმული იყო, ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა იმ სილამაზით, რისი მიღწევაც ჩვენ შევძელით.

ყველაფერი კი მაინც იმით დაიწყო, რომ იერუსალიმიდან სტუმრებს ველოდით, წმინდა მიწაზე ხატი უკვე განდიდებული იყო და ჩვენთან ჩამოსვლა გადაწყვიტეს.

ბევრი არ გვიფიქრია, რა უნდა გაგვეკეთებინა და ხატისთვის „დედოფლის ბაღი” გავაშენეთ. დღეს ეს სივრცე ჩვენთვის, ამავდროულად, სამუშაო გარემოა, შემოქმედებითი სახელოსნო, ჩვენ ვქმნით ისტორიულ კოსტიუმებს, დოკუმენტურ ფილმებს, გვაქვს ფოტოგადაღებები.

უამრავი საინტერესო რამ ხდება ჩვენს მამულში, რაც, ცხადია, საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. სეზონზე თითქმის ყველა ტელევიზია ჩამოდის, რომ მაყურებელს ეს საოცარი სამყარო აჩვენოს. ჩვენ შევქმენით ის ესთეტიკა და კულტურა, რომლითაც დღეს ქართველები ამაყობენ და ეს ძალიან სასიხარულოა.

რა პროფესიის ბრძანდებით?

პროფესიით რეჟისორი ვარ, გიორგი კი მუსიკოსია (გიტარა), ტექნიკური განათლებაც აქვს. დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, სარეჟისორო ფაკულტეტი.

უმაღლესში ჩაბარებისთანავე ბევრი წარმატება მქონდა ჩემს პროფესიაში. მსოფლიოში, მე მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც 17 წლის ასაკში აკადემიური თეატრის სცენაზე სპექტაკლი დავდგი. ეს იყო, რუსთაველის თეატრში.

ეს მოხდა 1997 წელს, პროსპერ მერიმეს ყველაზე ცნობილი ნოველა „კარმენი“, რომლის დრამატურგიული ვერსიაც ჩემი ნამუშევარი იყო.

ამის შემდე, მეორე პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში მქონდა – პედრო კალდერონის პიესა, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის შედევრად ითვლება – „ცხოვრება სიზმარია“. ამ სპექტაკლისთვის უნიკალური კოსტიუმები შევქმენი.

დამიწერია მუსიკა სპექტაკლებისთვის და სტუდენტობის დროს კონცერტმაისტერიც კი ვიყავი ერთ სპექტაკლში. ასე რომ, ის წლები ძალიან სავსე იყო ხელოვნებით და ნიჭიერი ადამიანებით.

ანუ დიზაინერიც ბრძანდებით…

დიახ, ჩემი გაკეთებული კოსტიუმებია. მყავდა 5 მკერავი, რომელიც მეხმარებოდა, და მქარგველები. ამის შემდეგ საფრანგეთში, ავინიონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორთა საბჭოში მიმიწვიეს, რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევაა.

კოსტიუმებს გამოსაფენად იწვევდნენ ევროპის წამყვანი მუზეუმები. მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა ვენეციის ბიენალესთან – წარმოუდგენლად დუღდა ცხოვრება ხელოვნებაში!

პარალელურად ჩემი სულიერი ცხოვრებაც მიმდინარეობდა, ძალიან პატარა ვიყავი, დაწყებით კლასებში, როდესაც გაზეთში დაბეჭდილი გვერდებიდან მათეს სახარება ავაწყვე და ყოველდღე ვკითხულობდი.

ამას მოჰყვა ეკლესიური ცხოვრებაც, მაშინ ჯერ სულ რამდენიმე ტაძარი იყო მოქმედი და მრევლიც ცოტანი ვიყავით. წლებთან ერთად მეტ ცოდნასაც იძენ, გამოცდილებასაც და თუ სწორ გზაზე მიდიხარ, ცხადია, სულიერადაც იზრდები.

ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი პატრიარქის გვერდით გავატარე და მასთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ და, თამამად ვიტყვი, სულიერმა მეგობრობამ ბევრი რამ მასწავლა.

შემდეგ ღვთის ნებით მოხდა ისე, რომ ღვთისმშობლის უდიდესი ცხოველმყოფელი ხატის მცველი გავხდი და ცხოვრების არჩევანზე არც მიფიქრია, ხელოვნებას უნდა გავყოლოდი, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, თუ უფლის მიერ გამოჩენილ გზას… ცხადია, ეს გზა არ აღმოჩნდა იოლი.

უამრავ სასწაულს ჰყვებიან ხატზე…

სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რა ჩამოვთვალო. იერუსალიმში, მაგალითად, ერთ მომლოცველს ხატი „დედოფალი“ ესაუბრებოდა, ეს ზეთისხილის მთაზე მოხდა,

ეს კაცი ხატის წინ მუხლებზე დაეცა და წამოიძახა: „ის მე მესაუბრება, ღვთისმშობელი მესაუბრება!” როდესაც ვკითხეთ, თუ რა უთხრა მას ღვთისმშობლის ხატმა, მან ისეთი რამ გვითხრა ხატის ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ მცველებმა ვიცოდით და არავის ეცოდინებოდა, მეტადრე უცხო კაცს იერუსალიმში.

საქვეყნოდაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ღვთისმშობლის ხატის ასლებზე, რეპროდუქციებზე დედა ღვთისას ხელები თბილი აქვს და ამას ასიათასობით მომლოცველი შეიგრძნობს, მაგრამ ცხადია, ეს ფაქტი უკლებლივ ყველამ არ იცის მაინც.

იერუსალიმში როდესაც ვიყავით, აღდგომის ტაძარში იყო ერთი მორჩილი, სამოც წლამდე მამაკაცი, რომელსაც ვხვდებოდით, რომ დიდი განსაცდელები ჰქონდა.

ერთ დღეს ტაძრის ატრიუმში შეგვხვდა და გამოველაპარაკეთ, საკმაოდ პირქუში და უსიტყვო კაცი იყო, შემდეგ სანუგეშებლად ხატის ასლი მივეცით და საუბარი გავაგრძელეთ.

მორჩილმა არ იცოდა, რომ ხატს ხელები უთბებოდა და, შესაბამისად, არც ის, რომ ეს მხურვალება ზოგჯერ ძალიან მატულობს. საუბრისას უცებ ამ კაცმა ყვირილი დაიწყო: „ვიწვი, ვაიმე, ვიწვი! ფეხები სულ გამიცხელდა და ეს ცეცხლი ზემოთ ამოდის!“

ჩვენ მას ვუთხარით, რომ ეს ხატიდან მოდიოდა და დავამშვიდეთ. უცებ, როდესაც გაიაზრა, თუ რაოდენ დიდი ცხოველმყოფელობა და ნუგეში იყო ეს, ადამიანმა იერი იცვალა, თითქოს სახე გაუნათდა, გაებადრა და უდიდესი მადლიერებით აივსო.

როდესაც ხატს განსაკუთრებულ წმინდა ადგილებზე დავაბრძანებთ, ეს მხურვალება სულ მატულობს და მატულობს. წმინდა მიწაზე მოგზაურობის დროს ისე ხდებოდა, რომ, ძირითადად, გიორგი იღებდა ვიდეომასალას და ხატი მე მეპყრა.

როგორც კი მივუახლოვდებოდით რომელიმე წმინდა ადგილს, ხატი ისე გავარვარდებოდა, რომ გონების დაკარგვამდე მივყავდი ამ სიმხურვალეს, სამოსი ერთიანად ისე მისველდებოდა, როგორც წყლიანი ავზიდან ამოღებული, ჩვეულებრივ იწურებოდა. ამიტომ გამოსაცვლელი სტიქარი დამქონდა და ზოგჯერ ერთ ადგილას სამჯერ, ოთხჯერ ვიცვლიდი სამოსს. მომლოცველები ფოტოებს გვიღებდნენ, ხვდებოდნენ, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც არ ენახათ.

როდის დაიწერა „ღვთისმშობლის დაუჯდომელი“ და რატომ დაერქვა „სიხარულის მომნიჭებელი“?

„ღვთისმშობლის დაუჯდომელი“ 2015 წელს დაიწერა. და თავად ამ დაუჯდომელსაც ძალიან დიდი ძალა და მადლი აქვს, მომლოცველები კითხულობენ და უდიდეს შეწევნას იღებენ.

როდესაც „დაუჯომლის“ წერა დავასრულეთ, ხატი იმ დროს სამების საკათედრო ტაძარში იყო გამობრძანებული, შაბათი საღამო იყო და წესისამებრ ლოცვას პატრიარქი ატარებდა. სწორედ მაშინ შევედით მასთან საკურთხეველში და „დაუჯდომელი“ ვაჩვენეთ.

ხატის გამოჩენისთანავე მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. როცა ათონიდან ხატი ჩამოვაბრძანეთ, ეს ისტორია ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „კარიბჭეში“ გამოაქვეყნა.

ეს პატარა სტატია ხალხისთვის უდიდესი მოვლენა გახდა და ბევრმა დაიწყო ჩვენი ძებნა. დაახლოებით დეკემბერში პატრიარქთან შეხვედრა გვქონდა. უდიდესი ემოცია ჰქონდა ხატის ხილვისას – ეს ხატი უდიდეს სიხარულს მოუტანს საქართველოსო და „სიხარულის მომნიჭებელი“ უწოდა.

გააგრძელე კითხვა აქ: primetime.ge/news/kultura/exclusive

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close