არსებობს ერთი არსება, რომელიც ზაფხულის საღამოებს გვიშხამებს: კოღო. გარდა იმისა, რომ ზოგჯერ დაავადებები გადააქვთ, მათი ნაკბენი საკმაოდ უსიამოვნოა.
ალბათ ყველას გვყავს მეგობარი, რომელიც მთლიანად კოღოს ნაკბენებით არის აჭრელებული და მეორე მეგობარი, რომელსაც ერთი ნაკბენიც კი არ აქვს. ამის მიზეზი ის არის, რომ კოღოები საკბენად ადამიანებს სუნით ეძებენ და ზოგიერთ ადამიანს მათთვის უკეთესი სუნი აქვს. ჩვენი სუნი შეგვიძლია შევცვალოთ სუნამოთი, საპნით, კვების რაციონით და ა. შ. მაგრამ საინტერესოა, რომელი ასეთი ცვლილება დაგვიცავს კოღოს კბენისგან?
საპნის ბრენდი
ყველამ ვიცით, რომ საპონი სუნზე გავლენას ახდენს, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც ერთსა და იმავე საპონს იყენებენ, შეიძლება მაინც სხვადასხვანაირი სუნი ჰქონდეთ. წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ზოგიერთი ბრენდის საპნით დაბანა კოღოებს უფრო იზიდავს, ზოგიერთით კი – პირიქით, აფრთხობს. ზოგისთვისაც სულ ერთია, რომელი საპნით დაიბანს, კოღოებზე ეს გავლენას არ ახდენს.
ბანანი
ამ ზაფხულს კოღოების თავიდან ასარიდებლად შეიძლება ბანანზე უარის თქმა მოგიწიოთ. კვლევის მიხედვით, ზოგიერთ ადამიანს კოღოები ხელებზე უფრო კბენენ ბანანის ჭამის შემდეგ,
თუმცა ასე არ ხდება ყველა ხილის შემთხვევაში. იგივე მეთოდი გამოცადეს ყურძენზე, მაგრამ კოღოების მიზიდვის თვალსაზრისით რაიმე ცვლილება არ დაფიქსირდა.
ლუდი
2010 წელს ჩატარებულ კვლევაში გაზომეს, რამდენად ადვილად პოულობდნენ კოღოები ადამიანებს ლუდის ან წყლის დალევის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ლუდის დალევის შემდეგ ცდაში მონაწილეთა სხეულის სუნი კოღოებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა.
ამ მიმართულებით ცვლილება არ აღინიშნა წყლის დალევის შემდეგ. თუ ფიქრობთ, რომ ამ ზაფხულს ეს მსხვერპლი გიღირთ, მოგიწევთ ლუდზე უარის თქმა.
დეოდორანტი
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დეოდორანტებში შემავალი ნაერთი (იზოპროპილ ტეტრადეკანოატი) კოღოებს იგერიებს, რადგან ხელს უშლის დეოდორანტით დაფარულ ზედაპირზე დაჯდომაში. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევაში კანზე კოღოების დაჯდომა 56 პროცენტით შემცირდა. წარმოიდგინეთ, რამდენით ბევრ ნაკბენს ნიშნავს ეს.
ნიორი და ვიტამინი B
ბევრი ადამიანი კოღოების მოსაგერიებელ შინაურ მეთოდს მიმართავს -„ ჭამს ნიორს და იღებს ვიტამინი B-ის საკვებ დანამატებს. 2005 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნივრის ან პლაცებოს ჭამის შემდეგ ადამიანები კოღოებთან მოათავსეს. ჩაიწერეს კოღოების კბენის რაოდენობა და ვერანაირ მტკიცებულებას მიაგნეს, რომ ნიორმა კოღოები მოიგერია.
იმავე წელს ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის თანახმად, კოღოებისგან არც ვიტამინი B-ის საკვები დანამატები გვიცავს.
დიეთილტოლუამიდი
ტანსაცმლის დამუშავება ინსექტიციდებით
თუკი კოღოების მოსაგერიებელი საშუალების პირდაპირ კანზე წასმის იდეა არ მოგწონთ, შეგიძლიათ, ინსექტიციდი თქვენს ტანსაცმელს მიასხუროთ, მაგალითად, პერმეთრინი. ასე დამუშავებული ტანსაცმლის ტარება კოღოების მოგერიების ეფექტიანი საშუალებაა, რომელსაც არმიაშიც იყენებენ. კოღოები ხშირად დაუმუშავებელ ტანსაცმელშიც გვკბენენ, გარედან.
თუ ყველა ეს მეთოდი სცადეთ და კოღოები მაინც გკბენენ, ამის მიზეზი უკვე გენეტიკაა, რომელიც თქვენს სუნზე და, შესაბამისად, კოღოების მიზიდვაზეც ახდენს გავლენას.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.
ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge
პ. ს. nostal.ge, თავის მხრივ, ერთ რჩევას მოგცემთ: კოღოების მოსაგერიებლად გამოიყენეთ ევკალიპტის, პიტნის, სოჭის, ლავანდის ან მიხაკის ეთერზეთები (აფთიაქებში არის) და რამდენიმე წვეთი წაისვით მაჯებზე, კისერზე და ფეხებზე. კოღოები არ მოგეკარებიან. ყველაზე კარგი შედეგი მაინც მიხაკის ეთერზეთს აქვს, ის ანტისეპტიკიც არის და ნაკბენზეც შეგიძლიათ წაისვათ – უფრო მალე დაცხრება, ქავილიც მოგეხსნებათ და არ გასივდება.. მეტი ეფექტისთვის 2-3 ეთერზეთის შერევაც შეგიძლიათ. თუ სხეულზე წასმა არ გინდათ, მაშინ დააწვეთეთ დოლბანდზე ან ხელსახოცზე და თქვენ სიახლოვეს ავეჯს ან კარების ჩარჩოებს გაუსვით.
კომენტარები