იტალიაში დათვი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგა
დათვი იტალიური მართლმსაჯულების წინაშე… მისი სახელია ჯეიჯეი4 (JJ4). 5 აპრილს იგი ანდრეა პაპის დაესხა თავს და მოკლა. 26 წლის ბიჭი ჩრდილოეთ იტალიაში, ტრენტინოს ავტონომიურ პროვინციაში, მთის ბილიკზე მიდიოდა, როცა მდედრ დათვსა და მის სამ ბელს გადააწყდა.
დანაშაულიდან რამდენიმე დღეში დათვი მეტყევეებმა შეიპყრეს. პროვინციის ხელმძღვანელის ბრძანება მისი დახვრეტის თაობაზე სასამართლომ შეაჩერა, ცხოველი კი გალიაში ჩასვეს. რა ბედი ელის ამ კრიმინალს? უნდა მოკვდეს ჯეიჯეი4? თუ გალიაში დარჩეს? იქნებ რუმინეთში არსებულ დათვების ნაკრძალში გადაიყვანონ? ასეთი რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ტრენტინოს საზოგადოება.
როგორ შეუძლიათ ადამიანებსა და დათვებს კოჰაბიტაცია?
ეს უბედური შემთხვევა ეჭვქვეშ აყენებს იტალიაში დათვების რეინტროდუქციის (პოპულაციის აღდგენა – რედ.) პოლიტიკას. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „Life Ursus“-ის ხორცშესხმა ოცი წლის წინ დაიწყო, როდესაც მურა დათვების პოპულაცია ალპებში გადაშენების პირას აღმოჩნდა. ტრენტინოში სლოვენიიდან 10 დათვი ჩაიყვანეს. ამჟამად რეგიონში მათმა რაოდენობამ უკვე ასს მიაღწია, თუმცა ასეთ მატებას თან ახლავს ადამიანებთან კონფლიქტური შემთხვევების ზრდა: შვიდი თავდასხმა ადგილობრივ მოსახლეზე, შინაური საქონლის გაჩანაგება და ბოლოს – ანდრეა პაპის სიკვდილი. მანამდე, 2020 წელს, ჯეიჯეი4 თავს დაესხა ორ მონადირეს, რომლებმაც, ღრმა ჭრილობების მიუხედავად, გაქცევა მოახერხეს. გასული წლის გაზაფხულზე, მისი დაჭერისას, ტრენტინოს პროვინციის ხელმღვანელმა თქვა, რომ პროექტის წარუმატებლობის თავიდან ასაცილებლად და “Life Ursus”-ის თავდაპირველ მიზანთან (ამ ძუძუმწოვრების რაოდენობის 50 ინდივიდამდე მიყვანა) დასაბრუნებლად საჭიროა პროვინციის ტერიტორიიდან 70 დათვის გაყვანა. ამ დისკუსიაში თავად გარდაცვლილი ანდრეას პაპის დედაც მონაწილეობდა, რომელიც თავგამოდებით იცავდა ჯეიჯეი4-ის სიცოცხლეს: „არც ჩემი შვილი და არც დათვი დამნაშავე არ არის, დამნაშავეა ის ხალხია, ვინც ეს სიტუაცია შექმნა, დამნაშავეა პროექტის მენეჯმენტი, ვის გამოც მდგომარეობა კონტროლიდან გამოვიდა“, – განაცხადა ფრანკა პაპიმ.
ცხოველთა უფლებების დამცველების მობილიზაცია
ცხოველთა უფლებების დამცველების აზრით, დათვი, უბრალოდ, თავის ბელებს და ტერიტორიას იცავდა. „ჯეიჯეი4-ის პოპულაციის დასაცავად საჭირო იყო სათანადო ჰაბიტატში (ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის აუცილებელი გეოგრაფიული არეალი – რედ) მათი განთავსება, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაადგილებას მიჩვეული ცხოველის ამ ტერიტორიაზე მოშენება მისთვის სიკვდილის ან სამუდამო პატიმრობის მისჯას ხომ არ ნიშნავს?..“ – ამბობს ზოოლოგი ფილიპო ზიბორდი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სასამართლო პროცესის დროს, ცხოველთა უფლებების დამცველები სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ თუ ცხოველს სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანდნენ, ისინი მზად იყვნენ, ჯეიჯეი4-ს „ფარივით აფარებოდნენ“. მკვლელი დათვის ამბავმა ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მისი ისტორიის მიხედვით ფილმის გადაღება იგეგმება, რომლის ეკრანებზე გამოსვლას 2025 წელს ვარაუდობენ.
კომენტარები