ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ლატვიის ახალმა პრეზიდენტმა, რომელმაც ღიად განაცხადა თავის სექსუალურ ორიენტაციაზე, ფიცი დადო. ედგარს რინკევიჩსის ინაუგურაცია რიგაში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საზეიმო სხდომაზე გასულ შაბათს, 8 ივლისს გაიმართა.
ლატვიის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ედგარს რინკევიჩსი ქვეყნის მეშვიდე პრეზიდენტი გახდა. მან ამ პოსტზე ეგილს ლევიტსი შეცვალა. მანამდე იგი 12 წლის განმავლობაში, 2011 წლიდან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. რინკევიჩსი უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერით გამოირჩევა.
ახალმა პრეზიდენტმა ინაუგურაციის დროს თავის გამოსვლაშიც განაცხადა, რომ კვლავაც მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ლატვიის პრეზიდენტს, ძირითადად, ფორმალური როლი აქვს – ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის თითქმის მესამედი რუსულად მეტყველებს, იგი უფრო მეტად აზრის ლიდერად და გამაერთიანებელ ფიგურად მიიჩნევა. პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის წოდება აქვს, ხელს აწერს კანონებს, წარადგენს პრემიერს და უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი. ამავე დროს, მას შეუძლია ვეტო დაადოს კანონებს და რეფერენდუმი დანიშნოს ამა თუ იმ საკითხზე.
ბალტიისპირეთის ამ პატარა ქვეყნის (მოსახლეობა – 1.884 მლნ კაცი, 2021 წლის მონაცემი) 100-ადგილიანმა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ – სეიმმა რინკევიჩსი პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით აირჩია.
ედგარს რინკევიჩის მხარდამჭერი პოლიტიკოსები ხაზს უსვამდნენ მის პოლიტიკურ გამოცდილებას და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებას. ოპონენტები კი მისი სექსუალური ორიენტაციით აპელირებდნენ.
49 წლის ედგარს რინკევიჩსმა იმის შესახებ, რომ გეია, პირველად ღიად 2014 წელს განაცხადა და მას შემდეგ აქტიურად იცავს ლგბტ თემის უფლებებს. მან საინაუგურაციო სიტყვაში ახალგაზრდებს მოუწოდა, „დაამსხვრიონ მინის ჭერი“, რადგან, მისი აზრით, უთანასწორობა ლატვიის საზოგადოებაში სერიოზული პრობლემაა. „სოციალური განხეთქილება ჩვენს ქვეყანაში მეტისმეტად ღრმაა“, – თქვა მან.
ლატვიაში ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინება კანონით ნებადართული არ არის, თუმცა გასულ წელს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა კავშირი აღიარა.
ფიქრობდნენ, რომ ედგარს რინკევიჩსის გაპრეზიდენტება შესაძლოა, პრობლემა ყოფილიყო, თუმცა ასე არ მოხდა.
Valsts prezidents @edgarsrinkevics: “Savas prezidentūras laikā es iestāšos par modernas un stipras Latvijas izveidi, par tiesisku un taisnīgu Latviju, par tautas labklājību, par iekļaujošu un cieņpilnu sabiedrību. Un to iespējams mums visiem panākt, strādājot kopā.” pic.twitter.com/rbcysAUQdB
— Valsts prezidenta kanceleja (@Rigas_pils) July 8, 2023
ნატოს სამიტზე, რომელიც ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს, 11 ივლისს გაიხსნა, ლატვიას უკვე ედგარს რინკევიჩსი წარადგენს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები